შესავალი 02/04/2012
ბავშვის დაბადების პირველი წუთებიდანვე აუცილებელია მასთან კომუნიკაციის აქტიური და სწორი მეთოდების გამოყენება. მშობლებმა და განსაკუთრებით დედამ უნდა იცოდეს მისი ნორჩის ძირითადი თვისებები, მოთხოვნილებები და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდება ბავშვის ჰარმონიულად აღზრდა ზრდისა და განვითარების ყოველ ეტაპზე ბავშვი იცვლის ზნეს, ინტერესების სფეროს, ქცევათა კომპლექსს - ახალშობილების შემთხვევაში ეს ცვლილებები საათების და დღეების განმავლობაში ყალიბდება, სწორედ ამიტომ, დედამ მუდმივად ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვში მიმდინარე ამ ცვლილებებს და რაც მთავარია, იგი მუდამ მზად უნდა იყოს, რომ ადექვატურად მოექცეს შვილს. Add Comment 1 თვის ბავშვი 02/04/2012
ბავშვის დაბადებას ყოველთვის თან ახლავს უამრავი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი რჩევების მიღება ახლობლებისაგან. მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი პირმშო განუმეორებელია თავის ჩვევებითა და ქცევით. ხშირად ვერც ახსნით, თუ რა აწუხებს და რატომ ტირის ბავშვი. შეეცადეთ გეჭიროთ სხვადასხვა მდგომარეობაში, იმისათვის რომ მიხვდეთ როგორი მდგომარეობა უფრო მოსწონს. შესაძლოა თქვენს ბავშვს კეფის მიდამოში, ქუთუთოებზე ან კისერზე შეამჩნიოთ მცირე ზომის მოვარდისფრო ან მოწითელო ლაქები. ისინი წარმოიქმნებიან კანქვეშ მდებარე წვრილი კაპილარებისაგან და დაახლოებით 3-4 თვის ასაკში უკვალოდ ქრებიან. ჭიპლარი ჩვეულებრივ მეორე კვირას, იშვიათად კი მესამე კვირას ძვრება. მანამდე ბავშვი არ აბანაოთ აბაზანაში, უბრალოდ გაწმინდეთ სველით ღრუბელით. ნუ შეგეშინდებათ ყიფლიბანდის არეებისა და თავის რბილი ნაწილების დაბანა. პირველი კვირის განმავლობაში თქვენი ბავშვის ძილის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 საათია დღე-ღამეში. ძილის შედარებით მუდმივი რეჟიმი, უკეთეს შემთხვევაში, მომდევნო თვეს დარეგულირდება. ამ ასაკის ჩვილები საკვებს ყოველ 2 ან 3 საათში უნდა ღებულობდნენ. ზოგჯერ, საკვების მიღების შემდეგ ბავშვი წამოაქაფებს. ამაში საშიში არაფერია, თუ თქვენი ბავშვი წონაში ნორმალურად მატულობს. შეეცადეთ საკვები მისცეთ შედარებით უფრო ნელა, შესვენებებით. უმჯობესია, თუკი ჭამის ბოლოს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვს დაიკავებთ ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში. შესაძლოა ჩვილის ტანზე შეამჩნიოთ პატარა ნაკაწრები, ე. ი. დროა დააჭრათ ფრჩხილები. ამის გაკეთება უმჯობესია როცა ბავშვს სძინავს. გამოიყენეთ მრგვალბოლოებიანი მაკრატელი; მოჭერით სწორად, კანიდან ცოტაოდენი დაცილებით. როგორც კი ბავშვს თვალი ირგვლივი კუნთები მომაგრდება, მისი გამოხედვა უფრო ფიქსირებული ხდება. ამ ასაკში ბავშვები ახლომხედველები არიან, ამიტომ სათამაშოები დაახლოებით ნახევარი მეტრის დაცილებით უნდა დავუდოთ. ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება ხელებისა და ფეხების მოძრაობა ჯერ კიდევ რეფლექტორულია; ბავშვს აქვს უეცარი კრთომები (მოროს რეფლექსი); მუშტები მჭიდროდ შეკრულია; ზურგიდან ნაწილობრივ გადაგორდება გვერდზე; თავის დაჭერა შეუძლია ერთ ხაზზე; აკვირდება უძრავ საგნებს, მაგრამ მათკენ არ მიიწევს; თუკი გავუშლით თითებს, შეუძლია სათამაშოს დაჭერა, მაგრამ მაშინვე ხელს უშვებს; ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება ნახევარი მეტრის მანძილში აფიქსირებს მხედველობას მშობლებზე; გიყურებთ თვალებში; მშვიდდება და ყუჩდება, როცა აკვირდება ადამიანების სახეებს; რეაგირებს ადამიანის ხმაზე. ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება 10 საათიდან აქტიურია 1 საათი; სიფხიზლის პერიოდში სახის გამომეტყველება ბუნდოვანია, არაფერს არ გამოხატავს; სცნობს დედას სუნითა და ხმით; ტირის, როცა დახმარება უნდა. 2 თვის ბავშვი 02/04/2012
თქვენი ჩვილი თანდათანობით ეგუება გარე სამყაროს. თქვენც ასევე თანდათანობით ეჩვევით ოჯახის ახალ წევრს, სწავლობთ მის ხასიათს. შესაძლოა იგი არ ურთიერთობს თქვენთან, მაგრამ მთელი იმ დროის განმავლობაში როცა მას არ სძინავს, ის ხედავს, მას ესმის, სწავლობს. მას უკვე შეუძლია გამოხატოს არა მხოლოდ დისკომფორტი, არამედ კმაყოფილებაც, ხოლო მეორე თვის ბოლოს ის უკვე სრულიად შეგნებულად გიღიმით. ამ პერიოდში თქვენი ბავშვის მხედველობა და სმენა იწყებს კოორდინირებას. ბავშვი უკვე ტრიალდება ხმაურზე და იწყებს თვალებით ძებნას. თვის ბოლოს ის უკვე თვალს აყოლებს საგნებს, თავდაპირველად მარჯვნივ და მარცხნივ, შემდეგ კი – ზემოთ და ქვემოთ. ამ თვის დასაწყისში ბავშვს სახეზე შესაძლოა გაუჩნდეს წითელი ფერის გამონაყარი, რაც უკავშირდება სისხლში დედის ჰორმონების გაქრობას. ეს გამონაყარი გაივლის 4-6 კვირაში. შესაძლოა აქვე შეამჩნიოთ ქერცლები თავზე. ეს ჩვეულებრივ ბავშვს არ აწუხებს, არც მტკივნეულია და არც ქავილს იწვევს; თქვენი პედიატრი დაგარიგებთ, თუ როგორ მოიქცეთ. თვის ბოლოს კვება და ძილი მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია, თუმცა დროდადრო შესაძლებელია ამ გრაფიკიდან გადახრაც. როგორც კი ბავშვის წონა 5 კგ-ს გადააჭარბებს და გადალახავს კოლიკებს, მას უკვე შეუძლია გადაბმულად 7 საათი იძინოს. ბავშვი ყოვლთვის დააწვინეთ ზურზე. თვის ბოლოს ბავშვი უკვე თავს სწევს მუცელზე წოლისას. აქტიური ბავშვები ცოცვით მოძრაობებსაც კი იწყებენ. ბავშვის მოძრაობა ნაკლებად მკვეთრია, იგრძნობა კონტროლი საკუთარ სხეულზე. მართალია ხელებისა და ფეხების მოძრაობა ჯერ კიდევ მიზანმიუმართავია, მაგრამ ეს მთლად ასეც არაა. ასე ბავშვი თავის კუნთებს ავარჯიშებს. ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება იჭერს თავს რამდენიმე წამის განმავლობაში; მჯდომარე მდგომარეობაში თავს სწორად იჭერს, თუმცა ჯერ კიდევ არამყარად; კუნთთა ტონუსი თანდათანობით უმჯობესდება; ათვალიერებს გარემოს; აქვს კოორდინირებული გამოხედვა, როცა ათვალიერებს საგანს; შეუძლია თვალის გააყოლოს მოძრავ საგანს; შეუძლია სწვდეს საგანს. ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება წოვის დროს წყნარდება; შეუძლია აყვეს ხმოვან ბგერებს; მშვიდდება, როცა მას ხელში იყვანენ ან როცა ხედავს ან ესმის ადამიანის; მეტხან ფხიზლობს, თუკი მას ეთამაშებიან; ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება კარგად ასხვავებს ხმებს, ადამიანებს, საგნებს, აქვს გემოს შეგრძნება; შეუძლია ,,აღუს“ წარმოთქმა. 3 თვის ბავშვი 02/04/2012
თანდათანობით გარემო და მემკვიდრეობით მიღებული ტემპერამენტი თქვენს ჩვილს უყალიბებს მის პიროვნებას. თქვენ უკეთ გესმით მისი, თუ როდის შია, როდისაა მოწყენილი, ან თუ რაიმე აწუხებს. ამ პერიოდში სენსორული სტიმულაცია ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვისათვის. მას უნდა, რომ ელაპარაკოთ, ეთამაშოთ, აჩვენოთ ახალი საგნები. მოსწონს, როცა მასთან ურთიერთობთ და საშინლად უკმაყოფილოა, თუკი დიდი ხნით დატოვებთ მარტო. მომდევნო თვეში თქვენი ბავშვი დაიწყებს ,,საუბარს“. გარკვეულ ხმების ან მუსიკის გაგონებაზე ბავშვი წყნარდება და შეიძლება კიდეც აჰყვეს ღუღუნით. აქამდე ბავშვს ხელები მუდმივად მუჭად ჰქონდა შეკრული. 3 თვიდან ხელები უფრო მოშვებული, ზოგჯერ კი გაშლილი აქვს. მას მოსწონს თავისი ხელების თვალიერება, თითების მოძრაობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ხელები მხედველობის ველიდან ქრებიან და შემდეგ კვლავ ჩნდებიან. უფროსის დახმარებით ბავშვს შეუძლია ნახევრად მჯდომარე მდგომარეობის მიღება. ზურგზე წოლისას მხრებს სწევს და როცა აყენებთ, მცირე ხნით შეუძლია თავის დაჭერა. ამიერიდან ყველაფერი, რასაც შესაძლოა მისწვდეს თქვენი ჩვილი (ძვირფასი საგნები, სარეცხი საშუალებები, მცენარეები და სხვ.) უნდა აალაგოთ. საგანი, რასაც ბავშვი ხელს მოჰკიდებს, უნდა იყოს არამტვრევადი და არატოქსიკური. ყოველთვის თვალი ადევნეთ, არ იპოვოს წვრილი საგნები და პირში არ ჩაიდოს. თვის ბოლოს ბავშვს უკვე 10 საათი სძინავს ღამით, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გაიღვიძოს. თუკი თქვენი ბავშვის ყოველ გაფაჩუნებაზე არ წამოხტებით, ის მალევე გადაეჩვევა ღამით გაღვიძებას. თუკი ბავშვი ცუდად იძინებს, შესაძლოა დღისით არ გაასეირნეთ საკმარისად. გაღვიძების შემდეგ არ დატოვოთ ბავშვი დიდხანს საწოლში. პრობლემები შესაძლოა მაშინაც წარმოიქმნას, როცა ბავშვი ზედმეტად აღიგზნება, განსაკუთრებით ძილის წინ. დაძინებამდე ჩაატარეთ პატარა რიტული – ცოტაოდენი აჭამეთ, გამოუცვალეთ, უმღერეთ. ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება მუცელზე წოლისას შეუძლია იდაყვებზე აწევა და აწეული მხრებისა და თავის გაჩერება 10 წამის განმავლობაში; ბავშვის სახე უფრო მეტყველი ხდება; ხელში აყვანისას ჭიმავს თავის სხეულს; ხელები ჩვეულებრივ გაშლილი აქვს, ტაცების რელექსი ქრება; იკვლევს საკუთარ სახეს, თვალებს, პირს, ხელების დახმარებით. ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება სცნობს და ერთმანეთისაგან ასხვავებს ოჯახის წევრებს; უფრო მეტად იღიმება; ნაკლებად ტირის; ყვება ხმებს და ღუღუნებს; რეაგირებს მშობლების დანახვაზე და ცდილობს მიიპყროს ყურადღება. ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება იწყებს მეხსიერების დემონსტრირებას, – ელოდება მოსალოდნელ მოქმედებას; ვიზუალურად ეძებს ხმის წყაროს, თავისა და კისრის მოტრიალებით; სწავლობს საკუთარი თითების მოძრაობას; ასხვავებს ლაპარაკს სხვა ხმებისაგან. 4 თვის ბავშვი 02/04/2012
ოთხი თვის ბავშვი თქვენ უკვე აღგიქვამთ როგორც მისგან დამოუკიდებელ პიროვნებას. ის უკვე სრულიად გაცნობიერებულად გამოხატავს სიხარულს ოჯახის წევრებისა და მისთვის ნაცნობი ადამიანების დანახვისას. ძალიან მოსწონს როცა ,,ესაუბრებით“. ამ პერიოდში იცვლება ბავშვის თმის სტრუქტურა და ფერი. ღინღლები თანდათანობით ცვივა და მათ ადგილზე ახალი თმა იზრდება. ასევე იცვლება თვალის ფერიც. თუკი კბილებიც დაიწყებენ ამოჭრას, ბავშვს გაუძლიერდება ნერწყვდენა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდბა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში. თანდათან უმაგრდება კუნთები. მუცელზე წოლისას, ხელებზე დაყრდნობით, უჭირავს მხრები და თავი. თვის ბოლოს ბავშვს უკვე კარგად უჭირავს თავი. ატრიალებს ყველა მიმართულებით და სწევს მაღლა ზურგზე წოლისას, ცდილობს რა დაინახოს საკუთარი ფეხები. შეუძლია ფეხების მაღლა აწევა, ასე, რომ სწვდება საკუთარ მუხლებს ან ფეხის თითებს. ბავშვს უკვე ისევე კარგად ესმის, როგორც მოზრდილ ადამიანს. არჩევს ხმის წყაროს და რეაგირებს მუსიკაზე. მოსწონს როცა თავად რაიმე ხმებს გამოსცემს. თვის ბოლოს უკვე შეუძლია ფერების გარჩევა. მისი თვალები კარგად ფოკუსირდება და ხედავს 3,5 მეტრის სიშორეზე. ბავშვი ადვილად აყოლებს თვალს მოძრავ საგანს ან ადამიანს. იწვდის ხელს მისთვის საინტერესო საგნისაკენ. ამ პერიოდიდან ბავშვს უკვე სძინავს 10-11 საათი ღამე, დღისიც იძინებს 3-ჯერ. თქვენი პედიატრი გირჩევთ, რომ ამ ასაკიდან ბავშვის რაციონში ჩართოთ შედარებით მაგარი საკვები (4-6 თვის ასაკში). დღეში მიეცით არაუმეტეს ერთი ახალი საკვები, მცირე ულუფით. თუკი თავდაპირველად ბავშვი უარს ამბობს მაგარი საკვების მიღებაზე, არ დააძალოთ, შეაჩვიეთ ანდათანობით. ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება შეუძლია გადატრიალდეს ზურგიდან მუცელზე, ან მუცლიდან ზურგზე; კარგად უჭირავს თავი მცირე ხნის განმავლობაში; ატრიალებს თავს ყველა მიმართულებით, როცა ზის ან წევს; შეუძლია შეასრულოს ცურვითი მოძრაობები და გადაადგილდეს საწოლში აფიქსირებს მზერას საგნებზე; ხელს ტაცებს სათამაშოს და მიაქვს პირისაკენ; ათვალიერებს იმ ადგილს, საიდანაც დავარდა საგანი; შესაძლოა დაეწყოს კბილების ამოჭრა; შეუძლია მაგარი საკვების მიღება; ასხვავებს საკვებს, აქვს გემოვნების შეგრძნება. ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება იცინის, როცა ეთამაშებიან, და ტირის თუკი წყვეტენ მასთან ურთიერთობას; ინტერესდება საკუთარი ანარეკლით სარკეში და უცინის მას; ცდილობს თავადვე დაწყნარდეს; გამოსცემს სხვადასხვა ბგერებს, რათა დაიწყოს ,,ლაპარაკი“; სწავლობს ადამიანებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებას; წყნარდება მუსიკის ხმის გაგონებაზე. ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება აქტიურად თამაშობს 1-2 საათის განმავლობაში; შეუძლია რაიმეს დამახსოვრება 5-7 წამით; მეტად რეაგირებს და უცინის ცოცხალ ადამიანს, ვიდრე გამოსახულებას; კმაყოფილებით წარმოთქვამს ახალ ბგერებს და ყვება სხვადასხვა ინტონაციებს. 5 თვის ბავშვი 02/04/2012
თქვენი 5 თვის ბავშვი უკვე იოლად ტრიალდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით, შეუძლია წამოჯდომა, თუკი დაეხმარებით. თვის ბოლოს ბავშვი თავის დაბადების წონას აორმაგებს. იგი ყურადღებით ათვალიერებს საკუთარ თითებს და ეტანება ყველაფერს, რაც კი მის თვალთახედვის არეში ხვდება. ბავშვს შეუძლია ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანოს, ან ორივე ხელით დაიჭიროს რაიმე საგანი; ყველაფერი პირისკენ მიაქვს და ღეჭავს. ამ ასაკის ბავშვი სულ უფრო მეტად აკავშირებს ხმოვან და თანხმოვან ბგერებს. ბავშვის მეტყველების განვითარება მთლიანად დამოკიდებულია მის სმენაზე და ამიტომ სმენის დაკარგვის ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, თქვენი ბავშვი დილით ადრე იღვიძებს, როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს. დღისით კი ზოგჯერ მხოლოდ 2-ჯერ იძინებს. ამ ასაკის ბავშვების უმრავლესობას უკვე უმთავრდებათ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დედისგან მიღებული რკინის მარაგი და ამიტომ აუცილებელი ხდება მინერალების მიღება სხვა წყაროებიდან. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის საკმარისია დედის რძის შემცვლელის მიცემა, რომელიც შეიცავს რკინას. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს კი აძლევენ რკინის შემცველ ფაფებსა და დანამატებს. ბავშვის კვების რაციონის გასამრავალფეროვნებლად, დაუმატეთ რაიმე ახალი იმ საკვებში, რაც უკვე უყვარს და თანდათანობით გაზარდეთ ახალი საკვების ულუფა. თუკი ბავშვი უარს ამბობს ახალი საკვების მიღებაზე, შეწყვიტეთ მიცემა და მოსინჯეთ რამდენიმე კვირის შემდეგ. მომდევნო თვიდან შესაძლოა შეამჩნიოთ უცნაური მოუსვენრობის ნიშნები. ბავშვი სიფრთხილით ურთიერთობს უცხო ადამიანებთან და ზოგჯერ შიშით უყურებს უცხოს. ჩვეულებრივ, კი ბავშვი სულ უფრო მხიარული და კომუნიკაბელური ხდება. ბავშვი უფრო მეტად აქტიური და მოძრავია. აქედან განომდინარე, თქვენ სულ უფრო მეტი რამის აკრძალვა გიხდებათ მისთვის, რამაც შესაძლოა პატარაში პროტესტი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის აუცილებელია გარკვეული სტაბილურობა და რეგულარობა, რაც დისციპლინის საფუძველია, ეცადეთ არ გადააჭარბოთ და არ მოსთხოვოთ მას მისთვის შეუძლებელი. ბავშვი უკვე კარგად გრძნობს თქვენ ხასიათს: თუ თქვენ კარგა ხასიათზე ხართ, თვითონაც კარგადაა. ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება ჯდომის დროს კარგად უჭირავს თავი; მუცელზე წოლისას შეუძლია ,,მერცხლის“ გაკეთება – ასწორებს ხელებსა და ფეხებს, მაღლა სწევს თავს და იდრიკება; ადვილად გადატრიალდება; წოვს ფეხის თითებს; დამაჯერებლად სტაცებს ხელს საგნებს; თამაშობს საჩხაკუნოთი, თუკი მისცემთ ხელში; შეუძლია ბოთლის დაჭერა ერთი ან ორივე ხელით. ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება იღიმება და გამოსცემს ხმებს, ყურადღების მისაპყრობად; აპროტესტებს და გეწინააღმდეგებათ, თუკი შეეცდებით სათამაშოს წართმევას; სცნობს მშობლებსა და ახლო ნათესავებს; სიფრთხილით ეპყრობა უცხო ადამიანებს; იმიტირებს სახის გამომეტყველებას; უყვარს თამაში ჭამის დროს. ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება წარმოთქვამს ხმოვანსა და ზოგიერთ თანხმოვან ბგერებს; დაკვირვებით ათვალიერებს უცხო გარემოს; სურვილი აქვს ყველაფერი მოსინჯოს, ხელი მოკიდოს და პირისკენ წაიღოს; იხრება დავარდნილი საგნის დასანახად; გაცნობიერებულად იმიტირებს ხმებსა და მოძრაობებს. 6 თვის ბავშვი 02/04/2012
თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა და მზარდი დამოუკიდებლობა თქვენს პატარას სულ უფრო აქტიურს ხდის. იგი მუდმივად აკვირდება და სწავლობს გარემომცველ გარემოს, მოსწონს როცა მასთან ურთიერთობენ, ელაპარაკებიან, ეთამაშებიან. შესაძლებელია მან უკვე დაიწყოს მუცელზე ხოხვა, თუმცა ყველა ბავშვი არ გადის ამ სტადიას. პატარა ცდილობს წამოდგეს, მისწვდეს რაიმე საგანს და ხელში აიღოს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს უსაფრთხო ადგილი თამაშისათვის და ახალი ჩვევების გამომუშავებისათვის. პატარა, მცირე ზომის საგნების აღებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს; დიდი ზომის საგნები, ზოგჯერ ორიც კი ერთდროულად, კარგად უჭირავს ხელში, თუმცა ჯერ ვერ ხვდება როგორ გაუშვას ხელი – ცდილობს მათგან განთავისუფლებას, გადააქვს ერთი ხელიდან მეორეში. ამ პერიოდში პატარას განსაკუთრებით მოსწონს საგნების მუდმივად ძირს გადაგდება და უკმაყოფილოა როცა გადაგდებულ საგნებს ალაგებთ. თვის ბოლოს ბავშვი უკვე რეაგირებს საგნების დასახელებაზე და თავს ატრიალებს მათი მიმართულებით. ესმის ლაპარაკი ინტონაციის მიხედვით და სხვადასხვაგვარად რეაგირებს სხვადასხვა ინტონაციაზე. ცდილობს გამოხატოს საკუთარი გრძნობები. ამ ასაკში ბავშვი მუდმივად სწავლობს თქვენს სახეს, ცდილობს შეეხოს მას, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა. ამგვარი თამაშები თქვენს პატარას უძლიერებს იმის გრძნობას, რომ მისთვის ახლობელი ადამიანები მას არ მიატოვებენ. იგი ყოველთვის შეეცდება რაც შეიძლება ხშირად მიიპყროს თქვენი ყურადღება, თუკი შეამჩნევს რომ მას მოშორდით. რაც შეეხება კვებას, ეს სულ უფრო საინტერესო საქმიანობა ხდება თქვენი პატარასათვის, ვინაიდან გრძნობს, რომ რაღაც აკეთებს დამოუკიდებლად. თუკი ჯერ კიდევ უძნელდება რაიმე საკვების გადაყლაპვა, ე. ი. იგი მზად არაა ამ საკვების მისაღებად. როგორც კი ბავშვი დაიწყებს მრავალფეროვანი საკვების მიღებას, რომელიც შეიცავს მინერალებისა და ვიტამინების საკმარის რაოდენობას, უკვე შეიძლება რძის ყოველდღიური ულუფის შემცირება. ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება ცდილობს მუცელზე ხოხვას; თავისუფლად ატრიალებს თავს; ტრიალდება და იხრება ნებისმიერი მიმართულებით; შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა; უყვარს საკუთარი ხელით ჭამა; მოსწონს გარკვეული საკვები; უყვარს თამაში ჭამის დროს; შესაძლებელია დაეწყოს პირველი კბილის ამოჭრა; შეუძლია საგნებით მანიპულირება; ზურგიდან ტრიალდება გვერდზე, ცდილობს წამოდგომას. ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება გამოსცემს სხვადასხვა ხმებს, გამოხატავს კმაყოფილებასა და უკაყოფილებას; უფრთხის უცნობებს; ღუღუნებს, წყვეტს ტირილს, მუსიკის გაგონებაზე; რეაგირებს საკუთარი სახელის გაგონებაზე. ამ ასაკის ბავშვის იტელექტუალური განვითარება ხასიათისა და ემოციების ხშირი ცვლილებები; ხანგრძლივად და გულდასმით აკვირდება და სწავლობს საგნებს; სწავლობს ახალი ბგერების გამოცემას – ფ, ვ, ს, ზ, მ, ნ. შეუძლია ორი საგნის შედარება. 7 თვის ბავშვი 02/04/2012
თქვენი პატარა უკვე 7 თვისაა! ამ პერიოდში ბავშვის ზრდა-განვითარება განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ხდება. თვის ბოლოს ბავშვი დამოუკიდებლად ჯდება და უკეთ ინარჩუნებს წონასწორობას; პატარას უკვე შეუძლია ჯდომა შეუთავსოს სხვა მოქმედებას, მაგალითად თამაშს. ზოგიერთი ბავშვი იწყებს მუცელზე ცოცვას. ზოგიერთ ბავშვს გადაადგილების საკუთარი მეთოდები გამოუმუშავდება, ზოგი საერთოდ არ ცოცავს და პირდაპირ სიარულს იწყებს. გადაადგილების სწავლასთან ერთად, ბავშვს კიდევ უფრო უძლიერდება ცნობისმოყვარეობა. მას აინტერესებს რა ხდება ოთახის იქით, თუმცა ეშინია თქვენი დატოვება. ერთ მშვენიერ დღეს იგი დაძლევს ამ შიშს და გაცოცდება მეორე ოთახში, თუმცა მალეე მობრუნდება, რომ დარწმუნდეს ადგილზე ხართ თუ არა. ბავშვს შეუძლია ხელებით შესრულებული მოქმედბების განმეორება. მომდევნო ორ თვეში ის უკვე უპირატესობას მისცემს მარჯვენა ან მარცხენა ხელს. ამ პერიოდში იგი ყველაფერ ეტანება რასაც კი მიწვდება, გადააქვს საგნები ერთი ხელიდან მეორეში, ატრიალებს, ურტყამს ერთმანეთზე, ჭმუჭნის, აგდებს და ა. შ. თქვენ პატარას უკვე შეუძლია კმაყოფილების გამოხატვა სხვადასხვა ბგერებით. ხშირად იმიტირებს დიდების ხმებზე და თქვენი ხმის ტონის მიხედვით უკვე ხვდება რას ნიშნავს ,,არა“. გარდა ამისა, ბავშვმა უკვე ხვდება, რომ საგნები არსებობენ იმ დროსაც კი თუკი იგი მათ ვერ ხედავს. ეძებს დაგდებულ საგანს და აცნობიერებს რომ თუკი მას არ შეუძლია რაიმე საგანს მისწვდეს, ამის გაკეთება შეუძლია პლედის მოწევით, რაზედაც სათამაშო დევს. ამ ასაკში ბავშვის ძილისა და კვების რეჟიმი ძირითადად არ იცვლება. შეეცადეთ რეგულარულად შესთავაზოთ ახალი კერძი. ამ პერიოდში პატარას შეიძლება ამოეჭრას პირველი კბილი. როგორც წესი, ეს ქვედა პირელი საჭრელი კბილია. სწორედ ამითაა გამოწვეული გაძლიერებული ნერწყვდენა და ქვედა ტუჩის წოვა. რასაკვირველია კბილების ამოჭრამ შესაძლებელია გამოიწვიოს ეს მოვლენები თუმცა ყველაფრის დაბრალება კბილების ამოჭრაზე არ შეიძლება. თქვენ კვლავ მის მთავარ ადამიანად რჩებით; აქამდე პატარა სიტყვებს ,,დედა“ ან ,,მამა:“ გაუცნობიერებლად წარმოთქვამდა; რამდენიმე კვირაში ის მიხვდება , რომ დედა მხოლოდ თქვენ ხართ. ამ ასაკისბავშვის ფიზიკური განვითარება შეუძლია ხელებზე და ფეხებზე ცოცვა; ოთხზე დგომისას ქანაობს წინა და უკანა მიმართულებით; შეიძლება ამოეჭრას ერთი ან ორი კბილი; ორივე ხელში უჭირავს სათამაშო და უყვარს როცა ერთმანეთზე ურტყამს; იკვლევს საკუთარ სხეულს ხელებისა და პირის დახმარებით; საგნებს იღებს თითებით. ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება ხვდება, როცა ეთამაშებიან; ხელს უსვამს გამოსახულებას სარკეში; ხვდება რას ნიშნავს ,,არა“, თქვენი ინტონაციის მიხედვით; ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება ყურადღება უკეთადაა კონცენტრირებული, ამჟღავნებს ინტერესს სხვადასხვა დეტალების მიმართ; ხვდება, რომ საგანი არსებობს, მაშინაც კი, თუკი მას იგი ვერ ხედავს; ბაძავს სხვადახვა ბგერებს; წარმოქთქმავს ბგერებს მა, მუ, და, დი; ითვისებს საკუთარი მოქმედებების თანამიმდევრობას; ხვდებ, რომ არსებობს დედა და ის მხოლოდ ერთია; სცნობს საკუთარ სახელს. 8 თვის ბავშვი 02/04/2012
თქვენი პატარა სულ უფრო ცნობისმოყვარე ხდება – სურს თვითონ შეიცნოს ყველაფერი, დამოუკიდებლად გამოიკვლიოს გარემო, თუმცა ხვდება, რომ საკუთარმა მოქმედებებმა შესაძლოა თავად მას ავნოს. იგი უზრუნველად მოგზაურობს ოთახებში და ცოცავს ყველგან, ათვალიერებს ირგვლივ ყველაფერს. ამ პერიოდში ბავშვს გადაადგილების საკუთარი ტექნიკა სრულყოფილად აქვს გამომუშავებული და საკმაოდ თავისუფლად გძნობს თავს. ცოცვის პროცესში მას კარგად განუვითარდა კუნთები და ამიტომაც ცდილობს ფეხზე დადგეს. როგორც კი ის ამას შეძლებს, მაშინვე შეეცდება იმის გარკვევას, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ მდგომარეობაში. ამ პერიოდში სამზარეულო ბავშვისთვის ყველაზე საინეტერესო ადგილია. გაითვალისწინეთ, რას შეიძლება მისწვდეს თქვენი პატარა და კარგად ჩაკეტეთ კარადები. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ სანაგვიდან ყველაფრის გადმოყრა და ოთახში მობნევა, ამიტომ მოაცილეთ სანაგვე, ისე რომ ბავშვი ვერ ხედავდეს მას. ყოველთვის გააფრთხილეთ, როდის აღებთ და კეტავთ კარს – ბავშვებს უყვართ კარებს უკან დამალვა. ბავშვი უკვე კარგად ხმარობს თითებს და წვრილ საგნებსაც იოლად იღებს საჩვენებელი თითისა და ცერის დახმარებით. შეუძლია მიგანიშნოთ რა სურს მას და თვალი გააყოლოს იქით, სადაც მიუთითებთ. მისი მხედველობა და დაკვირვებულობა უკვე იმდენადაა განვითარებული, რომ ადვილად ამჩნევს ახალ საგანს ოთახში. ამ ასაკში ბავშვს მადა ძალზე ცვალებადი აქვს. კბილების ამოჭრისას კი მადას კარგავს და აღარ ჭამს. ამიტომ გაითვალისწინეთ ბავშვის სურვილები და ნუ აჭმევთ ძალდატანებით. ამ ასაკის აქტიური ბავშვების ძილის ხანგრძლივობა შემოკლებულია. მაგრამ თუ ბავშვი დაღლილია, ძილი უფრო ხანგრძლივი აქვს. თუ ბავშვი ზედმეტად აღიგზნო, ღამით ცუდად დაეძინება, ამიტომ ასეთ დროს შეეცადეთ მოეფეროთ, დაამშვიდოთ, დაარწიოთ. ეცადეთ ელაპარაკოთ, მაშინაც კი თუ ეს მონოლოგია და შეამჩნევთ, რომ ბავშვი იმეორებს თქვენი ტუჩების მოძრაობას. ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება ავითარებს ხელების თითებს; შეუძლია ითამაშოს სათამაშოებით და ერთდროულად თვალყური ადევნოს სხვა საგნებსაც; გიჩვენებთ საგნებს და აყოლებს მზერას იქით, სადაც უფროსები მიუთითებენ; ცოცავს სათამაშოთი ხელში; დგება ფეხზე, რამე საყრდენზე ხელის მოკიდებით; დგამს ერთ ფეხს მეორეს წინ; შეუძლია ტაშის დაკვრა; ყველაფერს უსინჯავს გემოს. ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება ხელს კრავს მისთვის უინტერესო საგანს; მიკედლებულია მშობლებზე და არ უყვარს უცხო ადამიანები; ეფერება და კოცის საკუთარ ანარეკლს სარკეში; არ უყვარს, როცა რაიმეთი ზღუდავენ. ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება ახსოვს განვლილი მოვლენები; სწავლობს მისგან დაშორებულ საგნებს, როგორც სამგანზომილებიან რეალობას; აკავშირებს მისთვის ნაცნობ ქცევის ტიპებს ახალ მოქმედებებში; გაცნობიერებულად ამბობს ,,დედას“ და მამას’. 9 თვის ბავშვი 02/04/2012
ამ ასაკში ბავშვი უკვე დამოუკიდებლად ჯდება. ზოგიერთები კი სიარულსაც იწყებენ რაიმე საყრდენზე ხელის მოკიდებით. როგორც წესი, პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იწყება დივანის ან ჟურნალების მაგიდის სიახლოვეს. პატარას მზარდი ცნობისმოყვარეობა და მუდმივი მოძრაობა მშობელს აიძულებს სერიოზულად დაფიქრდეს მის უსაფრთხოებაზე. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ცოცვა – რაიმეზე აცოცებას ახერხებენ, თუმცა იქიდან ჩამოსვლა უძნელდებათ სხვის დაუხმარებლად. თქვენი პატარა უკვე ხვდება საგნებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. მას შეუძლია პატარა საგანი დაადოს უფრო დიდს და ააწყოს კოშკი. იგი აცნობიერებს, რომ საგნები და ადამიანები ცალკ-ცალკე არსებობენ, ხვდება რომ როდესაც ოთახიდან გადიხართ, თქვენ კი არ ქრებით, უბრალოდ ის თქვენ ვერ გხედავთ. ბავშვს მართალია მას მოსწონს დამოუკიდებლობა, თუმცა სურს რომ მუდმივად მასთან იყოთ. ამგვარი დამოუკიდებლობის კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რომ იგი თავს ანებებს ძუძუთი კვებას. თუმცა ძუძუდან მოწყვეტამდე, აუცილებელია პედიატთან კონსულტაცია. ამ ასაკში ბავშვი ხშირად იმეორებს გარკვეულ ბგერებს, ანუ ის უკვე ცდილობს ლაპარაკის დაწყებას. შესაძლებელია 2 ან 3 თვეში მან წარმოთქვას თავისი პირველი სიტყვები; ზოგჯერ კი ეს პერიოდდი გრძელდება 18 თვემდე და 2 წლამდეც კი. ეცადეთ ხშირად ელაპარაკოთ, გაუმეორეთ საგნების სახელწოდებები. ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება უკავს ტაშს და აკაკუნებს საგნებით; შეუძლია ორის საგნის ერთდროულად აღება და თამაში; პატარა საგნებს იღებს თითებით, დიდებს კი – ხელებით; ფეხზე დგება რაიმე საყდენთან; ცოცვის დროს შეუძლია უკან შემობრუნება; ცოცდება ზემოთ. ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება უყვარს მშობლებთან სახლოვეს თამაში; გაცნობიერებულად ირჩევს და იღებს სათამაშოს; რეაგირებს სხვა ბავშვების ქცევაზე, შეიძლება იტიროს, როცა სხვა ბავშვები ტირიან; შეუძლის ისწავლოს საკუთარი თავისა და სათამაშოების დაცვა; ხვდება ადამიანების ხასიათს; დამოუკიდებლად იწყებს თამაშს; იმეორებს მოქმედებებს, როცა მას აქებენ. ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება პოულობს მის თავლწინ დამალულ სათამაშოს; ბეზრდება ერთი და იგივე თამაში; შეუძლია გაიხსენოს რას თამაშობდა წინა დღეს; ასრულებს მარტივ თხოვნებს; აცნობიერებს რა არის ვერტიკალური სივრცე და ეშინია სიმაღლის. |