ავტორი თამუნა იოსავა

მზე კი არ ჩადის, ეს შენ ჩადიხარ ზღვაში და თმები სხივებად გიჩანს, თავში ბზუიან ჭრელი ფიქრები, თითქოს ფუტკარი ეხვევა ფიჭას.
მზე ჩადის, ჩადის ჩადის, ჩავიდა! ღამემ მზე ღუზად ჩაუშვა ზღვაში და მიიძინა ტალღებზე.
გახსოვს?
ატმის მკლავებზე ეძინა მაშინ...
გახსოვს? ოდესღც გსაყვედურობდი, ადრე სად იყავ, ადრე სად იყავ, ადრე სად...
ვეღარ ვამთვავრებ სიტყვებს და აზრებს, ყელში მაწვება უხეში ბურთი... მე არ ვუფრთხოდი ქვეყნად არავის, ახლა საკუთარ ფიქრებსაც ვუფრთხი.
ხვალე ჩავუვლით ლესბოსს და ლემნას, გუშინ გამოვცდით როდოსს და კრეტას.
მე ამ წერილით ახლა კარს ვაღებ, იმ კარს, კი გესმის? გულდაგულ ვკეტავ!
ზღვით მოვლენილი დარდი და სევდა იქნებ როგორმე განქარდეს ზღვითვე...
გახსოვს? გიკრეფდი, როგორც ყვავილებს, სიტყვებს და სიტყვებს, სიტყვებს და სიტყვებს... მერე გიწნავდი სიტყვების გვირგვინს, რომელიც სხვისას არაფრით გავდა, შენ კი იმ გვირგვინს ვერ გაუფრთხილდი, ვერ მოარიდე ყინვას და ავდარს, ვერ გაუფრთხილდი შენ იმ ყვავილებს, ვერ დაუმალე ქარსა და წვიმას... და ახლა იმგვარ ყვავილთა კონა, ზუსტად იმგვარად სხვასთან მიმაქვს...
კაცი ყველაფერს წაუვა ქვეყნად, ვერსად წაუვა მხოლოდ თავისთავს...
მე მეგონა, რომ მივაგენ კუნძულს ერთფეროვნების უსაზღვრო ზღვაში, ხელში კი შემრჩა კონსერვის ქილა... არ შეიძლება ამდენჯერ შეცდე, სხვა გზა არ არის, ამიერიდან მე უნდა ვიყო ძალიან ფრთხილად!
მე შენ მიყვარდი!.. რა გითხრა მეტი?! ეს სამი სიტყვა ყველაფერს ამბობს, ბებერი მზე კი სხივებს ზღვის წყალში, ვით ორცხობილას ჩაიში ალბობს...
გუშინ მესიზმრე, ნაპირზე იდექ, გემი ნელ-ნელა მოშორდა ნაპირს, მაგრამ ერთმანეთს არ ვშორდებოდით გადაბმულები უხილავ ძაფით... თმადაბანილი თეთრი ღრუბელი თეთრი ქალივით წამოწვა ზღვაზე და ცისარტყელა მოირგო წელზე, როგორც ქამარი უცხო და ნაზი... ნაპირზე იდექ, როგორც შუქურა, შორიდან გავდი როდოსის კოლოსს, ახლოს რომ მოველ თითქოს ნელ-ნელა დაპატარავდი და ბოლოს ისე ნამცეცა გახდი, როგრც წერტილი ამ ფრაზის ბოლოს.
ბედნიერებას, როგორც სიყვარულს, უნდა დანახვა და არა ძებნა, ჩემი ნერვების თივას მიირთმევს შენი სიკერპის გულგრილი ზებრა.
იქნებ ჯობია ნამდვილ სიყვარულს მხოლოდ ბაასი ამ სიყვარულზე და სიყვარულის გამოგონება?!
 
 
ავტორი: თამუნა

წელს ჩემი შვილი პირველად მივიყვანე ბაღში. „ბაღი“ ზოგადად ემოციებთან და განცდებთან დაკავშირებული თემაა, მაგრამ არა ამ სტატიის თემა (პირადად მე ძალიან მიყვარდა ჩემი ბაღი და მხოლოდ დადებითად ვიმუხტები, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას, მე მგონი ,ერთადერთ ძეგლს ჩავუვლი ხოლმე ფალიაშვილის ქუჩაზე).

მოკლედ, მე დილის 8 საათზე ვდგები, მერე ვიდეოს პულტის სწრაფი გადახვევის ეფექტით ვემზადები, ისე რომ 09:10 წუთზე გავდივარ სახლიდან და მივიდვარ ბაღში (უკვე საკმაოდ დაღლილი, ხშირ შემთხვევაში მაკიაჟის გარეშე და გამოუძინარი - დასიებული თვალებით). ერთ დილასაც ასეთ „ვიდზე“ მივედით მე და ჩემი 3 წლის შვილი ბაღში, კარი გაიღო, მასწავლებელი ჩვეული სითბოთი შეგვეგება და ამ დროს..... გვერდითა ოთახიდან გამოდის ირინკა (ირინკა ჩემი შვილის ბაღელია, მხოლოდ ბაღელია და არა მეგობარი, იმიტომ რომ გოგოა და „შეიძლება გოგოსთან მეგობრობა?“. ძალიან გამხდარი, ცისფერი თვალებით, 4 წლის ირინკა ცეროდენას ჰგავს), ნამძინარევი და გათიშული სახით, ტანზე დისნეის მულტფილმის - ფიფქია და შვიდი ჯუჯადან, ფიფქიას ყვითელი კაბა (ცოტა გაცრეცილი, ბაღში არაერთი წელი რომ აცვიათ სხვადასხვა „ირინკებს“ ამის გამო) აცვია (თავის ტანსაცმელზე აცვია ოღონდ, სვიტრზე და ჯინსებზე, სვიტრიდან როლინგიც რომ ჩანს ცოტა ისე) და ფეხზე ბევრი ზომით დიდი ვარდისფერი პლასტმასის ქუსლიანი ქოშები (თავიდან სწორედ ამ ქოშების ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება). ხმას არ იღებს, არც მიცინის არც არაფერი, უბრალოდ ცდილობს თავისი კაბის დემონსტრირებას (არ ვიცი რამდენად შევძელი ირინკას არაჩვეულებრივი ტიპაჟის აღწერა თქვენთვის). დილის 09:30 საათზე ჯერ ბოლომდე გამოუფხიზლებელი და მშიერი ირინკა უკვე იმ განწყობით იყო რომ ფიფქიაა, საყვარელი ზრაპრის გმირი, თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულს რომ ელოდება აი ზუსტად ისეთი „პრინცესა“! (ამ დროს ჩემი - 30 წლის გაზრდილი „პრინცესის“ ვიდი გაიხსენეთ). უფლისწულის როლში შეიძლება ჩემი შვილიც იყო იმ წუთას, მაგრამ ირინკასგან გასხვავებით, რომელიც ალბათ სწორედ სანდროს ეპრანჭებოდა და ამიტომ არ მიყურებდა მე, სანდრო გოგოს, როგორც ზოგადად კონტაქისა და კონკრეტულად თამაშის

ობიექტს საერთოდ არ აღიარებს. ესეც ძალიან საინტერესო ფენომენია 4 წლის ასაკში ჩვენ - „პრინცესები“ არ ვერიდებით „უფლისწულებთან“ თამამად და ღიად „ფარცქვალს“, მაგრამ აი უკვე 24 წლის რომ ვართ მაშინ თავს ამაყად ზემოთ ვწევთ (თქვენმა აბსოლუტურმა უმრავლესობა სწორედ ახლა ეს გაიფიქრა: „კარგი რა, ვინღა იფასებს დღეს თავს!“) და ველოდებით როდის მოინადირებენ, და დაიპყრობენ და გნებავთ მოიპოვებენ (არის ამ სიტყვებში რაღაც „ისეთი“, რაც ჩვენს მიუწვდომლობას უსვამს ხაზს) ჩვენს გულებს „უფლისწულები“.

გამოვედი ბაღიდან და სამსახურამდე მიმავალს მთელი გზა ირინკა მედგა თვალწინ. რა თქმა უნდა ჩემი თავი გამახსენდა მის ასაკში. „პრინცესობაზე“ არასოდეს მიოცნებია და ბავშვობაში ხშირად ჭეშმარიტ „პრინცესებს“ რომ არ შეშვენით სწორედ ისე ვიქცედი, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან მიყვარდა კონკია. იმდენად მიყვარდა, რომ ყველა შესაძლო ზეიმზე თუ კარნავალზე, ეზოში დადგმულ სპექტაკლზე, მოკლედ ყველგან სადაც კი შეიძლებოდა კონკია ვიყავი და ზოგადად ჩემი ქცევისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი, მაგრამ ამავე დროს სპეციალურად ჩემთვის შეკერილი (იმ დროს ჩვენმა მშობლებმა ინტერნეტი რომ არსებობდა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ და მითუმეტეს ამ „მითიური ინტერნეტიდან“ მატერიალური საგნების, ამ შემთხვევაში „პრინცესების“ კაბების, „გამოწერის“ ტექნოლოგიასაც არ ფლობდნენ) ვარდსიფერი ვერცხლისფერ ბაბთებიანი კაბა მეცვა.

საინტერესოა როდის აღვიქვამთ საბოლოოდ რეალობას, ვარდისფერი ოთახიდან გამოსულები, როდის ვიხსნით ვარდისფერ სათვალეს და საერთოდ როდის ვსწავლობთ ფერების აღქმას (თუმცა ბავშვობის გავლენით თუ ქალური რომანტიული ბუნების „წყალობით“ ჩვენთვის დღესაც არსებობს, მუქი ღვინისფერი, „ჭუჭყიანი ვარდისფერი“, ატმისფერი“, რომელსაც მამაკაცები უბრალოდ ერთი მარტივი სიტყვით -„წითელი“ მოიხსენიებენ). ზოგადად მამაკაცების ფერების აღქმის უნარი, ძალიან საინტერესო თემაა, იმდენად საინტერესო, რომ ცალკე სტატიის მიძღვნას იმსახურებს.

ისევ ირინკას მივუბრუნდები, უფრო სწორად კი ირინკას ფენომენს, რომელიც ქალების დიდ უმრავლესობას მთელ მსოფლიოში თავს რომანტიული ზღაპრის გმირად აგრძნობინებს. როცა პატარები ვართ ალბათ ვიზუალური მხარე გვიზიდავს, მულტფილმებში ან მხატვრულ ფილმებში ან თუნდაც წიგნებში ნანახი „პრინცესების“ ლამაზი და ფერადი (ბჭყვიალა და ფრიალა, როგორც ჩემი მეგობრის შვილი ლელი იტყოდა) კაბები, ჰაეროვანი გარემო, საცეკვაო დარბაზები, უფლისწულები..... (აი, საკმარისია ამაზე დავფიქრდე და აქვე ჩემს სამუშაო მაგიდასთან რამდენიმე წამით ისევ კონკია ვარ). ასე ყალიბდება ქალის ცნობიერებაში მისი მომავალი და ამიტომაც არის, რომ უკვე გაზრდილი და ჩამოყალიბებული, ის სწორედ ბავშვობის ვარდისფერ (ვარდისფერი უნდა ჭარბობდეს ამ სტატიაში) ოცნებებში ნანახ „უფლისწულს“ ეძებს და ბუნებრივია მას ვერც უნივერსიტეტის ეზოში, ვერც ავტობუსის გაჩერებაზე და ვერც ყველაზე „სვეცკ“ კაფეში ვერ ხვდება. აი სწორედ ამ დროს ვიზრდებით და რატომღაც ძალიან განვციდით ამას (უფრო სწორად იმას, რომ უფლისწულები თურმე არ არსებობენ და ამ დროს ყველაზე ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ არც ჩვენ ვართ „პრონცესები“) არა და მას შემდეგ რაც კეთილი უფლისწული „პრინცესას“ ბოროტი დედინაცვალის, ან ურჩხულის კლანჩებიდან დაიხსნის და გადაარჩენს, ან ნაზი ამბორით საუკუნოვანი ძილისგან ვნებიანად გამოაღვიძებს ზღაპარი აღარ გრძელდება, „на самом интересном месте“, როგორც იტყვიან, წყდება და ჩვენ არ ვიცით

როგორ გარძელდა კონკიასა და უფლისწულის „თანაცხოვრება“. არ ვიცით რამდენი შვილი ეყოლა კონკიას, როგორი მშობიარობა ჰქონდა, წონაში მომატებული როდის „ჩადგა“ (ეს სიტყვა საჭმლის ასოციაციას იწვევს, აი ისეთის ჩადგმით რომ მოაქვთ და არა ჩამოტარებით) ფორმაში, ან მაგალითად როგორი სიმთვრალე ჰქონდა უფლისწულს, საერთოდ უსაქმური იყო ეს უფლისწული თუ მუშაობდა სადმე, დილაობით წვერგაპარსული იყო თუ არა, ისევ ირინკა გამახსენდა და უნდა დავწერო, რომ არც ის ვიცით ჯუჯებმა თავიანთი სახლი მემკვიდრეობით ფიფქიას დაუტოვეს, თუ ვინმე სხვა შორეულ ნათესავს.

როდის გაიგებს ირინკა, რომ ფიფქია და მისი კაბა მხოლოდ არარეალური და ზღაპრული სამყაროს ნაწილია, რომ „სამწუხაროდ“ სადაც არ უნდა ჩააბაროს და რამდენიც არ უნდა ისწავლოს „პრინცესა“ ვერ გამოვა (დიდი დიდი სილამაზის კონკურში მიიღოს მონაწილეობა, ისიც თუ მკაცრ პარამეტრებს 90/60/90 დააკმაყოფილებს) ალბათ მაშინ, როდესაც თვითონაც გაიზრდება და თავის შვილს ბაღში წაიყვანს, ბაღში, ფიფქიას კაბაში გატარებული ვარდისფერი დღეები გაახსენდება და თბილად გაეღიმება. რაც უფრო დიდი ხანი იქნება ის ზღაპრის გავლენის ქვეშ მით მეტ ხანს გაგრძელდება მისი ბავშვობა, ამიტომ, მე მგონი მაინც არ ღირს, რომ მან ეს სტატია წაიკითხოს. ჩვენ კი უკვე გაზრდილი და „далеко не“ პრონცესების „ვიდზე“ (არა ზოგჯერ მაინც ვართ ხოლმე, მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ საქორწილო კაბა სწორედ „პრინცესობის“ გავლენით იკერება“) მყოფებმა ჩავიცვათ შარვლები (ვარდსიფერი- ვერცხლისფერ ბანტებიანი კაბა მართალია, აღარ მეტევა, მაგრამ მაინც შენახული მაქვს, ვინ იცის როდის და რაში გამომადგება), გავაკეთოთ სადილები და გავფინოთ სარეცხი, ოღონდ ისე, რომ გულში ყოველთვის ვიყოთ „პრინცესები“.

 
 
ავტორი: ირმა გაფრინდაშვილი

თუ როდესმე მსოფლიოს მავანმა სოციოლოგიურმა სამსახურმა ორიგინალური გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა, რომელ ქვეყნებში ხდება ყველაზე მარტივად ქალისათვის ბოზის იარლიყის მიკერება, საქართველოს ტრიუმფის თუ არა, ალბათ, ერთ–ერთი მოწინავე ადგილის დაკავებისათვის სრულიად რეალური შანსი აქვს. საფუძველთა საფუძველი, ბუნებრივია, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გაორებულ ქართველთათვის ფრიად მტკივნეული თემა – ქალიშვილობის ინსტიტუტი და მისი თანმდევი მოვლენებია, რომელიც ამ საკითხს აპროვოცირებს კიდეც და ვარიაციებისთვისაც უკიდეგანო შესაძლებლობებს იძლევა.

ვის შეიძლება უწოდონ საქართველოში ბოზი? თუ საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენ განვითარებულს ვეძახით, მსგავსი ტერმინი ფრიად შეზღუდულ სოციალურ ფენაზე, კერძოდ, იმ კატეგორიაზე ვრცელდება, რომელიც ფიგურალურად რომ ვთქვათ, „პანელზე დგას“, საქართველოში ამ მიმართულებით დიდი მრავალფეროვნება შეინიშნება და საკუთარი ქვედინებებიც აქვს.

განათხოვარ ქალს, რომელიც პოტენციურად ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირისათვის „გათავისუფლებულია“, ასევე, ქორწინების გარეშე სექსუალური ცხოვრების მიმდევარ ნებისმიერ სხვა „მიმართულებას“, მეძავის ეპითეტის მისაკუთვნებლად, სრული შანსები ეძლევა. ქალს, რომელიც ქმარს გაშორებულია და სხვა მამაკაცი ჰყავს სექსუალურ პარტნიორად, ასევე, „გაბოზებული ცოლის“ იარლიყი ძალიან ადვილად ეკერება.

მეზობელ–მეგობარ–ახლობელ–ნათესავების მთელი კოჰორტის თვალში, განქორწინებული ცოლი, თუ მით უმეტეს, დედა, ლამის მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს ყოფილი ქმრის წინაშე ვალდებულებას, რომ სხვა მამაკაცი (ქორწინების გარეშე) აღარ იყოლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბოზია. ზოგჯერ ეს ყველაფერი იმდენად უკიდურეს მარაზმამდეც დადის , რომ ყველაფერი ტრაგიკომედიაში გადაიზრდება–ხოლმე. შემთხვევა მახსოვს, ერთ–ერთ პროვინციაში, ორი განქორწინებული გოგონა სოფლის „ბირჟაზე“ ჩავლისას, მამაკაცების წინაშე ხმამაღლა სიცილს ერიდებოდა, რათა თანასოფლელების თვალში „ავარდნილი გოგოს“ იმიჯი არ “გაენაღდებინათ“.

საქართველოში ისეთი შემთხვევებიც მრავლად არის ცნობილი, რომელთაც ლამის ჩვეულებრივი ტენდენციის სახე მიიღეს. მაგალითად, ახალგაზრდა ქალი, რომელიც თბილისის ერთ–ერთი პრესტიჟული უბნიდან იქვე, მახლობლად გათხოვდა, დაქორწინების შემდეგ მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ფსიქიკური პრობლემების მქონე ქმარი მას სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეუარაცხყოფას. ქალმა მშობლების ოჯახში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, თუმცა სრულიად უშედეგოდ. მამა და ძმები, რომელთათვისაც განათხოვარი ქალის ცნება, ტრადიციულად, თითქმის მეძავის ცნებასთან ასოცირდებოდა, „უბანში თავი მოგვეჭრებას“ რკინის არგუმენტის მოშველიებით, გოგონას კვლავ უკან აბრუნებდნენ... გოგონა მონსტრ ქმართან, ალბათ, დღემდე იტანჯება, სამაგიეროდ, მისი ოჯახის წევრებს უბანში ამაყად გამოჩენის პრობლემა არ შექმნიათ...

წლების წინ, ერთ–ერთ ევროპულ ქვეყანაში ინციდენტი მოხდა: ავსტრალიიდან ჩასულმა ორმა ახალგაზრდა, სიმპათიურმა ქალბატონმა, ანკეტის შევსებისას, პროფესიის გრაფაში „მეძავი“ ჩაწერა. ქალბატონები სასწრაფო წესით დეპორტირებულ იქნენ საკუთარ სამშობლოში, სადაც მსგავსი ქმედება სრულიად მისაღებ მოვლენად ითვლება და კანონითაც დაშვებულია. 21–ე საუკუნეში, ისევე როგორც მრავალი საუკუნის წინ, მეძავისადმი დამოკიდებულება, თითქმის მთელ მსოფლიოში იდენტურია და ავსტრალიურ–ჰოლანდიური ლიბერალიზმი, ფაქტობრივად, გამონაკლისია...

თუმცა, განსხვავება ამ სტატუსის მინიჭების კრიტერიუმშია, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებასა და სოციალურ კულტურაში ხშირად კარდინალურად განსხვავდება. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს საზღვრებს გარეთ - სამხრეთით თუ სხვაგან, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და მის გარშემო მდებარე რეგიონში სიტუაცია ამ კუთხით ფრიად სავალალო რომ არის, ამაზე ფაქტები ღაღადებენ.

მცირე ხნის წინ, რუსულმა საინფორმაციოებმა ასეთი ცნობა გაავრცელეს: ჩეჩნეთის ერთ–ერთი სოფლიდან, მოსკოვიდან ახალდაბრუნებული ქალბატონი გაიტაცეს, რომელსაც შვილი ქორწინების გარეშე ჰყავდა. ქალბატონი ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში ჰყავდათ დატყვევებული და მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუპატიურებდნენ. ეს - ჩეჩნეთში, სადაც ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებისათვის ბრალდებულ რუს ოფიცერს, მთელი ჩეჩნეთი, თვით რუსების მარიონეტი კადიროვის თაოსნობით, წლების განმავლობაში მოსაკლავად დასდევდა.

ფაქტია, რომ კავკასიაში, სადაც ქალის პატივისცემის შესახებ ლეგენდები დადის, ეგრეთ წოდებული სახელგატეხილი ქალის მიმართ, უკიდურესად სასტიკი დამოკიდებულება და, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი სტიგმაა. ამ კატეგორიაში კი შეიძლება გავიდეს ნებისმიერი ქალი, ვინც ქალწული არ არის და ოფიციალური მეუღლე არ ჰყავს.

ალბათ ყველას ექნება გაგონილი ფაქტები, რომელიც საქართველოში ხშირად მომხდარა, როცა ქალის გაუპატიურება იმით გაუმართლებიათ, რომ ქალიშვილი, შესაბამისად, „პატიოსანი ქალი“ არ იყოო. ერთი ასეთი რეზონანსული შემთხვევა ხუთიოდე წლის წინ ქართლის ერთ-ერთ რაიონში მოხდა და რაც ყველაზე დიდი ნონსენსი და ტრაგედიაა, გამომძიებელმა მოძალადის მსგავსი არგუმენტი, მის გამასართლებლად სრულიად საფუძვლიანად მიიჩნია.

ბოლოს კიდევ ერთი მცირედი გადახვევაც: საქართველოში უკვე დიდი ხანია მიდის დებატები პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. ბანაკის ორივე მხარე, ძირითადად, სოციალურ ქსელებში, საკუთარ მოსაზრებებს, უმეტესწილად, აგრესიის მოშველიებით ავითარებს. მართლმადიდებელ–ტრადიციული უმრავლესობის არგუმენტები უკვე ცნობილი, გადაღეჭილი და გაცვეთილია: ქართველობის წართმევა, ტრადიციების უარყოფა, ამორალობა, მასონების შემოსევა საქართველოში და ასე შემდეგ. მეორე ბანაკისთვის კი, პროსტიტუციის ლეგალიზება დასავლური ფასეულობების აღქმის უმაღლესი მწვერვალია. მათი არგუმენტები კი არანაკლებად გაცვეთილი და ანაქრონიზმი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველოში ბევრისთვის, პროსტიტუციის ლეგალიზებას დასავლეთში გენდერული თანასწორების მხარდამჭერები, ჰუმანისტები, ახალი თაობის დემოკრატები და მათი თანამდგომნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თვლიან რა მას ქალის დამცირება–დაკნინებად და მის „მოხმარების პროდუქტად“ ოფიციალურად დაკანონებას არასწორად მიიჩნევენ...

ეს იმის საილუსტრაციოდ (ასევე, ზემოაღწერილ უმძიმეს სურათთან შესადარებლად), თუ ჩვენთვის ოცნების მწვერვალად ან ტალახის სროლის ობიექტად (გემოვნების მიხედვით) ქცეულ დასავლეთში როგორ ფასდება ქალი (მისი მამაკაცთან თანასწორობის იდეა საზოგადოებაში), რომლის უფლებებისა და პატივისცემის საერთო სურათში, სულაც არ არის საჭირო საათნახევრიანი სადღეგრძელოების ფენომენის არსებობა და არც სამზარეულოდან ფქვილიანი ხელებით გამოყვანილი, მამაკაცთა სუფრასთან ატუზული, „საერთო პატივისცემით შემოსილი“ ოჯახის დიასახლისი ფიგურირებს სადმე...

 
 
ავტორი: გიორგი ჯაფარიძე

იმ პერიოდში, როდესაც რომეო და ჯულიეტა ცხოვრობდნენ, მშობლებს ჰქონდათ უფლება და ვალდებულნიც იყვნენ შეერჩიათ და დათანხმებოდნენ შვილის არჩევანს ქორწინებასთან დაკავშირებით. მართლაც, ბევრ კულტურაში ძალიან დიდი მნიშვნე ლობა ენიჭება, რომ ქორწინება და ოჯახი _ ბავშვების გაზრდა, მემკვიდრეობის მიღება და ოჯახის ხაზის გაგრძელება _ დაფუძნებული იყოს რაღაც ისეთ წინასწარ  განუსაზღვრელსა და დაუდგრომელზე, როგორიც არის პიროვნული მიმზიდველობა. ქორწინებები არის ოჯახების მიერ მოწყობილი; ოჯახის სტატუსისათვის შესაფერისი რძლის ან სიძის მოძებნა უმთავარესი პრიორიტეტი იყო (ამასთანავე, შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს ის ფაქტიც, მოსწონთ თუ არა ახალგაზრდებს ერთმანეთი). ახალგაზრდები ეყრდნობიან თავიანთი მშობლების გონიერებას. ისინი იმედოვნებენ, რომ სიყვარული გაჩნდება ქორწინების შემდეგ, გამომდინარე ცოლისა და ქმრის სტატუსებიდან, რაც მათ თვიანთი ოჯახებითა და თემებით აქვთ მიღებული. ამის საპირისპიროდ, რომანტიკული სიყვარულის მიმდევრები ქორწინებას განიხილავენ, როგორც შეძენილ სტატუსს. რომანტიკოსები წლების განმავლობაში ეძებენ საუკეთესო მეორე ნახევარს და იმედი აქვთ, რომ ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობით `მოიპოვებენ~ იდეალურ შეყვარებულს (ირონიულად რომ ვთქვათ, მსგავსი იდეოლოგია, რაც გვიბიძგებს სიყვარულით ქორწინებისაკენ, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ ადამიანების მიერ, ვისი რჩეულებიც ასეთი საუკეთესონი არ არიან; არაკანონიერი ურთიერთობისა თუ შემდგომში გაშორების შემთხვევაში). ჩვენ ისევე ვაპროტესტებთ, როდესაც გვეუბნებიან ვინ არის შესაფერისი და ვინ არა, როგორც მაშინ, როდესაც ჩვენი მშობლები წინააღმდეგნი არიან, რომ შევხვდეთ რომელიმე ბიჭს ან გოგონას სკოლაში და მაშინაც, როდესაც მეგობრები დაჟინებით მოითხოვენ, რომ მოგვიწყონ შეხვედრა ჩვენთვის უცნობ პიროვნებასთან. ინდივიდუალიზმი გვითრევს რომეოსა და ჯულიეტას მსგავს ისტორიებში, სადაც შეყვარებულები ყურადღებას არ აქცევენ არც თავიანთ საზოგადოებასა და კულტურის ნორმებს და არც მოსალოდნელ შედეგებს ითვალისწინებენ.
 
 
ავტორი: თეონა ფრუიძე

"და შექმნა ღმერთმა კაცი, ხატად თავისა, და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად." და მას შემდეგ ეს ორი ბედნიერებას ეძებს, მაგრამ როგორია ან სად არის იგი? ინკვიზიტორისთვის, ალბათ, ის ალქიმიკოსის წამებაა, მხატვრისთვის - ნახატის დასრულება, მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატება და მებაღისთვის, ალბათ, პირველი კვირტის გაფურჩქვნა. თუმცა მოდის დრო და ალქიმიკოსი ინკვიზიტორზე მეტად ფასდება, მოდის დრო და ნახატსაც სიძველის სუნი ასდის, მოდის ზამთარი და ყვავილიც ჭკნება. მაინც რა არის ბედნიერება? როდის იწყება მისი ძებნა? იქნებ ბავშვობაშივე, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ უბედურებაც არსებობს ამქვეყნად...  

ბავშვობაში ვამბობთ:ბედნიერები ვიქნებით მაშინ, როდესაც გავიზრდებით და ჩვენი სამსახური, ოჯახი და გვერდში მდგომი საყვარელი ადამიანი გვეყოლება.-ვიზრდებით და ვამბობთ:მაშინ ვიქნები ბედნიერი, როდესაც მას ვეყვარები, როდესაც დავქორწინდებით და ერთი ოჯახი გვექნება.-ვქორწინდებით და ვფიქრობთ:მაშინ გავხდებით ბედნიერები, როდესაც შვილები გვეყოლება.გვყავს შვილები და ვამბობთ:,,ბედნიერები ვიქნებით, როდესაც შვილებისათვის უზრუნველი მომავლის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცემა.გვექნება უკეთესი სამუშაო, ბევრი ფული, უკეთესი ავტომობილი, უკეთეს სახლში ვიცხოვრებთ, გვექნება დრო და ფული იმისათვის, რომ ჩვენს საოცნებო ადგილას სამოგზაუროდ წავიდეთ... ა.შ და კვლავ ა.შ. .

თუმცა სიმართლე სულ სხვაა.არ არსებობს უკეთესი დრო ბედნიერებისათვის, ვიდრე ეს დღე, ეს წუთი და ეს წამია. . .!ახლა თუ არა, მაშ როდის?  

ალფრედ სოუსა ამბობს:”ეძებეთ ბედნიერება თქვენში და არა სხვაგან . . . და გახსოვდეთ, რომ დრო არავის ელოდება და რაც მეტ დროს ვუთმობთ ბედნიერების ძებნას იქ, სადაც არ არის, მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ვისიამოვნოთ მისით. ახლავე დაიწყეთ ფიქრი ამაზე და გახსოვდეთ, რომ სწორედ ახლა, ამ წამსბედნიერების დროა“ ! ! !

მეცნიერული განმარტებით , ბედნიერება ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც იმ დადებითი ემოციებით ხასიათდება, რასაც ინტენსიური სიხარულის განცდა იწვევს. მას არ აქვს ზუსტი დეფინიცია და ყველა ადამიანისათვის სხვადასხვა სხვადასხვა რაიმეს ნიშნავს.

ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ სასწაულების მოხდენას არ უნდა ველოდოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება ვიპოვოთ სასიხარულო მომენტები. რაღაც დიდის მოლოდინში არ უნდა გამოგვრჩეს ის ბედნიერება, რომელსაც ყოველდღიურობა გვთავაზობს. ბედნიერება შეიძლება ყველაზე ელემენტარულმა და ძალიან უმნეშვნელო შემთხვევამაც კი მოგვანიჭოს, უბრალოდ, პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მზად ვიყოთ ამის მისაღებად. სიცოცხლე ხომ ძალიან ხანმოკლეა, იმისთის, რომ სულ ცოტა ბედნიერებაც კი მოვიკლოთ...

და ვიდრე გზათა შორის ბედნიერების უტყუარი გზის ძებნას შევუდგებოდეთ, "მონანიებაში" ვერიკო ანჯაფარიძის გენიალური გმირისა არ იყოს, უნდა ვიკითხოთ: "ეს გზა ღვთისშობლის ტაძრამდე მიგვიყვანს?"

ბედნიერებაც, ალბათ, სადღაც იქით არის!...
 
 
ავტორი: შორენა გოგოლაძე

„რას ღლაბუცობთ, მე იმ ქართველ ქალს რა ვუთხარი, რომელსაც სექსი სიამოვნებისთვის სჭირდება და არა გასამრავლებლად, გვარის გასაგრძელებლად, ქმართან დასაახლოვებლად. „ჩემ დროს“, მსუბუქი ყოფაქცევის ქალს თავისი ადგილი ჰქონდა და ნამდვილ ქართველ ქალს თავისი.  მე რომ კრასნოიარსკში რეისებს ვაკეთებდი და ათას ქალთან მქონდა ურთიერთობა, ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ ჩემი ცოლი ნაირა არ მიყვარდა, უბრალოდ, ქალს არ ეპატიება ზედმეტი სექსი. თქვენს დეიდაშვილს, ან ერთად გაზრდილ ბიძაშვილ გოგოზე, რომ გაიგო ვიღაც ჯამბულასთან დადის, არ გაუხეთქავ თავს ორივეს?“  

ეს ტექსტი ქართული სოციალური ქსელის ერთ-ერთ იუზერს ეკუთვნის. გამოთქმულმა მოსაზრებამ კი, ბევრი „ლაიქი“ დაიმსახურა.

საქართველოში დღემდე ყბადაღებული თემაა „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ და სექსი ქორწინებამდე. საქართველოში უმრაველესობაში არიან მამაკაცები, რომლებიც თვლიან, რომ გოგო ქორწინებამდე ქალწული უნდა იყოს, ვაჟისთვის კი სავალდებულოა დაოჯახებამდე სექსუალური კავშირი.  ამ მოსაზრებას ქართული სოციალური ქსელების გარკვეული ნაწილიც ეთანხმება და მათი რისხვის ობიექტი ხდებიან ისინი, ვინც განსხვავებულად აზროვნებს.  

ჩემამდე ერთმა ისტორიამ მოაღწია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ერთ-ერთ სოციალურ საიტზე, ახალგაზრდა მამაკაცებმა, კამათი სწორედ ამ თემაზე დაიწყეს და ისე შეყვნენ საუბარს, რომ თითქმის მეგობრები გახდნენ. მამაკაცთა უმრავლესობას როგორც სჩვევია, ერთმანეთის სექსუალური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის გაცვლაც დაიწყეს –ზოგი ნამდვილი, ზოგიც მოგონილი. გაირკვა, რომ ერთს განსაკუთრებულად სლავური გარეგნობის მანდილოსნები  მოსწონს, მეორე კი, ქართველებითაც კმაყოფილია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ იუზერს სლავური გარეგნობის გოგონები ხიბლავს, მეუღლედ ქართველი გოგონა შეურჩევია. ის იმითაც ტრაბახობდა, ძალიან პატარა მოვიყვანე და „ჩემს ჭკუაზე“ გავზარდეო. სახელდახელოდ დამეგობრებული ბაქია იუზერების დიალოგი კარგა ხანს გაგრძელდა და არავინ იცის, როდემდე გასტანდა, რომ არა ერთი გაუთვალისწინებელი გულწრფელი აღიარება.  

დიალოგის დროს ერთ–ერთმა მომხმარებელმა, მას ვისაც ქართველი ქალები უფრო ხიბლავს, თავის ერთ–ერთი „გერლფრენდის“ ცხოვრებისეული ისტორია მოჰყვა.  მან ვირტუალურ მეგობარს გაანდო, რომ „მისი გოგო“, რომელიც გათხოვილია და ქმარს მასთან ღალატობს,  წუხდა ადრეულ ასაკში დაოჯახებას და ხშირად აღნიშნავდა, თუ რა კარგად გრძნობდა თავს „საყვარელთან“.  

ქმრიანი ქალის სატრფომ უფრო „შორს წასვლა“ გადაწყვიტა და ჯერ საყვარელი გოგონას სახელი გაამხილა საჯაროდ, შემდეგ მისი მეუღლის მეტსახელი. სწორედ აქ მოხდა დიდი ტრაგიკომედია: მეორე მომხმარებელი სწორედ იმ გოგონას ქმარი აღმოჩნდა, ვისი ცხოვრების „ტრაგიკულ“ მომენტებსაც ვირტუალური მეგობარი უყვებოდა. ეს მათი დიალოგის მომსწრე სხვა იუზერებმაც დააფიქსირეს.  

მათი დიალოგი აღარ გაგრძელებულა და ჩვენთვის უცნობია, რა მოხდა ვირტუალური სამყაროს მიღმა. თუმცა ამ ერთი მაგალითიდანაც ჩანს, რომ ზოგჯერ ქართველი მამაკაცები იმაზე მეტს საუბრობენ თავიანთ შესაძლებლობებზე, ვიდრე ამის რესურსი რეალურად გააჩნიათ, ჭორაობენ გოგონებზე, სინამდვილეში კი სხვისი  საყვარლები მეუღლეებად ჰყავთ.

ქართველი ფსიქოლოგები კი იმაზე თანხმდებიან, რომ მენტალიტეტის, აზროვნებისა და ღირებულებების შეცვლას ათწლეულები სჭირდება.

შესაბამისად, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ( მათი რიცხვი საკმაოდ დაბალია), რამდენიმე ათწლეული მოცდა მოუწევთ, ან მთელი ცხოვრება დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. რა უფრო რთულია, ლოდინი, თუ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, ეს თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია.

საქართველოში სიყვარული და სექსი ერთდროულად იშვიათ „მოვლენად“ იქცა. ამაზე კი დანგრეული ოჯახების შემაშფოთებელი სტატისტიკაც მეტყველებს.

და მაინც... თუ ეს „იშვიათობა“ ვინმეს აქვს, მაშინ გარშემომყოფთა რთულ დამოკიდებულებასთან გამკლავება უწევს. ბუნებრივია, აქ სიყვარულისა და სექსის ერთდროულად არსებობაში იგულისხმება დაუქორწინებელი წყვილები, რომლებიც ამას რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებენ.

ინდოელი სულიერი მასწავლებელი და ფილოსოფოსი ოშო ერთდროულად სიყვარულსა და სექსს ასე ხსნის: 

„ ვინ გითხრათ, რომ სექსი ჭუჭყიანია?! - მთელი სიცოცხლე სექსის წყალობით არსებობს, მთელი სიცოცხლე მისგან იქმნება. სექსი არ არის თქვენი ქმნილება, ეს ღმერთის საჩუქარია.  ეს სიხარულია!  ღვთაებრივი საჩუქარია, ტკბობა და დღესასწაული. იმ დიად დღესასწაულში მონაწილეობაა, რომელსაც არსებობა წარმოადგენს. რა მშვენიერია ყვავილი – დაკვირვებულხართ?

ისიც სექსუალურია. ჩიტი, რომელიც მღერის დილით განდეგილის საცხოვრებლის მახლობლად, მშვენიერია... დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეს მისი სიმღერა სექსუალური მიპატიჟებაა? ის ეძებს პარტნიორს, საყვარელს...

ყველგან, სადაც არის სილამაზე, არის სექსი.

არაფერია ცოდვა უბრალო, სუფთა სექსში. ეს ბუნებრივია. საჭირო არ არის დამალო ის სიტყვა „სიყვარულის“ მიღმა. საჭირო არაა შექმნა რომანტიული ბურუსი მის გარშემო. ჩემი მიდგომა არც ამქვეყნიურია, არც იმქვეყნიური... მიმაჩნია, რომ ძვირფასია ყველაფერი, რაც მოგეცემა. ეს რომ ასე არ იყოს, სამყარო უბრალოდ, არ მოგცემდა იმას, რაც უმნიშვნელოა. საკუთარი სექსუალობის შესწავლით, ერთხელაც წააწყდებით საკუთარ სულიერებას. მაშინ გახდებით თავისუფალნი“...

 
 
ავტორი: თაზო

ჩემი შეხსენების გარეშეც ალბათ ყველამ იცით, რომ კომუნიზმი ქადაგებდა კლასობრივ თანასწორობას(რამდენად გამსდიოდა, ეს საკითხავია). მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ერთნაირად ცხოვრობდა: ერთნაირი სახლები, ერთნაირი ავეჯი, ერთნაირი ტანსაცმელი, ერთნაირი ანაზღაურება.   ვინე მასისგან რაიმე ნიშნით თუ გამოირჩეოდა, ცუდ ტონად ითვლებოდა.

კომუნიზმი უკვე 20 წელია წარსულს ჩაბრადა, კლასობრივი უთანასწორობაც უფრო თვალშისაცემი გახდა.  ზოგი ჯიპით დადის, ზოგი “მარშუტკით”, ზოგს “ჯადორეს სუნი ასდის”, ზოგს კი-ბალახის. მოკლედ, ვის რამდენი აქვს, იმდენის უფლებას აძლევს საკუთარ თვს.

თუმცა, პირადად მე გაჭირვებული ადამიანებისგან ხშირად მომისმენია შედარებით შეძლებული ადამიანების კრიტიკა:

“საიდან მოიყვანა ახლა ასეთი კარგი მანქანა, ალბათ ხალხს მოპარა!”

“ფული აქვს და თავი დიდი ვინმე ჰგონია!”

“რადგან ბაზრობაზე ვყიდულობ ტანსაცმელს, მასზე ნაკლები ვარ?”

ერთხელ რუსუდან კერვალიშვილზე ქალები ამბობდნენ: “ნახე, თმა როგორი დავარცხნილი აქვს, ეგ მათხოვარი ეგა!”

გოგი გვახარიამ ბლოგზე ერთხელ დაწერა პოსტი, თუ როგორ სიამოვნებს ძვირიან საბანაო აუზზე სიარული, თუ როგორი კარგია კანის ფესტივალზე დასწრება და ა.შ.

გამოხმაურება ბევრი ჰქონდა. რამდენიმე მკითხველმა კი აღშფოთებული კომენტარები დაუტოვა:

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ლექსს გადავაწყდი, სადაც ავტორი “სოფლელ” და “ქალაქელ” დედას ერთმანეთს ადარებს
ლექსის მიმართ არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ გამჩენია, თავიდან მომეწონა კიდეც. თუმცა, კარგად რომ დავუკვირდი რაღაც დოზით მაინც იგრძნობა  “კლასობრივი მტრობის” ელემენტები-დედაჩემი დედაშენზე ნაკლები არაფრით არის. მე არანაირად არ მესმის ნაკლებადშეძლებულ ადამიანთა გაღიზიანება შედარებით შეძლებულთა მიმართ. იმუშავე თავდაუზოგავად და ერთხელაც შენც გექნება იმის საშუალება, რომ იყიდო ბოლო მოდელის მანქან(თუ ეს თვითმიზანია), წახვიდე კანში, ყოველდღე იარო ბასეინზე ან სოფელში მცხოვრები დედა წაიყვანო სალონში, “კარედ” შეუჭრა თმა და დაბადების დღეზე “ჟადორეს დუხი” აჩუქო. რა პრობლემა? დარწმუნებით შეგიძლიათ გითხრათ, რომ ძალიან მოუხდება და კმაყოფილიც დარჩება. შეიძლება თვითონაც “ჟადორეს”  სურნელი ამჯობინოს ბალახის ოხშივარს. (შეგიძლიათ გაიხსენოთ გადაცემა-მარაზმი, “ჩემი მშვენიერი ლედი”) ერთმა ლექტორმა ამასწინათ გვითხრა: “ადამიანთა ნაწილი ღიზიანდება, როცა შენ სუფთად ჩაცმულ-დახურულს და  დავარცხნილს გხედავს. ეს მათში გაღიზიანებას იწვევს”.  იქვე აბსურდი უწოდა უსახსრობის გამო თავის არმოვლის პრაქტიკას. ვისაც სურვილი აქვს, უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაშიც შეძლებს ჰიგიენურად ცხოვრებასო. 100%-ით ვეთანხმები. მიუხედავად “დიადი კომუნიზმის” დამხობისა, ჩვენში ალბათ მაინც ჩარჩა იმდროინდელი მსოფლხედველობის “ნაწილაკები”, ჯერ კიდევ ვერ გამოვედით წითელი ზონიდან.   ადვილი არაა  70 წლის მანძილზე შეჩვეულ ცხოვრების წესსა და აზროვნებას გადაეჩვიო და იცხოვრო ახალი ღირებულებებით, ახალი მსოფლმხედველობით.  ალბათ კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენზე უკეთ ჩაცმულ-დახურული ადამიანი ჩვენს კლასობრივ მტრად არ აღვიქვათ , არ შეგვძულდეს ვინმე იმიტომ, რომ მას ყოველდღე ბასეინზე უყვარს სიარული, არ გავაკრიტიკოთ იმიტომ, რომ ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და უყვარს “ჟადორეს სურნელი და რვა ნომერი კენტი”. თვენ როგორ ფიქრობთ,  არსებობენ დღევანდელ საქართველოში “კლასობრივი მტრები”? (იქნებ ვცდები ) 
 
 
ავტორი: თაზო

ჩემი 11 წლის ძმას, რომელიც უკვე მეხუთე კლასში გადავიდა, ექიმმა სასკოლო ჩანთის ტარება ზურგით აუკრძალა.

გიომ ზურგის არეში ყრუ ტკივილი რამდენიმე კვირის წინ იგრძნო. ქუთაისელმა ექიმებმა საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ არ უმკურნალეთ ხერხემალი გაუმრუდდებაო.

უახლოეს დღეებში თბილისში   უფრო სრულყოფილი გამოკვლევებისთვის უნდა ჩამოვიყვანოთ.  ეს ყველაფერი კი სწორედ სასკოლო ჩანთის სიმძიმემ გამოიწვია. მეოთხე კლასის მოსწავლის ჩანთა, რომელშიც ერთი სასწავლო დღისთვის საჭირო წიგნები და რვეულები აწყვია დაახლოებით 7 კილოგრამს იწონის.  ჩემი ჩანთა, რომელშიც ლეპტოპი, დამტენი და ბლოკნოტები მიდევს, სამსახურში ყოველდღე დამაქვს. მისი წონა 4-4.5 კგ-ია. სახლში რომ ვბრუნდები, მხარი საშინლად დაღლილი მაქვს ხოლმე. ახლა წარმოიდგინეთ 11 წლის ბავშვის ზურგზე  7 კილოიანი ჩანთის ტარება როგორ იმოქმედებს.

პოსტის დაწერამდე მცირე მოკვლევის ჩატარება ვცადე. მინდოდა გამერკვია საქართველოში თუ არსებობდა რაიმე სტანდარტი, რომლელიც განსაზღვრავდა ბავშვისთის ყოველდღიურად რამდენი კილოგრამის ტარებაა დასაშვები. მსგავსი ვერაფერი ვიპოვე. ზოგიერთ ინგლისურ ფორუმზე კი განსხვავებული ინფორმაციები დევს.

მე მაინტერესებს ბლოგის მკითხველმა რამე თუ იცის ამის შესახებ, ან საზღვარგარეთ როგორ რეგულირდება ეს საკითხი? ან თქვენ თუ შეგქმნიათ მსგავსი პრობლემა?

ვფიქრობ, ამ საკითხით აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ, რადგან როგორც გავიგე ჩემი ძმის რამდენიმე კლასელსაც და სხვა ბავშვებსაც  მსგავსი პრობლემა აქვთ. გამოსავალი კი ამ ეტაპზე მხოლოდ გორგოლაჭიანი ჩანთის ყიდვა და მკურნალობის დაწყებაა.
 
 
ალბათ, თქვენ ჩემზე უკეთ იცით თუ რა სარგებლობა მოაქვს კოცნას – ის რომ ამბორი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, აწყნარებს ნერვებს და ახშობს სტრესს, ავარჯიშებს სახის კუნთებს და ხელს უშლის ნაოჭების ნაადრევად გაჩენას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ანელებს ათეროსკლეროზის განვითარებას, იწვევს წონის დაკლებას და ა.შ. დილით 20 წამიანი კოცნა, მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობის საწინდარია. ასე რომ კითხვაზე, რა სარგებლობა მოაქვს მამალს, – უხ, მამალს კი არა, კოცნას – ვფიქრობ თამამად შეძლებთ პასუხის გაცემას.

საინტერესოა საიდან გაჩნდა კოცნა, ვინ იყვნენ ისინი ვინც პირველად აკოცეს ერთმანეთს. რა თქმა უნდა ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ეჭვი მაქვს, რაღაც ნაკლებად რომანტიკული მიზეზი იქნებოდა. ერთ–ერთი თეორიის მიხედვით, ტუჩებში კოცნით ხდებოდა სულის ქორწილი… ასეა თუ ისე, დღეიდან სუფრაზე იმ წინაპრების სადღეგრძელოს დავლევ, რომლებმაც კოცნა მოიტანეს ჩვენამდე. რომ არა ისინი, ახლა შესაძლოა ცხვირის ცხვირზე მიდებით ვესალმებოდეთ ერთმანეთს.

კოცნის ერთ–ერთი ნაირსახეობა, ფრანგული ამბორი გახლავთ – მადლობა ფრანგებს.  ადამიანი გენიალური ქმნილებაა. ახლა მივხვდი თუ რატომ არის ადამიანის ენა ყოველთვის სველი. იგი მუდამ საბრძოლო მზადყოფნაშია ფრანგული ამბორის შესასრულებლად.

ბევრი ფიქრობს, რომ XXI საუკუნეში რომანტიკა აღარაა, მაგრამ როგორც ირკვევა არც ასე საგანგაშოდ ყოფილა საქმე. შორეულ ა.შ.შ.–ში, ჩვენი ქვეყნის სეხნია კოლეჯის, Georgia Tech–ის სტუდენტმა, მეტად ორიგინალური და რომანტიკული გაჯეტი შექმნა – Kiss Controller. საქმე ეხება ბოულინგის თამაშს ფრანგული კოცნის საშუალებით. თამშის წარმატებით დასასრულებლად საჭიროა პარტნიორის პირში ენის სწორად და სწრაფად სრიალი. აი, ნახეთ ვიდეო:

.

ვიდეო თამაშებისა და კოცნის მოყვარულები ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან. სავარაუდოდ ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწება. ვინ იცის, იქნებ მალე ტეტრისის თამაშიც შევძლოთ მსგავსი მეთოდით. ამ მოწყობილობის გამოგონებამდე, იგივე სტუდენტმა თანამედროვე ტექნოლოგიების და კოცნის ერთმანეთთან დაკავშირება სხვა გზითაც სცადა. ამჯერად, ვიდეო თამაშების მაგივრად ფრანგული ამბორის დროს ხელსაწყო მუსიკალურ ბგერებს გამოსცემს. საკმარისია ენის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა და მუსიკა აჟღერებას იწყებს.  ვიდეოში უფრო კარგათ ნახავთ მოწყობილობის მუშაობის პრინციპს და მოუსმენთ ფრანგული ამბორის სიმფონიას. (გირჩევთ ვიდეო ბოლომდე ნახოთ, 2:04 წუთის შემდეგ იწყება სიმფონია)

.

მე თუ მკითხავთ, ეს ვარიანტი ბოულინგზე უკეთესია. ყველა შეყვარებულ წყვილს ეძლევა შანსი თავისი განუმეორებელი სიმფონიის შექმნისა, სადაც დირიჟორიც თავდ იქნება, კომპოზიტორიც, მუსიკოსი და მაყურებელიც. ასევე  საინერესო იდეად მეჩვენება, ფრანგული კოცნით მონიტორზე ასო ბგერები რომ იწერებოდეს – ნამდვილი სასიყვარულო ლექსები შეიქმნებოდა:

ნსაბდსფუვჰ ფგ იგჰც ცბცბბ

მცდვცბდფუ ქუპ ქდბქიპ

რამდენი დამიწერია. კოცნაზე ამდენი ლაპარაკი არ შეიძლება. ბოლოს მაინც ვიტყვი: ჩემი აზრით საჭიროა დედამიწის ცენტრში ცოცხალი ამბორის ქანდაკებები დაიდგას. (რა კარგია რომ დედამიწა მრგვალია და მისი ცენტრი ყოველი ფეხის  ნაბიჯზეა!). ჰო, კიდევ, თუნდაც ზღაპრები გაიხსენეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს კოცნას ზღაპარში, ბაყაყებიც კი ლამაზ უფლისწულებად გადაიქცევიან ხოლმე კოცნის შემდეგ, მძინარე მზეთუნახავები…

 
 
ავტორი: druck

მოგეხსენებათ თანამედროვე ჩვენი ყოფაცხოვრება “ნივიჟუ”-ს გარეშე წარმოუდგენელია, (не вижу – რუსული სიტყვაა და “ვერ ვხედავ”-ს ნიშნავს –ეს ისე), წარმოგიდგენიათ რამდენი დრო შეიძლებოდა დაგეკარგათ ქუჩაში მოსაწყენ საუბარში ეს შესანიშნავი ხერხი რომ არ არსებობდეს? ნივიჟუს ყველაზე გავრცელებული ხერხები. სავარაუდოდ ეს ხერხები ყველას გეცნობათ არა?

რა მაგარი შენობაა — მოქმედება ხდება ქუჩაში, როდესაც დაინახავ რა მოახლოებულ ნაცნობს, არასასურველი შეხვედრისგან თავის არიდების მიზნით, დიდი ინტერესით შეაჩერდები გვერდით აღმართულ კორპუსს, და მანამ დატკბებით ამ ნაგებობის შეუდარებლობით, სანამ არასასურველი პიროვნება არ ჩაივლის (დიდი ალბათობაა იმისა რომ ამ დროს ის მოპირდაპირე მხარეს მდგარ მაღაზიას დააკვირდეს გულდასმით).

ხოოდა გეუბნებოდი – ეს ის შემთხვევაა როდესაც თანამგზავრი გყავს, და შენ ისევ ნივიჟუს გამო, პირველი რაც თავში მოგივა იმას დაახეთქებ და ინტერესით შეხედავ, თითქოს პასუხის მოლოდინში.. სავარაუდო გაგრძელება : რა? ან რეებს ბოდავ? – და გაკვირვებული თანამგზავრის სახე სანამ აუხსნი თუ რაში დაგჭირდა ეს.

ტექნიკა ოთხ ever– სიტუაცია როდესაც ხსნა თითქოს არ ჩანს (მაგალითად მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც არაფერია საინტერესო და არც თანამგზავრი გყავს) მაგრამ მანძილი დიდია და რაღაცის მოფიქრება ხომ ყოველთვის შეიძლება… ამ შემთხვევაში საქმეში ერთვება ტექნიკა, ყველაზე ხშირად მობილური ტელეფონის სახით, მომენტალურად ვიღებთ მობილურს ჯიბიდან, დიდი ინტერესით ვიდებთ ყურზე და ხმადაბლა ვიწყებთ საუბარს (რაზეც გინდათ) : ყველაზე გავრცელებული ფრაზებია : ხო, როგორა ხარ? კი მოვდივარ, მალე მოვალ და აშ… ოღონდ რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა ჩაერთოთ ამ “სატელეფონო საუბარში” და მაქსიმალური ეფექტისთვის ხელებიც მოიშველიოთ… შესაძლოა მან დაგინახოთ და გიცნოთ კიდეც, მაგრამ გაიფიქრებს რომ ნამდვილად არ სცალია ჩემთვის და არც ის ეწყინება რომ თქვენ ის “ვერ შეამჩნიეთ”.

რა ლამაზია თბილისი — სიტუაცია ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამარშუტო ტაქსში ან ავტობუსში… როდესაც სკამზე მოკალათებულები, ვხედავთ რა ტრანსპორტში ამომავალ ნაცნობს,  ისეთი ინტერესით ვიყურებით ფანჯარაში, თითქოს თბილისი ჯერ არ გვინახავს ან ქუჩაში (აქ რამე ორიგინალური) ხდებაო….

იძულებითი მოწყალება — ეს ვისაც არც მობილური აქვთ, ამ შემთხვევაში უნდა გაგიმართლოთ (პრინციპში თანამედროვე თბილისში უკვე აღარ), და ისეთ ადგილას მოგიწიოთ ნაცნობის თვალის არიდება სადაც იქვე ახლოს მათხოვარი მოწყალებას თხოულობს (ითხოვს :აბიტურიენტი:) .. ამ დროს თქვენ სერიოზული სახით მიდიხართ მასთან, თუ ასარიდებელი ობიექტი შორსაა, დიდხანს იქექავთ ჯიბეებს (ჩანთას-გოგოები), და ბოლოსდაბოლოს, მისი ჩავლის შემდეგ დაუტოვებთ მათხოვარს ნანატრ ხურდას და კმაყოფილი აგრძელებთ გზას და იფერებთ მოქალაქეთა აზრებს : ნახეთ რა კარგი ახალგაზრდაა-ო )

და ბოლოს, არ გაგიმართლათ და ვერ მოახერხეთ თავის არიდება, მაშინ საუბრის შინაარსი დახლოებით ასეთია : - ზდაროვა (პრივეტ-გოგოები) - ზდაროვა რავახარ? (პრივეტ როგორ ხარ) – აქ შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს, და მან გიპასუხოს “კარგად შენ?” მაინც ავტომატურად… - რავი არა მიშავს, შენ? (კარგად შენ?) - მოკითხვა მაინც ზრდილობის საკითხია… - მეც მაგრად - არადა შენ არა მიშავსო უთხარი და ც ამ შემთხვევაში ზედმეტია… (მეც კარგად) - რას შვები? (რას შვები?) - სრულიად რომ არ გაინტერესებთ… - რავი არაფერს, შენ?(იგივე) -არც ის კვდება ინტერესით - მეც არაფერს, რა ხდება ახალი შენსკენ? (იგივე) - რავი არაფერი.. -დავაი აბა შენ იცი მაგრად (კაი, კარგად) ფააფუ… არ ჯობდა ეხლა ამას ნივიჟუ?