"რენოსა" და "ნისანის" ალიანსი, ელექტრომობილების ბაზარზე ექსპანსიას აგრძელებს. ფრანგულმა კომპანიამ უკვე რამდენიმე ასეთი ავტომობილის წარმოება დაიწყო, იაპონური კი ჯერ მხოლოდ ერთს უშვებს და მერე როგორს - მისმა "ლიფმა" მსოფლიოსა და ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება (2011 წლის) მოიპოვა.

მაგრამ მალე ისიც გააქტიურდბა და პირველ რიგში, იმავე "ლიფის" რესტაილინგით დაიწყებს. შემდეგ, კომერციულ ავტომობილს, "ინფინიტის" პირველ ელექტრომობილის და პატარა საქალაქო მინი ელექტრომობილის წარმოებასაც შეუდგება.

განახლებულ "ნისან ლიფს" პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ. რესტაილინგი მას ევროპელი მყიდველის გემოვნების შესაბამისად ჩაუტარდება. გარდა ამისა, ავტომობილის ტექნიკური აღჭურვაც გაუმჯობესდება, რისი მთავარი მიზანიც, ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდაა. ავტომობილს "ნისანის" სანდრლენდს (ბრიტანეთი) ქარხანა გამოუშვებს. ამით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილის ფასს ლოგისტიკური ხარჯები აძვირებს, შესაძლებელი გახდება ელექტრომობილის ფასის შემცირებაც.

კომერციულ ავტომობილს დეტროიტში წარდგენილ კონცეპტუალურ e-NV200-ის საფუძველზე შექმნიან. ეს ავტომობილი 80-კილოვატიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 280 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც იძლევა. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. თუმცა, მისი სერიული ვერსია ალბათ "ლიფის" აგრეგატებით აღიჭურვება.
"ნისან ლიფის" აგრეგატებზევე აიგება "ინფინიტის" ელექტრომობილიც. მისი პროტოტიპია კონცეპტუალური მოდელი LE (ფოტოზე), რომელიც პირველად ახლახანს, ნიუ იორკის ავტო შოუზე გამოჩნდა. ოღონდ, "ინფინიტის" პირველ სერიულ ელექტრომობილს უფრო ტევადი აკუმულატორი და უფრო ეფექტური მისი დამმუხტავი ექნება. ამ ავტომობილით, "ინფინიტი" კონკურენციას "ტესლას" მოდელ S-ს გაუწევს.

რაც შეეხება მეოთხე ავტომობილს, ამ ეტაპზე მას "სიმბოლის" სახელით მოიხსენიებენ. მას კონცეპტუალური "პივოს" სტილში დაამზადებენ. რა აგრეგატებს გამოიყენებენ მისთვის, ამაზე ლაპარაკა ჯერჯერობით ძნელია.
 
 
ბრიტანულ საავტომობილო გამოცემა "ქარ მეგზინის" რეპორტიორმა ჯოჯრ კეჩერმა მოიპოვა "ფოლკსვაგენის" წარმოების გეგმა, რომელიც 32 ახალი ავტომობილის გამოშვებას ითვალისწინებს. ამ ამოცანის შესრულება, გერმანულ გიგანტს დასახულ მიზნამდე მიიყვანს, რაც მსოფლიო ბაზრის ლიდერობაა.

"ფოლკსვაგენის" ჯგუფის ამ ახალ ავტომობილებს, სამ ძირითად პლატფორმაზე დააფუძნებენ. ესენია MQB (ძრავის განივი განლაგებით), რომელიც უკვე შემუშავებულია და რომელზე დაფუძნებული ავტომობილიც (აუდი A3) უკვე გამოვიდა ბაზარზე. ეს პლატფორმა გამოდგება წინა და სრულამძრავიანი ავტომობილებისთვის (მალე მასზე დაფუძნებული ახალი გოლფიც გამოვა). მეორე პლატფორმაა MLB და მასში ძრავს გრძივი განლაგება აქვს. ამ შემთხვევაშიც, წამყვანი წინა ან ყველა ბორბალია. ეს პლატფორმა ძირითადად "აუდის" და "ბენტლის" ავტომობილებისთვისაა. მესამე პლატფორმაა MSB, რომელშიც ძრავი შეიძლება წინ, უკან, ან ბაზაში იყოს განლაგებული და ამ შემთხვევაში, წამყვანი ყველა, ან უკანა ბორბლებია. სწორედ ამ პლატფორმაზე აიგება "პორშე 960".

კეჩერის თქმით, ეს ავტომობილი ბაზარზე 2015 წელს გამოვა. იყო ვარაუდი, რომ ამ ავტომობილს ორ მოდელს, 911-სა და 918-ს შორის ნიშა უნდა შეევსო. მაგრამ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ "ფოლკსვაგენის" გეგმაში, 960 იმ სიაშია შეტანილი, რომლებიც MSB-M (ანუ, შუაძრავიან) პლატფორმაზე აიგება. იმავე გეგმაში აღნიშნულია, რომ ეს ოთხკარიანი კუპე, წყვილტურბოიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური, 6-ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება და მან კონკურენცია "ფერარის" შესაბამის მოდელს უნდა გაუწიოს.

აღსანიშნავია, რომ ამავე ავტომობილზე კეჩერი შარშანაც წერდა, თუმცა მაშინ ის უბრალოდ, შუაძრავიან კუპედ იყო მოხსენიებული, ანუ, კარების რაოდენობად ორი იგულისხმებოდა. მაშინ ფასზეც იყო ლაპარაკი და პორშე 960-ის დავარაუდ ფასად 200 000 ევრო სახელდებოდა.

გეგმის სხვა ნაწილში აღნიშნულია, რომ "ფოლკსვაგენი" ახალ CC-ს გამოუშვებს, "პასატის" ოჯახს კუპეს ვერსია დაემატება, ახალი "სკიროკო" შეიძლება ამერიკაშიც შევიდეს, "ეოსს" ალბათ შეცვლიან, "აუდი" მესამე თაობის TT-ს ამზადებს, რომელსაც უფრო მკვეთრი ფორმები ექნება, ასევე გამოვა A4-ის "e-კვატრო" ვერსია, იგივე სისტემით აღიჭურვება შემდეგი თაობის A6 და სხვა.
 
 
"მაზერატიმ" "კუბანგზე" უარი თქვა. ოღონდ, მხოლოდ სახელზე და არა ავტომობილზე, რომელიც ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. იტალიური კომპანია თავის პირველ ქროსოვერს წარმოებისთვის ამზადებს და მას პირველად დეტროიტში, 2014 წელს წარმოადგენს.

გამოცემა "ავტომოტივ ნიუს იუროპის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ავტომობილს სახელიც ახალი ექნება. ოღონდ, ჯერ უცნობია, მას კონცეპტუალურ ავტომობილთან საერთო ექნება რამე, თუ - არა.

სავარაუდოდ, "მაზერატის" ქროსოვერს "ჯიპ გრანდ ჩეროკის" ბაზაზე ააგებენ და ამერიკაშივე (ჯეფერსონ ნორთის ქარხანაში) გამოუშვებენ. რატომ უცვლიან სახელს, ამაზე გამოცემა არაფერს ამბობს. არადა, "კუბანგი" პეკინის ავტო შოუზეც წარადგინეს, სადაც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

გარდა იმისა, რომ ახალი "დიდი ჩეროკის" პლატფორმაზე აიგება, "მაზერატის" ახალ ავტომობილზე ბევრი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, ის იტალიური კომპანიისვე წარმოების ძრავებით და კომპანია "VM მოტორის" დიზელის აგრეგატით აღიჭურვება. რა მონაცემები ექნება ამ აგრეგატებს, ამას მოგვიანებით გავიგებთ
 
 
გამოცემა "ფორბსმა" მსოფლიოს 100 უდიდესი კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომელშიც 10 ავტომწარმოებელი კომპანია შევიდა. ეს სია იმითაა საინტერესო, რომ მასში შეყვანილი კომპანიების სიმდიდრე გაყიდვების, აქტივების, მოგების და საბაზრო ღირებულების კომბინირებული მაჩვენებლით დგინდება.

საავტომობილო კომპანიებს შორის მოწინავე პოზიცია "ფოლკსვაგენს" უკავია, რომელსაც ასეულში მე-17 ადგილი ერგო. მისმა გაყიდვების მოცულობამ 221 მილიარდი, მოგებამ კი 21.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. გერმანულ ჯგუფს მცირედით ჩამორჩა "ტოიოტა", რომელმაც სიაში 25-ე ადგილი მიიღო. მისი გაყიდვების მაჩვენებელი 228.5 მილიარდ დოლარს მისწვდა.

ავტომწარმოებლებს შორის მესამე, საერთო სიაში კი 37-ე ადგილი უკავია "დაიმლერს", რომლის აქტივების ღირებულებაც 188.7 მილიარდი დოლარია, საბზრო კაპიტალიზაცია კი - 66.3 მილიარდი დოლარი. 44-ე ადგილი უკავია "ფორდს", რომლის საბაზრო ღირებულებამაც 47.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. შემდეგია "ჰონდა", რომელიც ავტომობილების გარდა, მოტოციკლებსა და გენერატორებსაც აწარმოებს. მისმა აქტივებმა 137.7 მილიარდს მიაღწია.

ავტოკომპანიების მოწინავე ხუთეულის შემდეგ ადგილები ასე განაწილდა: მე-6 ადგილი "ბეემევს" უკავია, რომელიც დიდ სიაში 61-ე ადგილზეა, მას მოჰყვება "ჯენერალ მოტორსი" (63-ე), "ნისანი" (85-ე), "მიცუბიში" (95-ე), "ჰიუნდაი" (96-ე). "მიცუბიში" ასეულში შესვლას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ეს გიგანტი ელექტრონიკასაც აწარმოებს.

რაც შეეხება "ფორბსის" ტოპ ათეულს, სადაც ვერცერთი ავტოკომპანია ვერ შევიდა, იქ ნავთობკომპანიები დომინირებენ. პირველი "ექსონია", მოწინავე 12-ეულში სულ ხუთი ნავთობკომპანია შევიდა. სხვათა შორის, მათი ფინანსური სიძლიერე ნაწილობრივ სწორედ ავტომწარმოებლების ბიზნესის შედეგია.
 
 
ბრიტანულ გამოცემა "ქარ-ის" ცნობით, "მერსედეს-ბენცი" თავისი ავტომობილების სახელების სისტემის შეცვლას აპირებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შტუტგარტელები სულ უფრო აფართოებენ თავიანთ საწარმოო პროგრამას, რასაც სახელების (აბრევიატურების) ძველი სისტემა ვეღარ მიესადაგება.

ახლანდელ სისტემაში, გამის მთავარ მოდელებს ერთასოიანი სახელები აქვთ. მაგალითად, S-კლასი, G-ვაგენი. შემდეგ, გამა გაფართოვდა და ამ სახელებს CL და GL დაემატა. მაგრამ ამჟამად აღარც ესაა საკმარისი და შვაბიელთა გამაში გამოჩნდა ავტომობილები, რომლებსაც სახელად სამასოიანი აბრევიატურა აქვს - CLC, CLS. და სწორედ აბრევიატურების სიმრავლე, ხშირად დაბნევას იწვევს.

ამიტომ, სამქიმიანები ამ სახელების სისტემის კიდევ ერთხელ შეცვლას აპირებენ. კერძოდ, მხოლოდ სამ პრეფიქსს დატოვებენ, რის შემდეგაც: ასო G იქნება უგზოობის ავტომობილების და ქროსოვერების აღმნიშვნელი, C - კუპეებისა და კაბრიოლეტების, SL კი - სპორტული ავტომობილების. მაგალითად ავიღოთ, A-კლასის პლატფორმაზე ბაზირებული კომპაქტური ოთხკარიანი კუპე, რომელსაც მალე დებიუტი პეკინში ექნება. მისი სახელი იქნება CLA, ძველი სისტემით კი მისთვის CLC-ს დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ ახალი სისტემის შესაბამისად, აბრევიატურაში მეორე C მხოლოდ იმ ავტომობილებს შეიძლება ეწეროს, რომლებიც C-კლასის ოჯახს მიეკუთვნებიან.

ახალი სისტემის შესაბამისად, C-კლასის ბაზაზე გამოშვებულ კუპესა და კაბრიოლეტს CLC-ს დაარქნევენ, E-კლასის ბაზაზე კი - CLE-ს. კომპაქტური ქროსოვერის სახელი იქნება GLA, სუპერ ავტომობილ SLS AMG-ს კომპაქტურ ვერსიას კი სახელად SLR-ს დაარქნევენ.

აშკარაა, შტუტგარტელები ცდილობენ, თავიანთი მოდლების სახელები ყველასათვის გასაგები გახადონ, მაგრამ ამ მხრივ სირთულეები ახალი სისტემის დამკვიდრების შემდეგაც დარჩება. მაგალითად, ძნელი სათქმელია, რას დაარქმევენ A-კლასის ბაზაზე შექმნილ ორკარიან კუპესა და კაბრიოლეტს. არის ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში ასო B-ს გამოიყენებენ, რადგან A და B კლასის ავტომობილები ერთსადაიმავე, მოდულურ პლატფორმას ეყრდნობა.

მოკლედ, ეს სისტემა ჯერაც არაა ოფიციალურად შემოღებული და არაა გამორიცხული, მასში კიდევ რამე შეიცვალოს.
 
 
ავტომწარმოებელი Audi, გეგმავს, 2013 წელს თაყვანისმცემლებს TT-RS–ის ახალი თაობა წარუდგინოს. თუმცა, ჯერჯერობით ეს დიდებული მომენტი არ დამდგარა, გერმანელები მასზე გარკვეულ ინფორმაციას მაინც ავრცელებენ.

ავტოკონცერნის გეგმებში, TT-RS–ის უფრო ძლიერი ვარიანტის შექმნა შედის, რომელიც მიიღებს სახელწოდებას, TT-RS Plus. ავტომობილი უფრო მძლავრი, მსუბუქი და სპორტული იქნება, ვიდრე სტანდარტული მოდელები.

თავდაპირველი ინფორმაცია იუწყება იმას, რომ კომპანია ახალი მოდელის წონას შეამსუბუქებს, 60 კილოგრამით. რაც შეეხება ძრავს, იგი ხუთცილინდრიანი, 2,5 ლიტრიანი ტურბოაგრეგატით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 380 ცხენის ძალას წარმოადგენს. რაც წინამორბედებთან შედარებით 20 ცხენის ძალით მეტია.

droni.ge
 
 
ნიუ-იორკის ავტო შოუზე, ამერიკულმა კომპანია "ფისკერმა" საშუალო ზომის პლაგ-ინ ჰიბრიდული სედანი "ატლანტიკი" წარადგინა, ავტომობილი, რომელიც მის სამოდელო გამაში პირველი მასობრივი პროდუქტი გახდება. ავტომობილის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ის ახალგაზრდა მყიდველისთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა ფასეული სიტყვებია.

მართალია, "ატლანტიკი" ერთი შეხედვით ორკარიან კუპეს ჰგავს, თუმცა ის ოთხკარიანი სპორტული სედანია. ასეთი შთაბეჭდილება იმ მარტივი მიზეზის გამო იქმნება, რომ უკანა კარების სახელურები საყრდენებშია ჩამალული. თავისი გაბარიტებით, (შემცირებული გაბარიტების "კარმას" მოგაგონებთ) "ატლანტიკი" ახლოსაა "აუდი A5"-თან. საინტერესოდაა გადაწყვეტილი ავტომობილის სახურავი, რომელიც თითქმის გამჭვირვალეა. გამჭვირვალე სახურავში კი საყრდენებს შორის არსებული გამაძლიერებელი ჯვარედინი სტრუქტურა მოჩანს.

რამდენადაც ნიუ იორკში წარდგენილი ავტომობილი მხოლოდ დიზაინ-მაკეტია, "ფისკერს" მის შესახებ სპეციფიკური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ გვამცნო, რომ "ატლანტიკი" 50 000 დოლარის ფარგლებში ეღირება, ანუ მოდელ "კარმაზე" თითქმის ორჯერ იაფი.

"კარმას" მსგავსად, "ატლანტიკიც" პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ავტომობილს მოძრაობის დროს შეუძლია გადაერთოს მხოლოდ ელექტრონულ, ან შიდაწვისძრავიან რეჟიმზე. ამასთან, როცა აკუმულატორი დაიცლება, ავტომატურად ირთვება შიდაწვის ძრავასთან დაკავშირებული გენერატორი, რომელიც აკუმულატორებში ელექტროენერგიის მარაგს ავსებს.

თუ "კარმას" ჰიბრიდულ სისტემაში, "ჯენერალ მოტორსის" წარმოების, ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი შედის, "ატლანტიკის" შემთხვევაში, ასევე 2.0ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი (ბენზინზე მომუშავე) "ბეემვესგან" არის აღებული. "ატლანტიკის" სტანდარტული ვერსია უკანა წამყვანი ბორბლებითაა, თუმცა "ფისკერი" მყიდველს ასევე სრულამძრავიან ვერსიასაც შესთავაზებს.

კალიფორნიული კომპანია "ატლანტიკს" დელავერის ქარხანაში გამოუშვებს, რომელიც ადრე "ჯენერალ მოტორსს" ეკუთვნოდა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით, "ფისკერი" ამ ქარხანას მოდერნიზაციას უტარებდა, თუმცა ახლახანს სამუშაოების დაფინანსება შეწყდა. თუმცა, სიენენთან საუბრისას, კომპანიის დამაარსებელი ჰენრი ფისკერმა განაცხადა, რომ კერძო ბიზნესიდან 400 მილიონი დოლარი მიიზიდა, რაც წარმოებისთვის "ატლანტიკის" მომზადებაში დაეხმარება.

ჰენრი ფისკერი გვპირდება, რომ "ატლანტიკის" შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, მისი სერიული წარმოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებს.
 
 
როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ყველასა და ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასეა ავტომობილებშიც. რაოდენ პოპულარულიც უნდა იყოს ესა თუ ის მოდელი, მას შეცვლის დრო აუცილებლად დაუდგება. და თუ "უოლ სტრიტ ჯორნელის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ცვლილების დრო "ფორდ მუსტანგსაც" დაუდგა.
გამოცემამ დაუსახელებელი წყაროსგან, რომელიც "ფორდის" გეგმებს იცნობს, მიიღო ინფორმაცია, რომ მე-6 თაობის "მუსტანგი", რომელიც 2014 წელს უნდა გამოვიდეს (როცა ამ მოდელს 50 წელი შეუსრულდება), აღარ შესრულდება რეტრო სტილში და ის თანამედროვე გარეგნობას მიიღებს.

"უოლ სტრიტ ჯორნელის" წყარო ამბობს, რომ ახალი "მუსტანგი" შეინარჩუნებს ზვიგენის ცხვირის ფორმის მქონე რადიატორს, როგორც ეს კლასიკურ მოდელზეა. სამაგიეროდ, ის უფრო "ფორდ ფიუჟენს" დაემსგავსება, ვიდრე ახლანდელ "მუსტანგს".

უფრო მეტიც, ინფორმაციის წყარო, რომელსაც ახალი "მუსტანგის" მაკეტი აქვს ნანახი, ამბობს, რომ "ეს ავტომობილი ძალიან ჰგავს კონცეპტუალურ "ევოსს", რომელიც ამერიკულმა კომპანიამ შარშან, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა. ამ ავტომობილს ოთხივე კარი თოლიას ფრთის სტილში ეღება, თუმცა "მუსტანგის" შემთხვევაში, მას ორი კარი ექნება და ისინი ალბათ ჩვეულებრივად გაიღება.

მიზეზი, რის გამოც "ფორდი" თავისი პოპულარული მოდელის რადიკალურ სახეცვლილებას აპირებს, რეტრო სტილის პოპულარობის დაკარგვაშია. ამასთან, მეხუთე თაობის "მუსტანგი" მეტისმეტად დიდიცაა. ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ მისი გაყიდვები 2006 წლის 166 530-დან შარშან 70 438-მდე დაეცა.

"ფორდის" მარკეტოლოგთა გათვლებით, ახალი "მუსტანგი" ეგრეთ წოდებული Y თაობის მყიდველისთვისაა გათვალისწინებული, რომელიც 1980-1999 წლებშია დაბადებული. ამერიკაში ამ თაობის 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი "მუსტანგი" გლობალური მოდელი იქნება და გაცილებით დიდ ბაზარზე გავა, რაც მის პოპულარობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
 
 
"სიტროენი" წარმოებისთვის თავის ახალ ფლაგმანს ამზადებს, რომლის კონცეპტუალური ვერსიას, სახელად "ნუმერო 9", პირველად პეკინის ავტო შოუზე წარადგენს. ადრე იყო ვარაუდი, რომ ამ ავტომობილისს ახელი DS9 იქნებოდა, მაგრამ პეკინში ასე არ იქნება. თუმცა "სიტროენი" გვპირდება, რომ ეს ავტომობილი DS სამოდელო ხაზს მიეკუთვნება.
"სიტროენის" მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ "ნუმერო 9" კომპანიის განახლებული კორპორატიული სტილის პირველი ნიშანია, რომლის ელემენტებსაც DS ხაზის შემდგომ სამ მოდელზე შევნიშნავთ. ამ სამს შორის ერთი C-სეგმენტის პრემიუმ სედანი იქნება, მეორე უგზოობის ავტომობილი და მესამე - D-სეგმენტის (საშუალო ზომის) ბიზნეს სედანი.

ამჟამად "სიტროენის" DS-ხაზი მხოლოდ სამ ავტომობილს - მინი ჰეჩბეკ DS3-ს, კომპაქტურ ჰეჩბეკ DS4-ს და მოზრდილ ჰეჩბეკ DS5-ს მოიცავს. ამ ავტომობილების წარმოებიდან ორი წელია გასული და ფრანგულმა კომპანიამ მთელს მსოფლიოში უკვე 200 000 ცალის გაყიდვა მოასწრო.

რელიზში "სიტროენი" არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ნუმერო 9" მალე კონვეიერზე დადგება. თუმცა, კომპანიის არაერთ მაღალჩინოსანს ნათქვამი აქვს, რომ მათს კომპანიას ფლაგმანი მოდელის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. "ნუმერო 9" სწორედ ფლაგმანის შესაფერისი გარეგნობით და გაბარიტებით გამოირჩევა.

ეს ავტომობილი არის კონცეპტუალური "მეტროპოლისის" შთამომავალი, ავტომობილისა, რომელიც "ორმაგმა შევრონმა" ორი წლის წინ, ასევე პეკინის ავტო შოუზე წარადგინა. ოღონდ, მისგან განსხვავებით, "ნუმერო 9-ს" ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარა, ანუ ჰეჩბეკის სტილის უკანა ნაწილი აქვს. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.93 მეტრი, სიგანე 1.94 მეტრი, სიმაღლე 1.27 მეტრი, ბაზა კი 3.00 მეტრი. შედარებისთვის, "მეტროპოლისის" სიგრძე 5.30 მეტრია. თუმცა, "ნუმერო 9" "მერსედეს-ბენცის" E-კლასის სედანზე გრძელიცაა და განიერიც.

"ნუმერო 9" ჰიბრიდული ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, რომელშიც, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, შიდაწვის ძრავი შეიძლება იყოს ან ბენზინზე მომუშავე, ან - დიზელზე. მასთან კომბინირებულად მუშაობს ელექტროძრავი, რომელიც უკანა ბორბლებს ემსახურება. მისი სიმძლავრე 70 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 200 ნიუტონმეტრი. ამგვარად, ავტომობილი სრულამძრავიანია (შიდაწვის ძრავი წინა ბორბლებს ემსახურება).

ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც მხოლოდ 50 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. სამაგიეროდ, მათი სრული დამუხტვა 3.5 საათში ესწრება. პეკინისთვის მომზადბული "ნუმერო 9-ს" ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი შევიდა, რომელიც 225 ცხენის ძალას და 275 ნიუტონმეტრს იძლევა. ამ ჰიბრიდული სისტემით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ს 5.4 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 244 კმ/სთ-ია. თუ ელემენტებში დაგროვილ ენერგიას მძროლი სრულად აითვისებს, მაშინ კომბინირებული ციკლით (ქალაქი/მაგისტრალი) 100 კილომეტრის გასავლელად 1.7 ლიტრი ბენზინი ეყოფა.

დაბოლოს, ვერ გაგაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ "ნუმერო 9" ჰიდრავლიკური, აქტიური საკიდარითაა აღჭურვილი.
 
 
"ფიატმა" გამოაცხადა, რომ მის ჯგუფში შემავალი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია "მაზერატი" თავის საწარმოო პროგრამას გააფართოებს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კომპანია ბაზარზე სამ ახალ მოდელს გამოიტანს.

ტურინულმა კომპანიამ ამ მოდელების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გამოაქვეყნა, თუმცა ცნობილია, რომ მათგან ერთი უგზოობის "კუბანგია", რომლის კონცეპტუალური ვერსიაც შარშან, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. მეორე იქნება საშუალო ზომის სპორტული სედანი, რომელიც კონკურენციას "ბეემვეს" მე-6 სერიის "გრან კუპეს" და "მერსედესის" CLS-ს გაუწევს. მესამე ავტომობილია დიდ სედან "კვატროპორტეს" შემდეგი თაობის მოდელი.

"მაზერატი" აცხადებს, რომ ახალი ავტომობილების გამოშვებით, წლიური წარმოების მოცულობა თანდათან მიაღწევს 50 000-ს. მაგრამ ამ მოცულობის ათვისება არ შეუძლია მოდენაში არსებულ ქარხანას, რომელიც ქალაქში მდებარეობს და ამის გამო, გაფართოების რესურსი არ გააჩნია. ამიტომ, "მაზერატი" "ბერტონეს" ქარხანას გამოიყენებს, რომელიც "ფიატმა" ორი წლის წინ გამოისყიდა და რომლის მოდერნიზებასაც 500 მილიონი ევრო მოახმარა.

მართალია, მოდენას ქარხნის შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ ერთ წელიწადში "მაზერატი" იქ "ალფა რომეოს" ერთ ავტომობილს გამოუშვებს. "მაზერატი" არ აკონკრეტებს ამ ავტომობილის სახელს, თუმცა გამოცემა "ავტომოტივ ნიუს იუროპის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს 4C იქნება, რომლის პრემიერაც ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე შედგა. მოდენას ქარხანა წლიურად მხოლოდ 2 500 ცალ 4C-ს გამოუშვებს.

4C არის კომპაქტური ორადგილიანი კუპე, რომელსაც ძრავი ბაზაში აქვს მოთავსებული. ეს არის 1.75-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც უკანა ბორბლებს ატრიალებს. ამასთან ეს იქნება პირველი ავტომობილი, რომლითაც "ალფა რომეო" ამერიკის ბაზარს დაუბრუნდება. ევროპაში მისი საბაზო ღირებულება 50 000 ევრო იქნება.