ნარკომანია დაძლეულია? 03/02/2012
უკანსაკნელი დღეების განმავლობაში ოფიციალური სტუქტურები აცხადებენ, რომ საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. სახელდება ციფრიც - 53 პროცენტი. დამეთანხმებით, ძალზე მაღალი მაჩვენებელია და არ შეიძლება არ გაგიხარდეს ასეთი კლების ტენდენცია. თუ ისევ ციფრებით ვისაუბრებთ - ალბათ, გახსოვთ, რომ სულ რაღაც 3-5 წლის წინ ადგილობრივი ,,ექსპერტები” (ძალზე ხმამაღალი ნათქვამია - ავტორი) და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა სიხშირით მომხმარებელთა რაოდენობა 150-250 ათასის შუალედში მერყეობდა, რომელთა შორის, სადღაც 10 -12 პროცენტი აღრიცხული იყო ნარკოლოგიურ სამსახურებში. ამ ციფრების დაწერამდე კიდევ ერთხელ გადავამოწმე ინფორმაცია ინტერნეტში და აღმოვაჩინე, რომ ნარკომომხმარებელთა აღნიშნული რაოდენობა სახელდება 1998 წლიდან და ბოლოს, რაზეც ხელი მიმიწვდა, დაახლოებით 200 ათასი მომხმარებელი დაფიქსირდა 2010 წელს. უფრო ახალი ინფორმაცია სამწუხაროდ ვერ მოვიძიე. რატომ ვამახვილებ ასეთ ყურადღებას ამ ციფრებზე? მოდით მივყვეთ ლოგიკას, რომელიც სწორედ აღნიშნულ ციფრებს ეყრდნობა 150-250 ათასის შუალედი 200 ათასია, მოდით ჩვენც ჩავთვალოთ, რომ საქართველოში სულ ახლო წარსულში 200 ათასი ნარკომომხმარებელი იყო. როგორც, ოფიციოზი ამტკიცებს - ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა 53 პროცენტით შემცირდა, 200 ათასის 53 პროცენტი კი 106 ათასია! ანუ, 106 ათასი ადამიანი დღესდღეობით აღარ მოიხმარს ნარკოტიკებს. სიმართლე გითხრათ, თავად ეს ციფრები თავიდანვე ილუზიისა და გარკვეული იდუმალების საფუძველს იძლევა, ამაზე ოდნავ ქვემოთ, ახლა კი გავაგრძელოთ მსჯელობა - ნარკომანიით დაავადებულთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია 2 ძირითადი გზით: 1. ნარკომომხმარებლები აღარ მოიხმარენ ნარკოტიკს 2. ნარკომომხმარებელთა რაოდენობას აღარ ემატებიან ახალი მომხმარებლები (ძირითადათ, 17-25 წლის პირები) იგივე დასკვნაში ოფიციოზი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირების უმთავრესი მიზეზია ახალი ნაკადების, ანუ ახალი ნარკომომხმარებლების რაოდენობის საგრძნობი შემცირება. და თუ ეს ასეა (ღმერთმა ქნას ასე იყოს!) ჩვენი მსჯელობა ისევ იმ ციფრებზე უნდა დავიყვანოთ, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. 106 ათასით შემცირდა ნარკომომხმარებელთა რაოდენობა. შესაბამისად, დარჩა 94 ათასი ნარკომომხმარებელი დავსვათ კითხვა: სად წავიდა 106 ათასი ადამიანი, რომელიც სულ ახლახან ნარკოტიკს მოიხმარდა? შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: - ნაწილი იხდის სასჯელს და ვინაიდან დღესდღეობით პენიტენციალური სისტემა თავისუფალია ნარკოტიკებისაგან - შესაბამისად ეს ნაწილიც არ მოიხმარს ნარკოტიკს. ჩემი აზრით, ასეთი სადღაც 10-12 ათასი ადამიანი უნდა იყოს! შეიძლება მეტიცაა, მაგრამ არც იმდენად, რომ რაიმე სურათი ძირფესვიანად შეცვალოს. ჩვენც დავწეროთ მიახლოებითი ციფრი - 15 ათასი! - მეორე, ამ 106 ათასი ადამიანიდან (ყოფილი ნარკომომხმარებლიდან) დავუშვათ ყველაზე დიდი და ამავე დროს ყველაზე არარეალური ციფრი და ვთქვათ, რომ 20 პროცენტი გარდაიცვალა (ჰეპატიტი და ნარკომანიით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები) - ამ ყოვლად მიუღებელი ცდომილების დაშვებით გამოგვდის 21200 ადამიანი, დავამრგვალოთ და ვთქვათ 22 ათასი - მესამე, ქვეყანაში მოქმედებს მეტადონური ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც თავად საქართველოში დანერგილი მიდგომების გამო - გაცილებით დიდ საფრთხეს მოიცავს (ამ თემას აუცილებლად მივუბრუნდებით მომავალში). ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი მონაცემებით ამ პროგრამაში 1000-1500 პირი უნდა იყოს გაერთიანებული. დავამრგვალოთ და დავამატოთ რაც არ ვიცით - გავხადოთ ეს ციფრი 3 ათასი - მეოთხე, საქართველოდან მოსახლეობის გადინებას მოჰყვა ნარკომანიით დაავადებული პირების გადინებაც. ძირითადად, უკრაინაში, რუსეთში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში (გერმანია, საბერძნეთი). ჩემი ვარაუდით - ეს სულ რაღაც 5-8 ათასი პირი უნდა იყოს. დავამრგვალოთ და ავიღოთ - 10 ათასი ნარკომანი! ამ ოთხი ჩამონათვალიდან გამომდინარე - 106 ათასი ყოფილი ნარკომანიდან - ჩვენი დაახლოებითი გამოთვლებით - 15 ათასი ციხეშია, 22 ათასი გარდაიცვალა 3 ათასი ჩანაცვლების პროგრამაშია ჩართული, 10 ათასი ქვეყნიდან არის გასული რაც ნიშნავს, რომ ჩვენთვის გასაგებია დაახლოებით 50 ათასი ყოფილი ნარკომანის ბედი! 106 ათასს გამოვაკლოთ 50 ათასი უდრის 56 ათასს! რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ დღესდღეობით საქართველოში 56 ათასი პირია, რომელიც სულ რაღაც 2-3 წლის წინ ნარკომანიით იყო დაავადებული! ზუსტად, აქედან იწყება ჩემი შეკითხვებიც: პირველი და უმთავრესი: სად არის და როგორ გადაეჩვია ეს 56 ადამიანი ნარკოტიკულ საშუალებებს? მკურნალობით? - თუ გავითვალისწინებთ, რომ ნარკოლოგიურმა სისტემამ საქართველოში განვითარება ვერ ჰპოვა - ეს ნაკლებად სავარაუდო კი არა, სრულიად მიუღებელი ვარიანტია! რეაბილიტაციით? - მაშინ როდესაც საქართველოში რაბილიტაციის კერები საერთოდ არ არსებობს! - ასე, რომ ეს ვარიანტიც გამორიცხულია! ამ პირთა თვითშეგნებით? - თუ გავითვალისწინებთ ნარკომანიის ბუნებას და იმ ფსიქო-ფიზიოლოგიური ძვრებს, რასაც ნარკოტიკი იწვევს - მხოლოდ უმცირესობას აქვს შესაძლებლობა თავად მოერიოს ამ პრობლემას, ეს ციფრი ვერ იქნება 3-8 პროცენტზე მეტი! დამეთანხმებით - საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის 56 ათასი ძალზე დიდი ციფრია და შეადგენს დაახლოებით ყოველ 55-ე საქართველოს მოქალაქეს. აქ რამოდენიმე ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ: 1. ,,ექსპერტული” გათვლა, რომ საქართველოში სხვადასხვა სიხშირით ნარკოტიკულ საშუალებას 150-250 ათასი მოქალაქე მოიხმარს არის გაბერილი ციფრები! 2. საქართველოში ნარკომანთა რიცხვი მართლაც შემცირდა, მაგრამ არა 53 პროცენტით. იცოდნენ რა რომ დღემდე ქვეყანა გაბერილი ციფრებით სარგებლობდა - დღესდღეობით დასახელდა რეალური მაჩვენებელი, ხოლო სხვაობა გაბერილსა და რეალურს შორის აქტივში ჩაიწერეს! ამ თემაზე ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვევა. ჩემი დღევანდელი დაინტერესება კი ისაა, რომ გავარკვიო სად და როგორ: - გახდა 56 ათასი ადამიანი ,,ყოფილი” ნარკომანი და რა ხდება რეალურად ამ მიმართულებით - ჩვენი გამოთვლებით ქვეყანაში კვლავაც უნდა იყოს დაახლოებით 94 ათასი ნარკომანიით დაავადებული პირი! სწორედ ამ ორ საკითხზე ვამახვილებ თქვენს ყურადღებას: ის, რომ საქართველოში დღესდღეობით 94, დაახლოებით 100 ათასი ნარკომანიით დაავადებული პირია - ეს სრულიად რეალურად მეჩვენება. თუმცა, შეიცვალა თავად ნარკომანიის ბუნება. დღეს უკვე ძნელად ხელმისაწვდომია ჰეროინი, მეტადონი და სხვა მძიმე სახის ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული ნივთიერებები. სწორედ ამიტომ, დღეს სახეზე გვაქვს სუფთა წყლის ტოქსიკომანია, რომელიც გამოიხატება კუსტარული წესით ნაერთების დამზადებაში (,,ვინტი”, ,,კრაკადილი” და ა.შ.) და სხვადასხვა ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებით! როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გაზრდილია მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა (განსაკუთრებით 25 წლამდე ასაკის პირებში) ის, რომ საზოგადოდ ნარკომანიამ კლასიკური სახე დაკარგა - ეს სრულიადაც არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას! ტოქსიკომანიის ის ფორმები, რომელიც ვახსენე - ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო დამანგრეველი ეფექტით ხასიათდება, ვიდრე იგივე ჰეროინის მიღებით გამოწვეული გართულებები. ვიყოთ გულახდილნი და აუცილებლად ვთქვათ, რომ სამართალდამცავებმა ამ მიმართულებით ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა არ შეიძლება ითქვას ისიც, რომ რატომღაც გარკვეულ შემთხვევებში იგივე სამართალდამცავები ,,ვერ ამჩნევენ” იმ აფთიაქებს, რომლებიც ღიად ასაღებენ ფსიქოტროპულ პრეპარატებს (რეცეპტების გარეშე). ასეა თუ ისე, საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირების მაჩვენებელი კვლავაც მაღალია ახლა ისევ ე.წ. ,,ყოფილ” ნარკომანებზე ვისაუბრებ, გავიხსენოთ, რომ ჩვენი გამოთვლებით ასეთი 56 ათასი ადამიანია. მართალია ვერაფრით დავადგინე როგორ გახდნენ ეს ადამიანები ,,ყოფილები”, მაგრამ ღვთის წყალობით - თუ ეს მართლა ასეა - ძალზე სასიხარულოა. თუმცა, ასევე საინტერესოა რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს? სახელმწიფო არც ფიქრობს ასეთი პირების სოციალური დაცვის მექანიზმების ამოქმედებაზე, დასაქმებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ჰა-ჰა, თუ თვითდასაქმება მოახდინეს, თორემ, მერწმუნეთ სრულიად გაუმართავი სახელმწიფო პოლიტიკის გამო - ასეთებისთვის ყველა დაწესებულების თუ ოფისის კარები დაკეტილია. ალბათ, არც ისაა გასაკვირვი, თუ ვიტყვი, რომ ამ კატეგორიაში ნარკომანიისკენ მიბრუნების რისკი ძალზე მაღალია და დაახლოებით 90-95 პროცენტს შეადგენს, შესაბამისად - ,,ყოფილთა” აბსოლუტური უმრავლესობა უნდა განვიხილოთ რეალურ რისკ-ჯგუფად. ახლა თქვენც მომყვებით მსჯელობაში, რაღაცაში მეთანხმებით, შეიძლება საერთოდ არ მეთანხმებით, მაგრამ სინამდვილეში მდგომარეობა გაცილებით რთულია და არანაირ შვებასთან არ გვაქვს საქმე. გავმარტავ და მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადებ: მათ შორის ვინც უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში თავი დაანება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას - აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს გააკეთა ნარკოტიკის შეძენაზე ხელმისაწვდომობის შემცირების გამო, ამ ფაქტორმა აიძულა ისინი მოენახათ ჩანაცვლება სხვა საშუალებები - უმრავლეს შემთხვევაში ასეთი საშუალება მაგარი სპირტიანი სასმელები აღმოჩნდა. დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ყოფილ ნარკომომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე ალკოჰოლურ სასმელზეა დამოკიდებული! ჯერ კიდევ 2003-2005 წლებში ხშირად სახელდებოდა ციფრი 500-700 ათასი, ეს შუალედი გამოხატავს ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მომხმარებლებს საქართველოში. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სოციალური მდგომარეობის არა თუ გაუმჯობესება, არამედ კატასტროფულად გაუარესებასთან გვაქვს საქმე - შესაბამისად, ყველაზე კარგ ვარიანტში ეს ციფრი არ მოიმატებდა, დაკლებაზე საუბარიც ზედმეტია! სამწუხაროდ, ჩვენთან არასდროს არ ექცეოდა ყურადღება ისეთ სოციალურად საშიშ მოვლენას როგორიცაა ალკოჰოლიზმი. ათეული წლებია, რაც ალკოჰოლიზმი ფეხმოკიდებულია საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც შუადღის მერე ძნელად თუ ნახავთ ფხიზელ მამაკაცს! რაც ყველაზე სამწუხარო ფაქტია, დღესდღეობით ალკოჰოლური სასმელები ძალზე პოპულარულია ახალგაზრდებს და მათ შორის თინეიჯერული ასაკის პირებში. აშკარად იკვეთება დედაქალაქში ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარების და მასზე დამოკიდებულების ზრდის ტენდენცია! ყველა ძირითადი ასპექტიდან გამომდინარე - ალკოჰოლიზმი არანაკლებ, ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო დამანგრეველია საზოგადოებისთვის, ვიდრე ნარკოტიკულ საშუალებები. ამის მტკიცება ძალზე მარტივია და აქ არ დავიწყებ კონკრეტული საკითხების დადასტურებას, მხოლოდ დავძენ: ალკოჰოლიზმის შემთხვევაშიც ადგილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობ გაუარესებას, ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას, ფსიქოლოგიური ხასიათის გადახრებს, განადგურებულ და დაშლილ ოჯახებს, კრიმინალურ რისკებს, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, სოციალურ და საყოფაცხოვრებო გართულებებს! ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად სპირტიანი სასმელების ჭარბად მომხმარებელთა რიცხვი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და დღესდღეობით ფაქტობრივად შეუქცევად ხასიათს ატარებს. იქმნება გარკვეული ჩაკეტილი წრე, რომელშიც ჩაკეტილნი არიან ერთიდაიგიგე პირები - დამოკიდებულნი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ რეალურად ნარკო სფეროში არანაირ წარმატებასთან არ გვაქვს საქმე! ეს ძალზე სამწუხაროა, მაგრამ რეალურია. ის, რომ დღეს ჩვენი ახალგაზრდები ჰეროინს არ მოიხმარენ - სულაც არ ნიშნავს, რომ ნარკომანია სანახევროდ მაინც დაძლეულია. ჩემი გათვლებით საქართველოში 700-800 ათასი ადამიანია, რომელიც დამოკიდებულია ამა თუ იმ მავნე ნივთიერებაზე, ხოლო რა ქვია ამ ნივთიერებას ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი თუ შედეგი მაინც კატასტროფულია! არ შეიძლება ორი სიტყვით არ ითქვას საქართველოში ნარკო-პოლიტიკის შესახებ. ,,ნარკო-პოლიტიკა” როგორც ასეთი, რეალურად საქართველოში არასდროს არ ყოფილა ჩამოყალიბებული. ათეული წლებია გარკვეული წრეები ,,ამუშავებენ” ამ პოლიტიკას, თუმცა როგორც აღმოჩნდა იგივე ნარკომანიის შემცირება (როგორც ოფიციოზი ამტკიცებს) მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებების წყალობით გახდა შესაძლებელი. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ნარკომანიით დაავადებული პირების ამდაგვარი რეპრესიები? როგორც ჩანს, რეპრესიების დასასრული მოახლოებულია. აკი, ოფიციოზიც აცხადებს, რომ აუცილებელია ამ საკითხის ლიბერალიზაცია და ნარკომანიით დაავადებულ პირთა არა ციხეში გამოკეტვა, არამედ - მათი სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრებში ,,მივლინება” რაშია საქმე? რამდენად თავსებადია ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე ასეთი ლიბერალიზაცია? საქმე იმაშია, რომ დასავლური ცივილიზაცია სრულიად მართებულად მიიჩნევს ნარკომანს დაავადებულ პირად, ეს აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (,,გაერო”) და ევროპის ქვეყნების დიდი უმრავლესობა სწორედ ასეთ ლიბერალურ პოლიტიკას ახორციელებს. შესაბამისად, ევროპისკენ მსწრაფი საქართველოც ვალდებულია შეუერთდეს ამ საერთაშორისო ტენდენციას. სახელისუფლებო ინიციატივებიდან ყველაზე მისასალმებელია ნარკომანიით დაავადებულ პირთა ადმინისტრაციული სასჯელიდან გარკვეული თანხის მიმართვა მათივე რეაბილიტაციისთვის. თუმცა, საქმე არც ისეა, როგორც მავანთ მიაჩნიათ. განვიხილოთ რეალობა: თუ დღეს ნარკომანთა რიცხვი მართლაც შემცირდა, ამის მიზეზია: 1. მათი სამართლებრივი რეპრესიები, 2. სამართალდამცველთა არაკორუმპირებულობა. ნარკომანიისთვის, როგორც სოციალური მოვლენისთვის ეს ორი ფაქტორი მხოლოდ დროებითი შემაკავებელია და არ წარმოადგენს საფუძვლიან მიზეზს, რის გამოც შესაძლებელი გახდება ამ პრობლემის ასევე საფუძვლიანი ამოძირკვა! თუ დღეს საქართველოში ლიბერალური პოლიტიკა გატარდება - ეს აუცილებლად გამოიწვევს ნარკომანიის აფეთქებას, ამის მიზეზი კი ნარკო-პოლიტიკის არ არსებობაა! წლების განმავლობაში - საქართველოში ნარკო-პოლიტიკა ჯერ ასოცირდებოდა ნარკომანიის შესახებ კანონის დაწერასთან, შემდეგ მეტადონური პროგრამის დანერგვასთან! კანონი სრულიად უსახურია! ჩანაცვლებითი პროგრამა არ შეიძლება განვიხილოთ ნარკომანიის დაძლევის საშუალებად, ეს არის მცირე მასშტაბით დეკრიმინალიზაციის საშუალება. მეორეც, რადგან აცხადებენ, რომ ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკები (ჰეროინი და ა.შ.) ფაქტიურად ხელმიუწვდომელია, საინტერესოა, რა კატეგორიის ხალხისთვის არის ეს ჩანაცვლებითი პროგრამა? თუ ,,ვინტის” მომხმარებელს აძლევენ მეტადონს - ეს ფარსია და დანაშაულის ელემენტებსაც შეიცავს! დავუბრუნდეთ ნარკო-პოლიტიკას, სამწუხაროდ, ამ სფეროში მოღვაწე არცერთ ადამიანს არ გაუნათდა გონება, რომ ეთქვა - ნარკო-პოლიტიკა არ არის მარტოოდენ მკურნალობა, რეაბილიტაცია, დასჯა, ნარკო ,,ბარიგებთან” ბრძოლა. ამ გაუნათებელ პიროვნებებს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა და რაც მთავარია ამ პრობლემის შესაძლო რეალობამდე აღმოფხვრა მრავალკომპონენტური საკითხია და იგი იწყება სკოლამდელი და დაბალ კლასებში მყოფი ბავშვების სწორი სოციალური ორიენტაციით. მსოფლიო პრაქტიკას არ ახსოვს კომპექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების გარეშე მომხდარიყოს ნარკომანიის დაძლევა. სასკოლო პროგრამები, სოციალური საკითხები, ახალგაზრდათა სწავლებისა და დასაქმების პრობლემები, მოზარდებში და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და უამრავი საკითხი - რომელიც უნდა გაითვალისწინოს ნარკო-პოლიტიკამ! არ შეიძლება ქვეყნის ნარკო-პოლიტიკა არ ითვალისწინებდეს ე.წ. ,,მონათესავე” რისკებს - მოზარდებში თამბაქოს მოხმარებას, ასოციალურ ქცევებს, არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიას, აღზრდისა და სწავლების მეთოდებს, ნაადრევი პრევენციის ეფექტურ ღონისძიებებს! ის, რომ დღეს ყოფილი ნარკომანები უკვე ალკოჰოლიზმით არიან დაავადებულები, ის, რომ ალკოჰოლიზმი საქართველოს ოქროს ფონდს რეალურ საფრთხეს უქმნის, ის, რომ სიგარეტს უკვე 10-12 წლის ასაკში ვეწევით, ის, რომ თინეიჯერებში აშკარად შეიმჩნევა ,,ლუდის ალკოჰოლიზმი” - ეს ყველაფერი არ არსებული ნარკო-პოლიტიკის მიზეზითაა გამოწვეული! სანამ პრობლემის მიმართ არ იქნება კომპლექსური მიდგომა, სანამ ქვეყანაში რეალურად არ ჩამოყალიბდება მრავლისმომცველი ნარკო-პოლიტიკა - მანამდე ნებისმიერი განცხადება, რომ ქვეყანამ სძლია ნარკომანიას - მხოლოდ პრობლემის მიჩქმალვის მცდელობაა! Add Comment ამ თემაზე საზოგადოება სამ ნაწილადაა დაყოფილი, ერთნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მარიხუანას ლეგალიზაცია, მეორენი - ასეთივე კატეგორიულობით ემხრობიან ლეგალიზაციას, საზოგადოების მესამე ნაწილს ჩამოყალიბებული მოსაზრება არ გააჩნია კობეს სახლი სამედიცინო, ფიზიოლოგიური, სოციალური, დემოგრაფიული მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, დღის თემად სწორედ ეს საკითხი გამოგვაქვს და ყველას, მიუხედავად პოზიციისა, საშუალებას ვაძლევთ გამოხატონ თავიანთი მოსაზრება. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება კომენტარის სახით და ახსნათ თქვენს მიერ გაცემული პასუხის არსი ყველა საინტერესო კომენტარი, მოსაზრება და დასაბუთებული აზრი გამოქვეყნდება სტატიის სახით ვრცელი მოსაზრება ან სტატია გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტით: kobessaxli@gmail.com |