თქვენს ორგანიზმში გაჩნდა ახალი სიცოცხლე! ორსულობის პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც. “მეს” შინაგან, ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება. იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?” ნაცნობი შეკითხვებია არა?! ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი. ცვლილებათა კრიზისი მაშ ასე, ასრულდა თქვენი საწადელი და თქვენს ორგანიზმში გაჩნდა ახალი სიცოცხლე! ორსულობის პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც. “მეს” შინაგან, ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება. იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?” ნაცნობი შეკითხვებია არა?! ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი. ნუ შეეცდებით გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა ერთბაშად. გადადეთ ისინი განუსაზღვრელი დროით და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი თქვენს ჩაურევლადაც გადაწყდეს. ორსულობა-უნიკალური პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ თავს მისცეთ უფლება ნაკლებად რეაგირებდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებზე და ამ დროს სულაც არ უნდა შეგაწუხოთ დანაშაულის გრძნობამ უპასუხისმგებლო ქცევის გამო. გახსოვდეთ, რომ ქვეყანაზე ყველაზე დიდ მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტად ბავშვს თქვენი ყურადღება, გაგება და სიყვარული სჭირდება. მთავარია, ამ ეტაპზე მიიღოთ თქვენი ახალი მდგომარეობა. ეს კი ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ბავშვის გაჩენის მიღებას, მისი მოთხოვნილებების გაგებას. ანებივრეთ საკუთარი თავი და ნუ მოერიდებით სისუსტეების გამოვლენას იქნება ეს დღის მანძილზე წამოწოლა თუ თქვენი საყვარელი დელიკატესებით პირის ჩაგემრიელება. მიეცით ნება ორსულობა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში არა როგორც აკძალვების , არამედ როგორც ახალ შესაძლებლობათა პერიოდი. ფრაზა: “რა ცუდია ვეღარ შევძლებ ჩემი ვიწრო ჯინსების ჩაცმას!” უნდა შეცვალოთ შემდეგი ფრაზით: ”როგორც იქნა შევძლებ გარდერობის განახლებას!” საკმარისია შეცვალოთ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მაშინვე შეიგრძნობთ მომხდარი ცვლილებების სასიკეთო პერსპექტივას. გაღიზიანების გრძნობა ორსულობა ქალს ხდის ზედმეტად ემოციურს, მგრძნობიარეს, აგზნებადს. იოტისოდენა პრობლემასაც კი გამოყავს ის მდგომარეობიდან, არაფერი ახარებს. ექიმები ასეთ არამყარ ემოციურ მდგომარეობას ხსნიან ორგანიზმში მიმდინარე ბობოქარი ჰორმონალური ცვლილებებით. მოჭარბებული გაღიზიანება იმას ნიშნავს, რომ მომავალმა დედამ უნდა ისწავლოს რელაქსაცია (განტვირთვა). ეს მეტად საჭირო ცოდნა გამოგადგებათ მშობიარობის დროსაც და დადებითად იმოქმედებს თქვენს შემდგომ ცხოვრებაზეც. რელაქსაციის ყველაზე მარტივი სახეა-წყნარი მუსიკის ჩართვა, დაწოლა, მოხერხებულად განთავსება და საკუთარ სუნთქვაზე ფოკუსირება. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ამოსუნთქვაზე თქვენ გეუფლებათ განტვირთვის და სიმშვიდის გრძნობა. ორსული ქალის სულიერი მდგომარეობა იმდენად ბევრ ცვლილებას განიცდის, რომ მას შეიძლება გაუჩნდეს მარტოობის გრძნობა. ეს ემოციური მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალმა ღრმად ჩაიხედოს საკუთარ სულში, გაერკვიოს საკუთარ თავში და გააანალიზოს ცხოვრებისეული გამოცდილება ან თუნდაც მოახდინოს არსებულ ფასეულობათა გადახედვა. განმარტოების საათები გამოიყენეთ თვითშემეცნებისათვის, მაგრამ ძალიან არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობელ ადამიანებს, კითხეთ რჩევა ფსიქოლოგს. შთამბეჭდაობა იმ შემთხვევაშიც კი თუ ქალი ორსულობამდე მშვიდი ზნით გამოირჩეოდა, ამ დროს ძალზე ადვილად შეიძლება ჩავარდეს პანიკაში თავისი ექიმის აბსტრაქტული საუბრების გამო ორსულობის მსვლელობის შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით ან საკუთარი მშობიარობის შესახებ მეგობრის მიერ მონაყოლი ექსცენტრიული ისტორიის გამო. ზოგიერთი ფილმის სცენამ ან ახალმა ამბებმა (სატელევიზიო), სამსახურში უფროსის კრიტიკულმა შენიშვნამ შეიძლება საერთოდ გამოიყვანონ ქალი მდგომარეობიდან. მიეცით ემოციებს გამოხატვის საშუალება, თუ საჭიროა იტირეთ, შესჩივლეთ ახლობლებს და რაც მთავარია არ ჩაიდოთ წყენა გულში. გახსოვდეთ, რომ თქვენს შთამბეჭდაობას აქვს მეორე მხარეც-შანსი ახლებურად შეხედოთ სამყაროს. ორსულობისას ქალი როგორც ბავშვი ისე გრძნობს თავს და ინტერესით და გაოცებით შესცქერის სამყაროს, გამოიყენეთ ეს ახალი შესაძლებლობა დატკბეთ ცხოვრების მშვენიერი მხარეებით. თქვენი შთაბეჭდილებების წყალობით თქვენ ბავშვს გადასცემთ ინფორმაციას გარე სამყაროზე. თქვენი შთაბეჭდილებები მას მოუთხრობენ იმის შესახებ, კეთილია თუ ბოროტია გარე სამყარო, ლამაზი თუ უსახური, მხიარული თუ მოწყენილი. ამიტომ შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გქონდეთ კონტაქტი ბუნებასთან, ხელოვნებასთან და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია. მარტოობა ორსული ქალის გულში იმდენად ბევრი ცვლილება ხდება, რომ მან ამ გრანდიოზული გარდაქმნების ფონზე შეიძლება თავი მეტისმეტად მარტო იგრძნოს. მის ირგვლივ მყოფი ადამიანები იგივენი არიან, მხოლოდ ის შეიცვალა, თვითონ. მიუხედავად ამისა, მარტოობის განცდას აქვს დადებითი მხარეებიც: იძლევა საკუთარ გულში ჩახედვის, საკუთარ თავში გარკვევის შესაძლებლობას, ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის და შესაძლოა ფასეულობათა გადახედვის იშვიათ შანსს. გამოიყენეთ მარტოობის საათები თვითშემეცნებისთვის, მაგრამ ამასთან არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობელ ადამიანებს, რჩევა ჰკითხეთ ფსიქოლოგებს, დაელაპარაკეთ სხვა ორსულ ქალებს. და რაც მთავარია, დაიწყეთ ბავშვთან ურთიერთობა, ის ხომ ყველაზე ახლობელი ადამიანია თქვენთვის. როგორ ავარიდოთ თავი შესაძლო გაუგებრობას ორსულობის პერიოდმა შეიძლება ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს შესძინოს ახალი დადებითი იმპულსი, მაგრამ შეიძლება გაუგებრობაც გამოიწვიოს. ქალს ხომ სწორედ საყვარელი ადამიანისგან სჭირდება მხარდაჭერა ამ დროს. მაგრამ მამაკაცს უჭირს ცოლის ორსულობის პროცესში ჩართვა და ამის ისევე აღქმა, როგორც ქალს. ქმარს უფრო ცოლის ახალი უცნაურობები აღელვებს და ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებები მას ნაკლებად აინტერსებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად გულგრილია უახლოესი მოვლენების მიმართ, უბრალოდ მამაკაცები ამ ყველაფერს თავისებურად აღიქვამენ. შეეცადეთ ძალდაუტანებლად ჩაახედოთ თქვენი ახლობელი ადამიანი ორსულობის საკითხებში. მას სჭირდება მარტივი, კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება მოცემულ ეტაპზე. სთხოვეთ მას გამოგყვეთ ექოსკოპიის მორიგ სეანსზე. ზოგიერთი მამაკაცი იმის მერე, რაც საკუთარ პირმშოს იხილავს მუცლის შიგნით, მთლიანად იცვლის დამოკიდებულებას ცოლის ორსულობის მიმართ, თითქოსდა იჯერებს ბავშვის რეალურ არსებობას. ხშირად გამოიყენეთ ნაცვალსახელი “ჩვენ”: ეს კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ თქვენ უკვე აღარ ხართ მარტო. თავსმოუხვევლად უამბეთ ქმარს იმის შესახებ, თუ როგორ იქცეოდა პატარა დღის განმავლობაში. თუ დასაწყისში ამას მოსალოდნელი რეაქცია არ მოჰყვა, არ განაწყენდეთ და ქმარი გულგრილობაში არ დაადანაშაულოთ. უბრალოდ ბევრი მამაკაცი თავის ემოციებს ღიად არ გამოხატავს.
თუ გაგაჩნიათ ერთობლივი სურვილი, რომ ქმარი დაესწროს მშობიარობას, მან უნდა გაიაროს მომზადების შესაბამისი კურსები იმისათვის, რომ პასიური მოწმის როლი მისთვის აქტიური მონაწილის როლით შეიცვალოს. ის საჭირო მომენტში არა მარტო განუგეშებთ, არამედ შეგახსენებთ სწორი სუნთქვის საჭიროებას, მოგეხმარებათ მდგომარეობის შეცვლაში. ასეთი ქმედითი მონაწილეობა მშობიარობის დროს ეხმარება მამაკაცს გააცნობიეროს თავისი მამობა, ხოლო ქალისთვის შეუცვლელი მხარდაჭერის ტოლფასია.
მამაკაცისთვის სიახლე იმის შესახებ, რომ ის მალე მამა გახდება, თავიდან მასში იწვევს გაორებულ გრძნობას. ერთი მხრივ, ის გახარებულია, რომ ახალ არსებას მისცა სიცოცხლე, მეორე მხრივ – ეშინია ახალი როლის. მამობის შიში შეიძლება გაუჩნდეთ იმ მამაკაცებს, რომლებიც თავის დროზე თავს გრძნობდნენ არასასურველ შვილად.
ორსულობის პერიოდი – ეს სრულიად განსაკუთრებული დროა წყვილის ცხოვრებაში. მამაკაცს ძალიან უჭირს ცოლის მღელვარების ტალღაზე გადართვა. მისთვის ასევე ძნელია იმის გაგება, თუ რა ხდება ორსული ქალის ორგანიზმში, რადგან ის ბიოლოგიურად ვერ გახდება ორსული. და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი ფსიქოლოგიურად განიმსჭვალოს თავისი რჩეულის ორსულობით ისე, რომ მისი სულიერი რიტმები იყოს მეუღლის რიტმების თანხვდენილი. მაშინ ცხრა თვის მანძილზე მამაკაცი შეძლებს საკუთარი შვილის გაჩენისთვის მომზადებას, იმისდა მიუხედავად, დაგეგმილი იყო თუ არა ეს ორსულობა. წყვილის ცხოვრებაში უფრო მჭიდრო სულიერი და ფსიქოლოგიური კონტაქტის დასამყარებლად საჭირო იმპულსი სწორედ ქალისგან უნდა მომდინარეობდეს. ის არ უნდა ჩაიკეტოს საკუთარ თავში და ფიქრობდეს იმას, რომ ორსულობა მისი პირადი საქმეა. თუ ქალი შეეცდება იმას, რომ დამოუკიდებლად, პარტნიორის გარეშე გადაწყვიტოს წარმოშობილი პრობლემები, შეეცადოს გარდაქმნას საკუთარი თავი, ცხოვრების სტილი, მას საგრძნობლად გაუჭირდება. და მეტიც, მისი ამგვარი ქცევა მას დააშორებს ქმრისგან, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად და შესაბამისად, არ მისცემს მომავალ მამას ქმედითად დაეხმაროს მას იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებთანაც მას მოუწევს შეჯახება. გარდა ამისა, მამკაცს უნდა ესმოდეს, რომ ორსულობის პერიოდში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ორსულობა პირველია, ქალს შეიძლება არ სჯეროდეს საკუთარი ძალების, იყოს გულჩვილი. ამ პერიოდში მას მოფერება, მხარდაჭერა და მფარველობა სჭირდება. სწორედ ახლა სჭირდება მას განსაკუთრებული ყურადღება. მაგრამ ქალმა შეიძლება იქონიოს მამაკაცის გულწრფელი თანაგრძნობის იმედი ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ქმარს უყვება ყველაფერ იმას, რაც მის თავს ხდება. რაც უფრო გულახდილად უზიარებს ცოლ-ქმარი ერთმანეთს აზრებს, სურვილებს, მოსაზრებებს, შიშსა და მღელვარებას, მით უფრო ჰარმონიულად ჩაივლის ორსულობის 9 თვე. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება გააკეთოს მამაკაცმა ამ დროს – შეეცადოს მაქსიმალურად გააუმჯობესოს ფსიქოლოგიური ატმოსფერო ოჯახში. წინ ხანგრძლივი 9 თვე გელოდებათ და თუ არ გინდათ ფუჭი დროის კარგვა უსარგებლო განცდებზე, მამაკაცი შეიძლება თავადაც კარგად მოემზადოს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ცოლსაც გაუწიოს თანადგომა ორსულობის დროს და მშობიარობის წინ.

იმისათვის, რომ მამაკაცმა კარგად გაიგოს თუ რა ემართება ქალს ორსულობის დროს, მან მეტი უნდა იცოდეს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდში, როგორ მიმდინარეობს მშობიარობა, როგორ ევლინება სამყაროს ახალი ადამიანი. ამისათვის არსებობს შესაბამისი ლიტერატურა, ვიდეოფილმები, სადაც აღწერილია ბავშვის განვითარება დაბადებამდე. კიდევ უფრო უკეთესი, თუ წყვილი გაივლის მშობიარობისათვის მოსამზადებელ კურსებს, სადაც ისინი ძალიან სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას მიიღებენ ორსულობისა და მშობიარობის შესახებ და ეს მათ დაეხმარებათ ამ მნიშვნელოვანი მივლენების ფონზე საკუთარი როლის გაცნობიერებაში. უკვე რამოდენიმე მეცადინეობის მერე მათი ცნობიერება ნათდება და ადრინდელი შიში და გაურკვეველი მღელვარება ადგილს უთმობს მიმდინარე მოვლენების მწყობრ და ჰარმონიულ სურათს, სადაც უკვე ყველაფერი ნათელი და გასაგებია.
თუმცა არის მამაკაცების ისეთი კატეგორიაც, რომლისთვისაც არც ისე ადვილია ახალ გარემოებებთან შეგუება. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლა უკვე ერევა მესამე არსება, რომლის მიმართაც მომავალ მამას შეიძლება ჰქონდეს არაერთმნიშვნელოვანი გრძნობები: ეს შეიძლება ჰგავდეს ეჭვიანობას მომავალი კონკურენტის მიმართ; მამაკაცმა შეიძლება თავი იგძნოს ზედმეტად დედა-შვილის ორგანული კავშირის ფონზე და ასეთ შემთხვევაში მამაკაცი აუცილებლად გულახდილად და ტაქტიანად უნდა დაელაპარაკოს საკუთარ ცოლს თავის გრძნობებზე, რომ ბავშვის მოლოდინი ორივესთვის იყოს სიხარულის მომტანი და მისი დაბადება კი დიდი დღესასწაული. შუა ორსულობის პერიოდი – დროის ყველაზე შესანიშნავი მონაკვეთია მომავალი მშობლებისათვის. ამ მომენტისათვის ფიზიკურად და სულიერად ქალმა უკვე გადალახა ჰორმონალური ცვლილებები. ორივე მათგანი შეეჩვია ახალ გარემოებას. ცოლ-ქმრული ურთიერთობა ამ ეტაპზე იძენს სიღრმისეულ ხასიათს, დგება საუკეთესო პერიოდი თავისუფალი დროის ერთად გატარებისა დასვენებისათვის. მშობიარობისწინა პერიოდში განსაკუთრებით სასიამოვნო და ამასთან სასარგებლოა ბავშვთან საუბარი, მისთვის მღერა, ყურადღების გამოჩენა. მას ხომ შესანიშნავად ესმის ამ დროს თქვენი.
ორსულობა- საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ ცოლ-ქმარმა ისაუბროს თუ როგორ შეიცვლება მათი შემდგომი ცხოვრება, მათი როგორც მშობლების როლის შესახებ; კარგი იქნება თუ ისინი გაიხსენებენ ეპიზოდებს საკუთარი ბავშვობიდან, ამასთან დაკავშირებულ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს. მეტად მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც თუ როგორი ბავშვები იყვნენ თვითონ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ მშობლებთან. ამასთან, მიზანშეწონილია, თუ ისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რისი შეცვლა მოგინდებოდათ საკუთარ ოჯახში, რათა არ გაიმეოროთ თქვენი მშობლების მიერ დაშვებული შეცდომები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ხშირად მშობლების ოჯახში არსებული სტერეოტიპები გადმოიტანება საკუთარ ოჯახში და რიგი საკითხების მცდარი აღქმა აგრძელებს თავის შემდგომ ცხოვრებას. ახალბედა მშობლები ხშირად ისევე ექცევიან საკუთარ შვილებს, როგორც თავის დროზე ექცეოდნენ მათ მშობლები. მეტიც, ხანდახან მათ არ უნდათ ასე მოქცევა, მაგრამ ირთვება ქვეცნობიერების მექანიზმები და სტერეოტიპები მაინც აგრძელებენ მავნე მუშაობას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ წყვილი ერთობლივად და შეთანხმებულად გადაამუშავებს ამ ნეგატიურ მასალას, თუ ცოლ-ქმარი შეეცდება მოიშოროს ეს ტვირთი და გულწრფელად მოუნდება ახლებურად ურთიერთობის აწყობა ბავშვთან ერთად ურთიერთპატივისცემითა და ჰარმონიით აღსავსე ატმოსფეროში, გაერკვევა თავის ბავშვურ მოგონებებში და გააკეთებს შესაბამის დასკვნებს, ის შეძლებს უკვე ფესვგადგმული და ზოგჯერ გაუცნობიერებელი სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას.
მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი სპეციალური სამშობიარო კურსების სარგებლობას: ამ კურსებზე დასწრება ცოლ-ქმარს გაუწევს არა მარტო დიდ მორალურ მხარდაჭერას, არამედ მისცემს მათ შესაძლებლობას შეხვდეს და გაუზიაროს საკუთარი შთაბეჭდილებები, აზრები, შეგრძნებები ამ კურსების სხვა მსმენელებსაც, რითაც გაცილებით გაადვილდება თითოეული მათგანისათვის ამ პერიოდისათვის ტიპიური ბევრი საკითხის აღქმა. ერთი სიტყვით, ამგვარი კურსების გავლა დაეხმარება მომავალ მამას თავი იგრძნოს აქტიურ და სასარგებლო მონაწილედ იმ დიდი მოვლენისა, რასაც საკუთარი შვილის დაბადება ჰქვია.

მღელვარება ბავშვის ჯანმრთელობაზე

ხანდახან ორსული ქალი შიშით იხსენებს ყველა იმ რისკის ფაქტორს, რომელიც მას ორსულობის დასაწყისში აღმოუჩინეს და ამას მოჰყვება როგორც წესი მღელვარება იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ბავშვზე: მოსვენებას არ აძლევენ დალეული ჭიქა ღვინოს და მიღებული ასპირინის ფაქტები (მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი იყო ორსულობის ფაქტი), ფიქრები დაბინძურებული ჰაერის და სამუშაო კომპიუტერის მონიტორის შესაძლო გამოსხივებასთან დაკავშირებით.
არ ღირს რისკის ხარისხის გადაჭარბებული აღქმა. დაფიქრდით, რომ უსაფუძვლო მღელვარება გაცილებით უფრო საზიანოა თქვენი ბავშვისთვის, ვიდრე ის შეცდომები, რომლებიც თქვენს მიერ არის დაშვებული. თავს ნუ მისცემთ დანაშაულის გრძნობას, უმჯობესია იპოვოთ ხერხი, რომელიც გააწონასწორებს თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს იქნება ეს აქტიური გასვლები სუფთა ჰაერზე თუ დაბალანსებული კვება, ან კლასიკური მუსიკის მოსმენა. და კიდევ, შეეცადეთ ხშირად წარმოიდგინოთ ხოლმე თუ როგორი ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი ბავშვი გაგიჩნდებათ. ასეთი ფანტაზიები ძალიან დადებითად მოქმედებენ ბავშვის განვითარებაზე.

ორსულობის მახარობლები

მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ქალის ქვეცნობიერება ინფორმაციას ნაყოფის ჩასახვის შესახებ იღებს უკვე იმ მომენტში, როდესაც ის ხდება. სხვაგვარად, მომავალ დედას წარმოდგენაც არა აქვს, რა ხდება ამ დროს მის ორგანიზმში და მისი ფსიქიკა კი უკვე ახლა იწყებს გარდაქმნას ახალი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. ამ მდგომარეობაში ქვეცნობიერება (ინტუიცია, წინასწარმეტყველება, მეექვსე გრძნობა თუ გნებავთ) აგებინებს ქალს, რომ დროა შეცვალოს ცხოვრება, პატარას გაჩენას დაუწყოს ლოდინი და შესაბამისად იზრუნოს მასზე და საკუთარ თავზე.
ითვლება, რომ ჩვენი ფსიქიკა ამგვარ შეტყობინებას აგზავნის სიზმრების სახით. კერძოდ, ყველაზე გავრცელებული სიზმარი ამ დროს ასახავს სიუჟეტს, რომელშიც ქალი თევზს იჭერს ხელებით ან საერთოდ, სიზმარი, რომელშიც ფიგურირებს თევზი. ის, რომ ასეთი სიზმარი ესიზმრება ძალიან ბევრ ორსულ ქალს, არაფერია გასაკვირი – ქვეცნობიერება ამგვარად ნაყოფის ჩასახვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ყველაზე მოხერხებულ ფორმას პოულობს. იმდენად რამდენადაც “თევზის” სიზმრის შესახებ იცის ძალიან ბევრმა, ქვეცნობიერება “სთავაზობს” მას მომავალ დედას.
ქალს, რომელსაც ეჭვიც კი არ გასჩენია საკუთარ ორსულობაზე, ასევე შეიძლება დაესიზმროს რომ ის ორსულადაა, მშობიარობა, ან ჯერ არდაბადებული ბავშვი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოიწვევს ორსულობასთან მტკიცე ასოციაციას.
დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრების ნიშნებზე. ქვეცნობიერება ორსული ქალის ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენაზე ან საგანზე, რომელთა გამოჩენაც ორსულობის დადგომას ნიშნავს. ამგვარ საგნებზე და სიზმრებზე ყურადღების გამახვილება არა მარტო დასაშვებია, არამედ აუცილებელიცაა – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სულაც არ არის ცრუმორწმუნეობის მაჩვენებელი. მთავარია, არ გამოგეპაროთ ეს სიგნალი, დროულად მიაქციოთ მას ყურადღება, თუ ნაყოფის ჩასახვაზე არაფერია ცნობილი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ფაქტი დადასტურებულია, ისღა დაგრჩენიათ კიდევ ერთხელ განიცადოთ ამ მოვლენასთან დაკავშირებული სიხარული.

 
 
როდესაც ქალი იგებს, რომ მასში ჩაისახა ახალი სიცოცხლე, ის საოცრად დიდი ემოციების მოზღვავებას გრძნობს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება სრულიად უნდა შეიცვალოს.
ქვემოთ განვიხილავთ, თუ რა ეტაპებს გადის ქალის ემოციური მდგომარეობა ორსულობის გაცნობიერების პროცესში.


ეტაპი პირველი: უშუალო რეაქცია

ეს პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთის ან რამოდენიმე საათის განმავლობაში. რასაკვირველია, როდესაც ორსულობა დაგეგმილია და სასურველი, ქალის გრძნობები უფრო მოსალოდნელ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, ეს სიხარულია მისი გამოხატვის წყნარი ფორმებიდან ეიფორიამდე. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, გრძნობათა სპექტრი უფრო ფართოა – სასოწარკვეთიდან სიხარულამდე. სიხარულის გრძნობა შეიძლება განიცადოს ქალმა, რომელსაც დედობრივი ინსტინქტი ძლიერი აქვს; ამ შემთხვევაში მან შეიძლება იგრძნოს, რომ უკვე უყვარს ეს ბავშვი და ის მისთვის სასურველია, მოულოდნელობის მიუხედავად.

ეტაპი მეორე: გაცნობიერება და დაჯერება

მეორე ეტაპი შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს და სამ კვირას მიაღწიოს. ეს პერიოდი იმისთვისაა საჭირო, რომ ქალის ემოციები (როგორიც არ უნდა იყოს) დალაგდეს, მან ხელახლა მოიპოვოს განსჯის უნარი და დაგეგმოს თავისი მომავალი ცხოვრება. გრძნობათა სიძლიერე ჯერ ისევ ისეთია, თუმცა უკვე დაკლებას იწყებს. ის ქალებიც კი, რომელთა ორსულობაც დაგეგმილი იყო, აღნიშნავენ, რომ მაშინვე ვერ გააცნობიერეს დაორსულების ფაქტი.
თუ ორსულობა მოულოდნელია და ჯერჯერობით აღიქმება როგორც არასასურველი, შეეცადეთ იპოვოთ ამ სიტუაციაში დადებითი მომენტი. თუ საჭიროა-იტირეთ კიდეც, ოღონდ ნუ მიეცემით გაუთავებელ ცრემლისღვრას! ამ ეტაპზე შეეცადეთ მხარდაჭერა იპოვოთ ახლობელ ადამიანებში, მეგობრებში და პირველ რიგში – ბავშვის მამაში. სხვა ადამიანებთან საუბრები უფრო სწრაფად იძლევიან მომხდარის რეალურობის შეგრძნებას და მომავალის მიმართ იმედიანი განწყობის შექმნას უწყობენ ხელს.

ეტაპი მესამე: ახალი გრძნობების გაჩენა

ქალი, რომელმაც გააცნობიერა, რომ მის შიგნით ჩაისახა ახალი სიცოცხლე და გადაიტანა გრძნობების პირველი მოზღვავება, იწყებს იმის დაჯერებას, რომ ყველაფერი ეს რეალურია და იმსჭვალება ახალი გრძნობებით. თვით დაგეგმილი ორსულობის დროსაც კი შეიძლება წარმოიშვას დაბნეულობა, შიში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან ამ დროს ქალს უწევს მრავალი ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რაც დაგეგმილი ორსულობის დროს წინასწარი განხილვის საგანს წარმოადგენს.
მშფოთვარე მდგომარეობა – ეს ორსულობის ბუნებრივი თანამგზავრია და სულაც არ წარმოადგენს უსარგებლო გრძნობას. ის ქალს ეხმარება დაფიქრდეს ბევრ საკითხზე: შეიძლება თუ არა ახლა ისეთი რამ, რაც ადრე შეიძლებოდა? ღირს თუ არა ამა თუ იმ საკვების მიღება თუ უჯობესი იქნებოდა თავის შეკავება? მიზანშეწონილია თუ არა რაიმე დატვირთვა ორგანიზმზე თუ უმჯობესია თავს გავუფრთხილდეთ? ორსულობის პერიოდში ბევრ ქალს სწორედ ეს მდგომარეობა ეხმარება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამ მდგომარეობის: ეს ბუნებრივი რეაქციაა. მთავარია – დარჩეთ იმ სიტუაციაში, რომელშიც ამ გრძნობას მართავთ თქვენ და არა პირიქით.

ეტაპი მეოთხე: ემოციების სტაბილიზაცია

ამ ეტაპის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, რაოდენ სწრაფად ჩაიარეს წინა ეტაპებმა და იმის მაჩვენებელია, რომ მომავალმა დედამ დაიწყო ახალ სიტუაციასთან შეგუება და მზად არის თავისი ცხოვრება ახალი გარემოებების შესაბამისად გარდაქმნას. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება კვებასთან, დღის განრიგთან დაკავშირებული ახალი ჩვევები, ფორმირდება ახლებური დამოკიდებულება საკუთარი თავის და გარშემომყოფთა მიმართ. როგორც წესი, ეს ეტაპი გასხივოსნებულია ისეთი გრძნობით, როგორიცაა ჩუმი სიხარული.
აქედან გამომდინარე, ყველა ქალი გადის გარკვეულ ეტაპებს მას შემდეგ, რაც იგებს, რომ ის ორსულადაა. ეტაპების ცვალებადობა შეიძლება იყოს სწრაფი და პირველსა და მეოთხე ეტაპს შორის შეიძლება გაიაროს სულ რამოდენიმე დღემ, მაგრამ ხანდახან ის შეიძლება გაგრძელდეს მთელი პირველი ტრიმესტრის მანძილზე. ძალიან ბევრია ამ დროს დამოკიდებული ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით ბავშვის მამაზე.

 
 
ადამიანის ორგანიზმი ყველაზე რთულ მანქანაზე უფრო საკვირველი რამაა. ყოველდღე მილიონობით უჯრედი ნადგურდება მასში, მაგრამ ისინი ავტომატურად იცვლება ახლებით. თუმცა ზოგიერთი უჯრედი მუდამ ჩვენთან იმყოფება-ესაა ასობით მილიარდი აქტიური ნერვული უჯრედი, ანუ ნეირონები, რომლებიც ქმნიან თავის ქალის ქერქს.
ნეირონები ჩვილის დაბადებმდე ფორმირდებიან. ჩანასახის ტვინში წამში 250 000 უჯრედი ჩნდება. ამიტომ, ის, რაც მოსდის ადამიანის ტვინს მუცლადყოფნის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში სწავლის უნარის შემდგომი განვითარებისათვის. თუ ორსული ქალები ქრონიკულად არ ღებულობენ სათანადო სახის საკმარის საკვებს, მათ შეიძლება გაუჩნდეთ ბავშვი განუვითარებელი ტვინით, რომელშიც ჯანმრთელი ბავშვის ტვინთან შედარებით უჯრედები ორჯერ ნაკლები იქნება.
ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნებისმიერი ნაყოფის ტვინის უჯრედების რაოდენობა საშუალოდ იზრდება 250 000-ით, თუ იგი უზრუნველყოფილია კარგი კვებით.

კატეგორიულად აკრძალულია ორსულობისას სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები. თუ დედა ეწევა ერთ სიგარეტს, ნაყოფი ეწევა-ორს. მოწევისას დედა ჟანგბადს ართმევს შვილს მაშინ, როცა ის ასე მნიშვნელოვანია ტვინის უჯრედების ჩამოყალიბებისთვის. ალკოჰოლის მოხმარების შედეგად ვითარდება ”ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი”: ის იწვევს ტვინის ზომაში დაპატარავებას, დამახინჯებულ სახის ნაკვთებს, მოძრაობის ცუდ კოორდინაციასა და ჰიპერაქტიულ ქცევას.
ბავშვის დაბადების შემდეგ მისი კვება განაგრძობს ზეგავლენას ორგანიზმის ყველა უჯრედის ზრდაზე. ამასთან ხაზი უნდა გაესვას მიელინის ფენის წარმოქმნის უდიდეს მნიშვნელობას. მისი ნაწილი წამოიქმნება დაბადებამდე, კერძოდ, იმ ნერვული შენაერთების გარშემო, რომლებიც პასუხს აგებენ წოვით რეფლექსზე, ყვირილსა და თითების მოძრაობაზე.
მიელინის ფენის ფორმირება იწყება სხეულის ზედა ნაწილიდან და შემდეგ ვრცელდება ქვევით. ტვინის შიგნით მიელინის შრე იწყებს ფორმირებას კეფიდან შუბლისკენ. ამიტომ ჩვენ ხედვას უფრო ადრე ვსწავლობთ, ვიდრე ლაპარაკს და განსჯას: ხედვის ნერვული ცენტრი მდებარეობს ტვინში კეფის მხარეს, მეტყველების-წინა მხარისკენ, ხოლო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ლოგიკურ მსჯელობაზე-ტვინის წინა მხარეს. სწორედ ამიტომ სანამ ბავშვი სიარულს ისწავლიდეს, ის გამოსცემს ჯერ ბგერებს. იმისათვის რომ მიელინით დაიფაროს გრძელი აქსონები, რომლებიც გადასცემენ სიგნალს ფეხის წვივებს და ფეხების თითებს, საჭიროა გაცილებით მეტი დრო, ვიდრე იმ აქსონებისთვის, რომლებიც მიედინებიან ენისკენ და ხახისკენ.
მიელინისთვის საჭირო მასალის 75%-ს ჩვენი ორგანიზმი იღებს ცხიმებიდან, დანარჩენი 25%-ს ღებულობს ცილებთან ერთად. ორივე მათგანის საუკეთესო წყაროა დედის რძე. დედის რძე შეიცავს აგრეთვე სპეციალურ ანტისხეულებს, რომლებიც შეიწოვებიან კუჭ-ნაწლავის და სასუნთქი გზების მიერ და იცავს მათ ინფექციისაგან. დედის რძე იცავს ბავშვს აგრეთვე ყურის ინფექციებისაგან, ეგზემისაგან და ალერგიის სხვა სახეობებისაგან, ამასთან უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმს კალციუმით და ფოსფორით, რომლებიც საჭიროა ძვლების სწრაფი ზრდისათვის. ერთადერთი კომპონენტი, რომელსაც არ შეიცავს დედის რძე, ესა ვიტამინი D. ამიტომ პედიატრების რჩევით, მას დამატებით აძლევენ ბავშვებს. დედის რძის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას კარგად დაბალანსებული რძის ნარევები, ამასთან მათი შემადგენლობა მიახლოებული უნდა იყოს დედის რძესთან.
მრავალი გამოკვლევის შედეგები ამტკიცებენ მნიშვნელოვან კავშირს კვებასა და მოღვაწეობის სხვადასხვა სახეობებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ ტვინის განვითარებას.
იდეალურ შემთხვევაში, ტვინის განვითარება ადრეულ ასაკში ხორციელდება თანმიმდევრულად. ბავშვი უფრო ადრე სწავლობს ხედვას, ვიდრე ლაპარაკს. ცოცვას უფრო ადრე სწავლობს, ვიდრე სიარულს. სიარულს-უფრო ადრე, ვიდრე სირბილს. თუ ბავშვი გამოტოვებს ერთ-ერთ სტადიას-მაგალითად, ისწავლის სიარულს და არ სცდის ცოცვას-მას შეიძლება გაუჩნდეს პრობლემები სწავლისას.
როგორც თავად ნაყოფი, ბავშვის ტვინიც ნახტომისებურად ვითარდება. ეს ”ნახტომები” ძალიან დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, დაუხუჭეთ ერთი თვალი ორი წლის პატარას სულ რაღაც ერთი კვირით და ჩათვალეთ, რომ დაუზიანეთ ბავშვს მხედველობა. ეს ხდება იმის გამო, რომ განვითარებად ტვინში ამ დროს ყალიბდება ძირითადი მხედველობითი შენაერთები, რომლებიც მიმართულია თვალიდან ტვინის უკანა ნაწილში მდებარე მხედველობითი ცენტრისაკენ. ორი ცალკეული შენაერთი იბრძვის დომინირებისათვის. თუ თქვენ დაუფარავთ ბავშვს ერთ თვალს, მეორე თვალი გახდება დომინანტი. თუ თქვენ დაიფარავთ თვალს 20 წლის ასაკში, ეს არავითარ მნიშვნელობას არ იქონიებს, რადგან ამ ასაკისთვის ყველა ძირითადი შენაერთი უკვე წარმოქმნილია.
იგივე ემართება სმენასაც. ადამიანის შიგნითა ყური პატარა თხილისხელაა, მაგრამ შეიცავს იმდენ შენაერთს, რამდენსაც ქალაქის სატელეფონო სისტემა. გარდა ამისა, ყურში არის პაწაწინა დეტალი, რომელიც გამოიყურება, როგორც ლოკოკინა, მაგრამ მოქმედებს, როგორც პიანინოს კლავიატურა. მაგრამ პიანინოს აქვს 88 კლავიში, იმ დროს, როცა ყურის ლოკოკინა შეიცავს 20 000 მგრძნობიარე უჯრედს, რომლებიც აღიქვამენ ხმოვან იმპულსებს და გადასცემენ ტვინს.
სმენის რთული მექანიზმის მუშაობას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ენების შესწავლის დროს. როგორც მხედველობის შემთხვევაში, ძირითად ენობრივ შენაერთებს საფუძველი ეყრება სიცოცხლის პირველ წლებში. მაგალითად ინგლისური დიალექტები შეიცავს 40-44 ბგერას, ხოლო ყველა ძირითადი ევროპული ენა- დაახლოებით 70-ს. თუ სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვს ვასწავლით ამ ბგერების განსხვავებას, ასევე მათ წარმოთქმასა და გამოყენებას, იგი გაცილებით ადრე შეისწავლის ენებს, ვიდრე მოზრდილ ასაკში.
ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა სწავლობს მშობლიური ენის, მინიმუმ 2000 ძირითად სიტყვას. მაგრამ თუ მათ ცუდად ესმით, მათთვის რთულია ლაპარაკის სწავლა. და თუ ისინი ცუდად ლაპარაკობენ, მათ გაუჭირდებათ სწავლა.
ამაში მდგომარეობს იმის მიზეზი, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამები დიდ ყურადღებას უთმობენ არა მარტო კვებისა და მშობლების საგანმანათლებლო პროგრამებს, არამედ მხედველობისა და სმენის რეგულარულ შემოწმებას.
ადამიანის პიროვნება, მისი ნიჭი და უნარი განისაზღვრება იმით, თუ რას ჭამს, ფიქრობს და აკეთებს. 9 თვის განმავლობაში ბავშვის დაბადებამდე გამოჩენილი ზრუნვის შემდეგ, იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ათი წელი, რომლის დროსაც ყალიბდება პიროვნება და საუკეთესო საგანმანათლებლო და განმავითარებელი პროგრამები სწორედ ამ წლებზე აკეთებენ ყურადღების კონცენტრირებას.

 
 
ორსულობის დროს თქვენ შეიძლება საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ისეთი ნიჭი, რომელზეც ადრე არც გიფიქრიათ! და ეს შესანიშნავია, რადგან დედის შემოქმედება აუცილებლად აისახება ბავშვის განვითარებაზეც.
ბავშვის პირველი წარმოდგენები ცხოვრებაზე ყალიბდება ორსულობის პერიოდში დედის მიერ განცდილი შთაბეჭდილებებიდან. შემთხვევითი არაა, რომ სხვადასხვა ხალხის წეს-ჩვეულებებში არსებობს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ფეხმძიმე ქალი დადებით ემოციებს უნდა განიცდიდეს, მაშინ ბავშვი დაიბადება ლამაზი, ჯანმრთელი და ნიჭიერი.

როცა ქალი გატაცებულია ბუნებით ან მსოფლიო ფერწერის შედევრებით, უსმენს კარგ მუსიკას, დაკავებულია ხელსაქმით ან, უბრალოდ, ტკბება ცხოვრებით, ამით ბავშვიც გაიგებს, რა არის სილამაზე, სიხარული და ჰარმონია. ეს ცოდნა ეხმარება მას განვითარებაში და ამქვეყნად მოვლენაში. საკუთარი ორსულობისადმი სათუთი ემოციური დამოკიდებულება, გარემომცველი სამყაროს სიყვარული (რომელსაც თქვენი პატარა უნდა მოევლინოს) წარმატებული მშობიარობის საწინდარია.
ამჟამად არსებობს ბავშვის მუცლად ყოფნის განვითარების უამრავი მეთოდიკა. ისინი ასწავლიან ფეხმძიმეს, თუ როგორ უნდა ეზიაროს ხელოვნების სამყაროს, რომ ამან სარგებლობა მოუტანოს ბავშვს. ეს კონტაქტი არა მხოლოდ აღქმის საშუალებით ხდება, (მუსიკის მოსმენა, მუზეუმებსა და გამოფენებზე სიარული, ლექსების კითხვა) არამედ მომავალ დედას თვითონ შეუძლია გახდეს ”ხელოვნების ნიმუშის”ავტორი. მაშ რატომ ურჩევენ ფსიქოლოგები ქალს მაინცდამაინც ორსულობის დროს დაკავდეს ხელოვნებით?
პირველ რიგში, თქვენი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენით, ქმნით პირობებს იმისათვის, რომ თქვენი შვილი დაიბადოს გაცილებით მაღალი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალით.
გარდა ამისა, ასეთი საქმიანობის დროს იწყება ურთიერთობა ბავშვთან. თქვენ უფრო კარგად აღიქვამთ თქვენი შვილის სამყაროს სიმღერებით, ნახატებით და ხელსაქმით, სწავლობთ სიყვარულის გამოხატვას თქვენი შვილის მიმართ მის დაბადებამდე. ეს უნარ-ჩვევები ნამდვილად არ აღმოჩნდება ზედმეტი, როდესაც პატარა დაიბადება.
პრაქტიკულად ყველა ორსული ქალი განიცდის გაძლიერებული ემოციურობის განსაკუთრებულ პერიოდს. შემოქმედებითი საქმიანობა დაგეხმარებათ გააცნობიეროთ მიმდინარე ცვლილებები, გაითავისოთ ახალი შინაგანი განცდები, მოიშოროთ ნეგატიური ემოციები.
უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედებითი ატმოსფერა გარდაქმნის ქალის არა მხოლოდ შინაგან სამყაროს, არამედ ავსებს მის ცხოვრებას ახალი ნათელი შთაბეჭდილებებით, აფართობს მსოფლმხედველობას, აყალიბებს ნაყოფიერ ურთიერთობას საინტერესო ადამიანებთან.

 
 
ჩვენი სიზმრები არც თუ იშვიათად-ყველაზე საუკეთესო მრჩევლის, მოკარნახის და დამხმარის როლში გვევლინებიან. სიზმარი ჩვენი მეტად მგრძნობიარე სფეროს-ქვეცნობიერების მუშაობის გამოხატულებაა. თუ თქვენ რაღაც არ გახსოვთ, ან ცნობიერების დონეზეარ გესმით, სწორედ ქვეცნობიერება მოგაწვდით დროულ ხილვით სახებას, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ამიტომ კარგია, თუ შეეცდებით დაიმახსოვროთ სიზმრები და დილით, გაღვიძებისთანავე ჩაიწეროთ, რადგან ეს საკუთარი სულიერი მდგომარეობის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. რამდენადაც ორსულობის დროს ხდება სწორედ მხედველობითი სფეროს აქტივაცია, სიზმრებიც უფრო შთამბეჭდავი და შინაარსიანია, ვიდრე ორსულობამდე.

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს რეალისტური (რომლებც ჩვენს ცხოვრებისეულ სიტუაციებს ასახავენ) და სიმბოლური სიზმრები(რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს სურვილებთან და შიშის გრძნობასთან). ორსულ ქალთა უმრავლესობის სიზმრები შეფერილია მკვეთრი და ცოცხალი ფერებით, რაც ჰორმონალური გარდაქმნებით და მშობიარობამდელი განცდებით აიხსნება.
ორსულთა სიზმრებიდან ფსიქოლოგები გამოყოფენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რომლებიც ძირითადად დაორსულების პირველი კვირების მანძილზე შეიძლება მოევლინოს ქალს. მან ჯერ კიდევ არ იცის თავისი დაორსულების შესახებ და ინტუიციით კი უკვე ხვდება მასში მიმდინარე ცვლილებებს. ქალის ორგანიზმმა უკვე იცის ახლადჩასახული სიცოცხლის შესახებ და ტვინში სპეციფიკურ სიგნალებს აგზავნის.
რა სახის ინფორმაციის მიღება შეიძლება სიზმრებიდან ორსულობის დროს? დავუშვათ, გესიზმრებათ თქვენი მომავალი შვილი პატარა ასაკში- ეს ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ დედობისათვის.
მომავალი შვილი შეიძლება მოგევლინოთ ზრდასრული ადამიანის ან ახალშობილის სახით, რომელიც უკვე დადის, ლაპარაკობს და ამოსდის კბილები – ამგვარი სიზმარი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი დედობრივი სფერო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და თქვენ ფსიქოლოგიურად არ ხართ მზად მშობიარობისათვის. თქვენი ტვინი თავს არიდებს შიშის გრძნობას სიზმრის საშუალებით, სადაც ხდება ერთგვარი “მონტაჟი”: თქვენ ხდებით უკვე გაზრდილი შვილის დედა.
თუ თქვენი მშობიარობა დაგესიზმრათ, ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად მზად ხართ მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დაგესიზმროთ ჩქარი სვლა მანქანით ან ციცაბო მთიდან ქვემოთ სრიალი ( ესეც მშობიარობის სურათებია).
არსებობს სიზმრების ისეთი კატეგორია, რომლებიც რეალურ სიტუაციას პირიქით ასახავენ. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცდებით ამა თუ იმ საკითხში.
რასაკვირველია, ყველა სიზმარი არ გვაცნობებს პრობლემების შესახებ. თუ დაგესიზმრათ მშობიარობა და განიცადეთ სიმშვიდის გრძნობა, ან მშობიარობის დროს ყველა აზრი პატარას დასტრიალებდა- იმის მანიშნებელია, რომ მშობიარობისთვის მზად ხართ. თუ ამასთან ამგვარი სიზმარი შეფერილია მკაფიო და ცოცხალი ფერებით-ეს ნიშნავს, რომ ხართ კარგ ფიზიკურ ფორმაში, რაც თავის მხრივ თქვენს ჰარმონიულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს.
 
 
ზემგრძნობიარე დანადგარების გამოყენებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დი პიეტრომ და სხვა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის 32-ე კვირაზე-დაბადებამდე 2 თვით ადრე- ბავშვი იქცევა ზუსტად ისე, როგორც ახალშობილი. ეს გრძელდება შემდგომი 12 კვირის მანძილზე. მეცნიერების ბოლო გამოკვლევები გვაცნობენ, რომ9-ე კვირაზე ნაყოფს შეიძლება ასლოკინებდეს და რეაგირებდეს ხმამაღალ ბგერებზე. მეორე ტრიმესტრის ბოლოს მას უვითარდება სმენა. ნაყოფი გემოს უსინჯავს დედის საკვებს და პირველად უჩნდება “პირის გემო” კულტურულ-ეთნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე. სხვა გონებრივ ჩვევათა შორის ნაყოფმა შეიძლება განასხვავოს დედის ხმა უცნობი ადამიანის ხმისაგან, მოახდინოს რეაგირება ნაცნობ, მისთვის წაკითხულ ზღაპარზე.


ნაყოფის გემოვნებითი შეგრძნებები

ის ფაქტი, რომ მოზრდილ ადამიანებს უყვართ ცხარე წიწაკა და სუნელები, შესაძლოა იყოს დაკავშირებული მუცლადყოფნის პერიოდთან. 13-15-ე კვირაზე გემოვნების რეცეპტორები უკვე ისე გამოიყურებიან, როგორც მოზრდილ ადამიანებში და ექიმებმა იციან, რომ ის სითხე, რომელიც გარს არტყავს ემბრიონს, გემოთი მოგვაგონებს ქარის (ინდური სუნელი), ძირას, ნიორის, ხახვის და დედის საკვებში შემცველ სხვა სუნელების ნარევს.

ნაყოფის სმენითი შეგრძნებები

ჯერ დაუდგენელია, გრძნობს თუ არა ნაყოფი გემოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ესმის, ეჭვს არავისში არ იწვევს. 24-25-ე კვირაზე გაჩენილი ბავშვი რეაგირებს მის გარშემო მყოფ ბგერებზე, რაც ნიშნავს, რომ მისი სმენითი აპარატი უნდა ფუნქციონირებდეს მუცლადყოფნის პერიოდშიც. ბევრი ორსული ქალი გრძნობს უეცარ ბიძგებს მას შემდეგ, რაც კარები დაიხურა ან მანქანის ძრავა ამუშავდა.
დედის საშო არ წარმოადგენს წყნარ ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღწერილი ბგერები მასში არ აღწევენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც დედა ლაპარაკობს, ნაყოფის გულის რიტმი ნელდება, ის ამ დროს წყნარდება.

ნაყოფის მხედველობითი შეგრძნებები

მხედველობა ყველაზე ბოლოს ვითარდება. ნაადრევად შობილ ბავშვს შეუძლია სინათლის და ფორმების გარჩევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაყოფსაც იგივე შეუძლია. ისევე როგორც საშოში არ არსებობს აბსოლუტური სიჩუმე, ასევე არ არსებობს აბსოლუტური სიბნელე. იაპონური მეცნიერები გვამცნობენ ნაყოფის თავისებური რეაქციის შესახებ დედის მუცელთან სინათლის წყაროს გაჩენის შემთხვევებში.

ნაყოფის შემეცნებითი საქმიანობა

გრძნობის, ხედვის და სმენის უნარის გარდა, ნაყოფს გააჩნია შესწავლის და დამახსოვრების უნარი. საქმიანობის ეს ტიპები რუდიმენტული, ავტომატური და ბიოქიმიური რეაქციითაც კი იყოს შეიძლება იყოს გამოწვეული. მაგალითად, ნაყოფი იმის შემდეგ, რაც პირველად რეაგირებს გამღიზიანებელზე, ერთი და იმავე გამღიზიანებლის სისტემატური ზემოქმედების დროს თანთანობით წყვეტს ამის კეთებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედის ხმაზე რეაგირების დროს ნაყოფი იყენებს დამახსოვრების პრიმიტიული ხერხს, რომელსაც შემგუებლობა ეწოდება.
თუმცა ნაყოფი ავლენს კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს. 80-იან წლებში ფსიქოლოგიის პროფესორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატმა ენტონ ჯეიმს დი კასპერმა გრინსბოროს უნივერსიტეტიდან (ჩრდილოეთ კაროლინას შტატი) ჩაატარა გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დადასტურდა, რომ ბავშვმა შეიძლება შეცვალოს ძუძუს წოვის ტემპი იმ მუსიკის შესაბამისად, რომელსაც ის უსმენს ამ მომენტში. ამ გამოკვლევის დახმარებით, დი კასპერმა დაადგინა, რომ დაბადებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში ბავშვს უკვე შეუძლია განასხვავოს დედის ხმა სხვა ადამიანის ხმისგან. არც თუ ისე დიდი ხნის წინ დი კასპერმა დაასკვნა, რომ ახალშობილი უპირატესობას ანიჭებს იმ ზღაპრებს, რომელთაც უსმენდა ჯერ კიდევ დაბადებამდე (მაგალითად, “ჩექმებიანი კატა”, რომელიც ამ ექსპერიმენტის დროს იქნა გამოყენებული).
მეტსაც გეტყვით: ახალშობილები არა მარტო ანასხვავებენ დედის მეტყველებას სხვა ადამიანის მეტყველებისგან, არამედ დედის მეტყველების მელოდიკას და მის ელემენტებსაც კი იმახსოვრებენ. დადგინდა, რომ პატარებს უფრო მოსწონთ, როდესაც დედა ლაპარაკობს თავის მშობლიურ ენაზე და ნაკლებად რეაგირებენ, როდესაც ის ან სხვა ადამიანები საუბრობენ უცხო ენაზე.
ნაყოფის გულის რიტმის ცვლილებებზე დაკვირვების პროცესში, ფსიქოლოგმა, მეცნიერებათა კანდიდატმა ჟან პიერ ლეკანიუმ თავის პარიზელ კოლეგებთან ერთად დაადგინა, რომ ბავშვი უკვე მუცლადყოფნის პერიოდში არჩევს როგორც ხმის ტემბრს, ისე მეტყველების ელემენტებს: ის მშვიდდება ნაცნობი ზღაპრის ნაცნობი ხმით მოყოლის დროს.
ფაიფერი აღნიშნავს, რომ ნაყოფი რეაგირებს არა გარკვეულ სიტყვებზე, არამედ ხმის ტემბრის და ზღაპრის ტემპის ცვლილებაზე, მაგრამ დასკვნა იგივეა: ნაყოფს უკვე აქვს სმენის, დამახსოვრების, გაგებული ბგერების გახსენების უნარი და მას (ისევე როგორც ყოველ ჩვენთაგანს) მოსწონს კომფორტისა და სიმშვიდის შეგრძნება, რომელსაც განვიცდით ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის დროს.

ნაყოფის პიროვნება

საიდუმლო არ არის, რომ ბავშვები იბადებიან ხასიათის გარკვეული განმასხვავებელი თავისებურებებით, რომლებიც მათ ტემპერამენტს განსაზღვრავენ. თუ რა სახით და რა ეტაპზე ეყრება საფუძველი ნაყოფის ქცევის თავისებურებებს –ღრმა გამოკვლევების საგანს შეადგენს.
ნაყოფის ტემპერამენტის პირველი ოფიციალური გამოკვლევა ჩატარდა დი პიეტროსა და მისი კოლეგების მიერ 1996 წელს. მათ დააფიქსირეს ნაყოფის გულისცემა და მოძრაობითი აქტივობა 6-ჯერ (დაწყებული დაბადების 31-კვირიდან დაბადებამდე) და შემდეგ შეადარეს მიღებული შედეგები დაბადებისშემდგომი პერიოდის მონაცემებს (ექსპერიმენტში გამოიკვლიეს 100-მდე ბავშვი). აღმოჩნდა, რომ მუცლადყოფნის პერიოდში აქტიური ბავშვები დაბადების მერეც გამოირჩეოდნენ უფრო მეტი აღგზნებადობით. ის ბავშვები, რომელთაც ჰქონდათ ძილის და სიფხიზლის არარეგულარული რეჟიმი მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადების მერეც უარესად ეძინათ.
”ქცევა არ იწყება დაბადებით”,- ამბობს დი პიეტრო, – მას საფუძველი გაცილებით ადრე ეყრება და მისი განვითარება განსაზღვრულ კანონებს ექვემდებარება”. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს განვითარებაზე, არის ცხოვრების პირობები, რომლებშიც უწევს ნაყოფს არსებობა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერის ალსის აზრით, ნაყოფი დედისგან იღებს უდიდესი რაოდენობის ჰორმონებს, ამიტომ მის ქრონობიოლოგიურ რიტმებზე გავლენას ახდენს დედის ძილის და სიფხიზლის ციკლები, მისი საკვების მიღების განრიგი, მისი მოძრაობები.
დედის მიერ სტრესის ზემოქმედების ქვეშ გამომუშავებულმა ჰორმონებმაც შეიძლება იქონიონ დიდი მნიშვნელობა. დი პიეტრომ აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მეტად იმყოფება მომავალი დედა სტრესულ მდგომარეობაში, მით უფრო აქტიურია ნაყოფი და მით უფრო ადვილად აღგზნებადია. დი პიეტრო აღნიშნავს, რომ “გაცილებით მეტ სტრესს განიცდის ქალი, რომელიც მუშაობს”, “დღესდღეობით ქალები მუშაობენ თითქმის მშობიარობის დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის შესაძლო შედეგები ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი”.
ალსი ეთანხმება იმას, რომ მუშაობა შეიძლება დიდი სტრესის გამომწვევი იყოს, მაგრამ თან დასძენს, რომ ორსულობის პერიოდში ჰორმონები გვეხმარებიან როგორც დედის, ისე ნაყოფის სტრესის ბლოკირებაში. სტრესზე ინდივიდუალურ რეაქციებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. “ორსული ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მუშაობა, განსხვავდება იმ ქალისაგან, რომელმაც გადაწყვიტა არ იმუშაოს.” – განმარტავს ის. ასეთი ქალი ასევე განსხვავდება იმ ქალისაგან, რომელმაც იძულებულია იმუშაოს. დი პიეტროს გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნაკლებადუზრუნველყოფილი ქალის ნაყოფი ნაკლებად აქტიურია, გამოირჩევა უფრო სუსტი გულისცემით, ვიდრე საშუალო ფენის ქალის ნაყოფი. “გარდა ამისა, ნაკლებადუზრუნველყოფილი ქალი უფრო დიდი სტრესის ქვეშაა მუშაობის დროს, ვიდრე საშუალო ფენის ქალი”. – აღნიშნავს ის. დი პიეტრო გამოთქვამს ვარაუდს, რომ არაბალანსირებულმა საკვებმა და არასახარბიელო ეკოლოგიურმა პირობებმა ასევე შეიძლება მოახდინონ ზემოქმედება ნაყოფის გონებრივ განვითარებაზე.
მეცნიერებათა კანდიდატის, ბიოსტატისტიკოსის ბერნი დევლინის მიერ პიტსბურგის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ გენები, შესაძლოა უფრო ნაკლებად ახდენენ ზეგავლენას გონებრივი განვითარების კოეფიციენტზე და გვთავაზობს ძველი წარმოდგენების გადახედვას ამასთან დაკავშირებით.
მომავალმა მშობლებმა, რომელთაც სურთ დაეხმარონ თავიანთ მომავალ შვილს ფსიქიკური განვითარების პროცესში, უნდა გაითავისონ ის, რომ დაბადებისწინა პერიოდში ნაყოფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმალური კვებით, უნდა ვითარდებოდეს სტრესგარეშე პირობებში და ნარკოტიკების ზემოქმედების გარეშე.

 
 
როდესაც ქალი იგებს, რომ მასში ჩაისახა ახალი სიცოცხლე, ის საოცრად დიდი ემოციების მოზღვავებას გრძნობს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება სრულიად უნდა შეიცვალოს.
ქვემოთ განვიხილავთ, თუ რა ეტაპებს გადის ქალის ემოციური მდგომარეობა ორსულობის გაცნობიერების პროცესში.

ეტაპი პირველი: უშუალო რეაქცია

ეს პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთის ან რამოდენიმე საათის განმავლობაში. რასაკვირველია, როდესაც ორსულობა დაგეგმილია და სასურველი, ქალის გრძნობები უფრო მოსალოდნელ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, ეს სიხარულია მისი გამოხატვის წყნარი ფორმებიდან ეიფორიამდე. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, გრძნობათა სპექტრი უფრო ფართოა – სასოწარკვეთიდან სიხარულამდე. სიხარულის გრძნობა შეიძლება განიცადოს ქალმა, რომელსაც დედობრივი ინსტინქტი ძლიერი აქვს; ამ შემთხვევაში მან შეიძლება იგრძნოს, რომ უკვე უყვარს ეს ბავშვი და ის მისთვის სასურველია, მოულოდნელობის მიუხედავად.

ეტაპი მეორე: გაცნობიერება და დაჯერება

მეორე ეტაპი შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს და სამ კვირას მიაღწიოს. ეს პერიოდი იმისთვისაა საჭირო, რომ ქალის ემოციები (როგორიც არ უნდა იყოს) დალაგდეს, მან ხელახლა მოიპოვოს განსჯის უნარი და დაგეგმოს თავისი მომავალი ცხოვრება. გრძნობათა სიძლიერე ჯერ ისევ ისეთია, თუმცა უკვე დაკლებას იწყებს. ის ქალებიც კი, რომელთა ორსულობაც დაგეგმილი იყო, აღნიშნავენ, რომ მაშინვე ვერ გააცნობიერეს დაორსულების ფაქტი.
თუ ორსულობა მოულოდნელია და ჯერჯერობით აღიქმება როგორც არასასურველი, შეეცადეთ იპოვოთ ამ სიტუაციაში დადებითი მომენტი. თუ საჭიროა-იტირეთ კიდეც, ოღონდ ნუ მიეცემით გაუთავებელ ცრემლისღვრას! ამ ეტაპზე შეეცადეთ მხარდაჭერა იპოვოთ ახლობელ ადამიანებში, მეგობრებში და პირველ რიგში – ბავშვის მამაში. სხვა ადამიანებთან საუბრები უფრო სწრაფად იძლევიან მომხდარის რეალურობის შეგრძნებას და მომავალის მიმართ იმედიანი განწყობის შექმნას უწყობენ ხელს.

ეტაპი მესამე: ახალი გრძნობების გაჩენა

ქალი, რომელმაც გააცნობიერა, რომ მის შიგნით ჩაისახა ახალი სიცოცხლე და გადაიტანა გრძნობების პირველი მოზღვავება, იწყებს იმის დაჯერებას, რომ ყველაფერი ეს რეალურია და იმსჭვალება ახალი გრძნობებით. თვით დაგეგმილი ორსულობის დროსაც კი შეიძლება წარმოიშვას დაბნეულობა, შიში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. როდესაც ორსულობა მოულოდნელია, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან ამ დროს ქალს უწევს მრავალი ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რაც დაგეგმილი ორსულობის დროს წინასწარი განხილვის საგანს წარმოადგენს.
მშფოთვარე მდგომარეობა – ეს ორსულობის ბუნებრივი თანამგზავრია და სულაც არ წარმოადგენს უსარგებლო გრძნობას. ის ქალს ეხმარება დაფიქრდეს ბევრ საკითხზე: შეიძლება თუ არა ახლა ისეთი რამ, რაც ადრე შეიძლებოდა? ღირს თუ არა ამა თუ იმ საკვების მიღება თუ უჯობესი იქნებოდა თავის შეკავება? მიზანშეწონილია თუ არა რაიმე დატვირთვა ორგანიზმზე თუ უმჯობესია თავს გავუფრთხილდეთ? ორსულობის პერიოდში ბევრ ქალს სწორედ ეს მდგომარეობა ეხმარება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამ მდგომარეობის: ეს ბუნებრივი რეაქციაა. მთავარია – დარჩეთ იმ სიტუაციაში, რომელშიც ამ გრძნობას მართავთ თქვენ და არა პირიქით.

ეტაპი მეოთხე: ემოციების სტაბილიზაცია

ამ ეტაპის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, რაოდენ სწრაფად ჩაიარეს წინა ეტაპებმა და იმის მაჩვენებელია, რომ მომავალმა დედამ დაიწყო ახალ სიტუაციასთან შეგუება და მზად არის თავისი ცხოვრება ახალი გარემოებების შესაბამისად გარდაქმნას. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება კვებასთან, დღის განრიგთან დაკავშირებული ახალი ჩვევები, ფორმირდება ახლებური დამოკიდებულება საკუთარი თავის და გარშემომყოფთა მიმართ. როგორც წესი, ეს ეტაპი გასხივოსნებულია ისეთი გრძნობით, როგორიცაა ჩუმი სიხარული.
აქედან გამომდინარე, ყველა ქალი გადის გარკვეულ ეტაპებს მას შემდეგ, რაც იგებს, რომ ის ორსულადაა. ეტაპების ცვალებადობა შეიძლება იყოს სწრაფი და პირველსა და მეოთხე ეტაპს შორის შეიძლება გაიაროს სულ რამოდენიმე დღემ, მაგრამ ხანდახან ის შეიძლება გაგრძელდეს მთელი პირველი ტრიმესტრის მანძილზე. ძალიან ბევრია ამ დროს დამოკიდებული ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით ბავშვის მამაზე.

 
 
ორსული ქალის განცდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მშვენიერი გრძნობა ჩნდება მაშინ, როდესაც ქალი შეიგრძნობს ბავშვის მოძრაობას. ამ მომენტამდე მომავალ დედას უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ბავშვი, რომელსაც ის ატარებს, არსებობს მისგან დამოუკიდებლად. ორსულობის ფაქტის ყველა შესაძლო ხერხით დადასტურების მიუხედავად, მომავალი ბავშვის დამოუკიდებელი არსებობა შეიგრძნება მისი ამოძრავების შემდეგ. რაოდენ დიდი გრძნობების მოზღვავებას იწვევს პატარა არსების მიერ გამოწვეული პირველი ბიძგი! მომავალი დედა ამ დროს იმყოფება საკუთარი შეგრძნებების, ფიქრების და ფანტაზიების გარემოცვაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი პატარა, როგორ გამოიყურება, როგორ გრძნობს თავს, როგორი გაიზრდება. და თანდათანობით ჩნდება პირველი წარმოდგენა შვილის შესახებ, პირველი შეგნებული მოქმედებები მის მოთხოვნებთან და რეაგირების თავისებურებებთან დაკავშირებით, რომელთაც მომავალი დედა იღებს ჯერჯერობით ერთადერთი სახით – მოძრაობის ენის საშუალებით.
იმისათვის, რომ ნაყოფის ტვინი ნორმალურად განვითარდეს და ფუნქციონირებდეს, აუცილებელია საჭირო დონის ინტენსივობის მრავალრიცხოვანი სტიმულის ზემოქმედება – იქნება ეს ბგერა, სინათლე, შეხება, სუნი თუ გემო. სპეციფიკური შეგრძნებების აღქმა უკვე ჩამოყალიბებულია და უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა სტიმულზე რეაგირებას პატარა მოძრაობით ახდენს; ის მეტად ყლაპავს ნაყოფშორის სითხეს, თუ ის ტკბილია; ზურგს უქცევს არასასიამოვნო ბგერის წყაროს; განზე იწევს ექოსკოპიის ცივ აპარატთან ან ცივი წყლის ნაკადთან შეხებისას; ცდილობს მიეკრას დედის ხელს, როდესაც მას ხელი მუცელზე უდევს; გაიტრუნება, თუ დედის მუცელზე მამას უდევს ხელი და ისმის მისი დაბალი ხმა.
პირველ ტრიმესტრში ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს წარმოდგენა “კომფორტზე” : როდესაც პატარა აღმოაჩენს, რომ მოძრაობის საშუალებით მას თვითონ შეუძლია სტიმულაციის ინტენსივობის რეგულირება (მაგალითად, კატის ხმაზე დედის მუცლის კედელთან მიახლოება ან ხმამაღალი ბგერებისგან მოშორება), ამ შემთხვევაში ის გარკვეულწილად ხდება თავისი ცხოვრების “ბატონ-პატრონი”.
მუცლადყოფნის დროს ბავშვის მთავარი ამოცანაა განვითარება. ამისათვის მას სჭირდება კვება და ინფორმაცია. თუ ის საკვებსა და ჟანგბადს არასაკმარისი რაოდენობით იღებს (დედა შეუძლოდაა ან მშიერია, ან იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, რაც საშოს ხშირ შეკუმშვებს იწვევს) ბავშვი დაიწყებს მოძრაობას იმისათვის, რომ მიიღოს სისხლის საჭირო რაოდენობა და მასთან საკვები და ჟანგბადი. ბავშვის ამ აქტიური მოქმედების შედეგად დედა დატოვებს დახუთულ შენობას ან შეეცდება დაიკმაყოფილოს შიმშილის გრძნობა. ორსულობის მეორე ნახევრიდან ბავშვს ტვინი უკვე იმდენად აქვს განვითარებული, რომ დედის ემოციურ მდგომარეობაზე რეაგირება შეუძლია თავისი აქტივობის ცვლილებით. 26-27 კვირიდან პატარას უკვე სახის კუნთების შეკუმშვით-უნებლიე მიმიკით შეუძლია ამაზე რეაგირება. თუ ბავშვმა “ჩათვალა”, რომ ეს არ არის საკმარისი, მაშინ “საქმეს თვითონ კიდებს ხელს”.
დავუშვათ, დედა დაწვა დასაძინებლად – შეწყდა ჩვეული სასიამოვნო რხევის შეგრძნება. რამოდენიმე ბიძგი და დედა გადაბრუნდა. რხევა გაგრძელდა. შესანიშნავია! მზარდი ორგანიზმისთვის მოძრაობა – ეს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის ხერხი და უბრალოდ საჭიროებაა, რომელიც მისი დაბადების მერეც აქტუალურია. სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ყველაზე დიდ აქტივობას ბავშვი ავლენს ორსულობის 24-ე და 28-30კვირაზე. დღე-ღამის მანძილზე მან შეიძლება შეასრულოს 200-დან 500-მდე სხვადასხვა მოძრაობა. ორსულობის უფრო გვიანდელ სტადიებზე ბავშვის აქტივობაში შეიძლება უკვე მკვეთრად გამოიყოს დასვენების და მოძრაობის, ძილის და სიფხიზლის საათები. თბილისში 16-ედან 30 –ე კვირამდე ორსული ქალებისა და მათი პატარების ბიოლოგიური რიტმების გამოკვლევა ჩატარდა. გამოვლინდა პატარების დიდი აქტივობა საღამო და ღამის საათებში: აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით აქტიურები პატარები არიან 19 საათიდან 4 საათამდე, ხოლო “დასვენების საათები” ეწყებათ დილის 4-საათიდან და უგრძელდებათ 9 საათამდე.

რას გრძნობს დედა

ყველაზე უფრო ხშირად ნაყოფის პირველ მოძრაობას დედა შეიგრძნობს საღამო საათებში, დასაძინებლად წასვლის წინ. ჩვეულებისამებრ, ეს ხდება ორსულობის 16-ე და 20-ე კვირას შორის. თუ ორსულობა პირველია, ქალმა ბავშვის მოძრაობა პირველად შეიძლება იგრძნოს 19-ე და 20-ე კვირას შორის; თუ ორსულობა განმეორებითია, ან მომავალი დედა ნაზი აღნაგობისაა, მან ბავშვის მოძრაობა შეიძლება შეიგრძნოს უფრო ადრეც – 16-ე-18-ე კვირაზე. B ბავშვის პირველი მოძრაობა მოგვაგონებს პეპლის ფრთების შეხებას ან ნაზ ღიტინს. თანდათანობით მოძრაობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება და ხდება უფრო გამოხატული. ნაყოფის ზრდასთან ერთად ის ღებულობს ბიძგის სახეს. ხანდახან პატარა “ითვისებს” რომელიღაც ახალ მოძრაობას. დროის თანაბარ შუალედებში მრავალჯერადი ბიძგების გამეორებით ის თითქოსდა “სრულყოფს თავის ტექნიკას”.
ხანდახან ბავშვის მოძრაობა შეიძლება იწვევდეს უსიამოვნო შეგრძნებებს. მათი გაჩენის შემთხვევაში მომავალმა დედამ ექიმს უნდა მიმართოს. თუ ტკივილის შეგრძნებები ჩნდება ზოგიერთი მდგომარეობის დროს ან მუცლის ზოგიერთ უბანში, შეეცადეთ შეიცვალოთ პოზა. ხანდახან ამას შველის თბილი აბაზანის მიღება (არა ცხელი) არა უმეტეს 7-10 წუთის განმავლობაში. თუმცა ძირითადად უხერხულობის გრძნობას იწვევს შეუფერებელ დროს ბავშვის ზედმეტი აქტიურობა, განსაკუთრებით დედის დასვენების საათებში. ხშირად ბავშვს შეიძლება არ მოსწონდეს, რომ დედა დაწვა არა იმ გვერდზე, რომელზეც მას უნდა: და თუ დედის გვერდი არ დაემთხვევა მის ზურგს, მაშინ იწყება ნამდვილი “დისკოთეკა”. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დალიოთ თბილი რძე ან პიტნის, გვირილის ნაყენი, გაანიავოთ ოთახი, უმღეროთ სიმღერა, ნაზად შეეხოთ მუცელს ან შეეცადოთ “მოელაპარაკოთ დაუდგრომელ პატარას არსებას”.
მომავალ დედასა და შვილს შორის ურთიერთქმედების საკითხის დასარეგულირებლად ბავშვთა ექიმმა ფრანც ვოლდმანმა შეიმუშავა ე.წ. “პრენატალური სწავლების” მეთოდი, ან ჰაპტონომია. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დედა თვალყურს ადევნებს, აკვირდება თავის მდგომარეობას (ფიზიკურს, ემოციურს) და ბავშვის მოძრაობით აქტივობას. ამასთან ცდილობს საკუთარ მოძრაობებზე გამოიწვიოს ბავშვის შესაბამისი პასუხი ( მაგალითად, ორსულობის შუა პერიოდში ნაყოფი მკაფიოდ რეაგირებს დედის ხელის შეხებაზე). რამოდენიმეკვირიანი “სწავლების” შემდეგ (რომელიც გამოიხატება მუცლის გარკვეულ ადგილას ხელის რიტმულ დაკვრაში) ბავშვი პასუხობს მოძრაობით, რომელიც უშუალოდ მიმართულია დედის ხელისაკენ. ამგვარი ხერხით შეიძლება არა მარტო ბავშვის გამოწვევა კონტაქტზე, არამედ მისი დამშვიდებაც.
ჰაპტონომიის მეთოდი დედას აძლევს იმის საშუალებას, რომ ნათლად განასხვავოს ბავშვის მოძრაობითი აქტივობის ხასიათი და უშეცდომოდ განსაზღვროს მისი ემოციური მდგომარეობა. არის თუ არა აუცილებელი ბავშვის მოძრაობის კონტროლირება? ვფრიქობ, ორსულობის ნორმის ფარგლებში მიმდინარეობის შემთხვევაში, ეს არ არის აუცილებელი. ერთი საათის განმავლობაში პატარა ახორციელებს 10-15 მოძრაობას. სამი საათის განმავლობაში მას აქვს უფლება იძინოს და თითქმის არ იმოძრავოს, მაგრამ თუ ბავშვი ზედმეტად აქტიურია რამოდენიმე დღის განმავლობაში ან პირიქით, ბოლო დღეების მანძილზე შეიმჩნევა მისი აქტივობის შესუსტება, მომავალმა დედამ უნდა მიმართოს თავის მეან-გინეკოლოგს. არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია ბავშვის აქტივობაზე სისტემატური დაკვირვების წარმოება.

 
 
მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის და მედიცინის ახალი დარგი – პრენატალური განვითარება და აღზრდა. შეიქმნა ახალი სამედიცინო აპარატურა (ულტრაბგერა, ბოჭკოვანი ოპტიკა), გაჩნდა ნაყოფის ქცევასა და მის მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა. კალიფორნიელმა მეანმა ვან დე კარმა შეიმუშავა ორსულ ქალთან და ნაყოფთან მუშაობის მეთოდები. მან გამოიყენა მუცლის ღრუზე ტაქტილური ზემოქმედება. ორსული ქალი ნაზად იტყაპუნებდა და იჭერდა მუცელზე ხელს და ამ დროს განმეორებით იძახდა ერთმნიშვნელოვან სიტყვებს. ეს სპეციალური სავარჯიშოები სრულდებოდა ყოველდღიურად 15-20 წუთის განმავლობაში. ვან დე კარის აზრით, ამგვარად, შეიძლება შევუწყოთ ხელი ნაყოფის უფრო ინტენსიურ ინტელექტუალურ განვითარებას.
მშობიარობამდელი მომზადების ამერიკელი სპეციალისტი ბრენტ ლოგანი 80-იან წლებში დაკავებული იყო ნაყოფზე ბგერითი ზემოქმედების შესწავლით. ორსული ქალები ისმენდნენ გარკვეული მუსიკალური ნაწარმოებების და გულის რიტმის ჩანაწერებს, რომელთაც ჰქონდათ განსხვავებული ხასიათი (ბგერის სიმაღლე და სიხშირე იცვლებოდა). ამგვარად, ხდებოდა ბავშვის ფსიქიკური განვითარების სტიმულირება.
80-იანი წლების ბოლოს ორსულმა ქალებმა დაიწყეს მუსიკის მოსმენა აუდიოფლეერის საშუალებით, ამასთან ყურსაცვამებს ათავსებდნენ მუცელზე იმისათვის, რომ პატარებსაც მოესმინათ მუსიკა. ამ დროს ექიმები ექოსკოპიის საშუალებით აკვირდებოდნენ ნაყოფის მოძრაობას, საზღვრავდნენ მისი გულის რიტმს.
კიდევ უფრო ადრე საფრანგეთში არსებობდა მიშელ ოდენის ე.წ. “მომღერალი” სამშობიარო სახლი. იქ ტარდებოდა საგუნდო სიმღერების მეცადინეობები, რომლებსაც მომავალი დედები და მამები ესწრებოდნენ. ითვლებოდა, რომ საგუნდო სიმღერა აუმჯობესებს მომავალი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას და კერძოდ, ამაგრებს მის ნერვულ სისტემას. ამის წყალობით კი დედები შობენ ჯანმრთელ და მშვიდ შვილებს. მიშელ ოდენმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ თუ მამა სისტემატურად ელაპარაკება ბავშვს ცოლის ორსულობის დროს, პატარა დაბადებისთანავე სცნობს მის ხმას.

იავნანა . . . მუცლისათვის

მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვები უკვე მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვანაირად რეაგირებენ სხვადასხვა მუსიკაზე. მათ სტრუქტურირებული მელოდიები მოსწონთ (ვივალდი, მოცარტი, ხალხური მუსიკა, საბავშვო სიმღერები). ნაკლებად მოსწონთ დაბალი რეგისტრის ბგერები (ბეთჰოვენი, ბახი, ლისტი). ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ თვითონ უმღერებთ ხოლმე თქვენს პატარას. გაიხსენეთ იავნანა და საბავშვო სიმღერები, რომლებსაც შესაძლოა ბავშვობაში გიმღეროდათ დედა. შემჩნეულია, რომ პატარა შეიძლება შევაჩვიოთ დაძინებისწინა რიტუალს. ამისათვის საჭიროა დედამ სისტემატურად დაიცვას გარკვეულ მოქმედებათა თანმიმდევრობა, მაგალითად: ვახშამი, შხაპი, ძილისპირული. არსებობს იმის ალბათობა, რომ ამგვარი რიტუალი, რომელსაც პატარა გაეცნობა დაბადებამდე, მას დაეხმარება მომავალში დამშვიდდეს და ადვილად დაიძინოს.

როგორ მიმდინარეობს კონტაქტი?

ზოგიერთი ორსული ქალი სკეპტიკურად უყურებს ბავშვთან ურთიერთობას დაბადებამდე, რადგან თვლის, რომ, შეუძლებელია გაიგო რას გრძნობს პატარა დედის მუცელში. ზოგიერთი მათგანი კი ყოველდღე ცდილობს ბავშვთან ლაპარაკს და ცდილობს მის გაგებას. ვის მხარეზეა სიმართლე? ამ კითხვაზე პასუხს საკუთარ თავს მხოლოდ თქვენ თვითონ გასცემთ.
ორსული ქალის ფსიქოემოციური მდგომარეობის ცვლილების დროს მის სისხლში გამოიყოფა ესა თუ ის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. იმდენად რამდენადაც ბავშვი დედასთან ერთად შეადგენს ერთ ორგანიზმს, დედის ყოველი ნეგატივი მაშინვე აისახება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ ორსული ქალების ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის მშობიარობისათვის მზადების სხვადასხვა ცენტრებში მათ შემოქმედებით საქმიანობას სთავაზობენ. კერძოდ, საუბარია ცეკვა-სიმღერაზე, არტ-თერაპიაზე (ხატვა, ძერწვა და სხვ.). სპეციალისტები თვლიან, რომ ამგვარი საქმიანობის დროს იწყება ბავშვთან ურთიერთობა. ამ თვალსაზრისს არ შეიძლება არ დაეთანხმო. სიმღერების, ნახატების და სხვადასხვა ნამუშევრების საშუალებით მომავალი დედები სწავლობენ საკუთარი შვილის მიმართ სიყვარულის გამოხატვას ჯერ კიდევ დაბადებამდე. მერწმუნეთ, რომ ეს უნარ-ჩვევები არ იქნება ზედმეტი ბავშვის დაბადების მერეც. მითუმეტეს, რომ პრაქტიკულად ყოველი ორსული ქალი გადის მზარდი ემოციური აღმავლობის პერიოდს. საკუთარი ემოციების ქაღალდზე გადატანის დროს შეიძლება მომავალი ბავშვის ირგვლივ შექმნილი შიშისა და სხვადასხვა ნეგატიური განცდებისაგან გათავისუფლება და მიმდინარე ცვლილებათა გაცნობიერება.
არ დაგავიწყდეთ, რომ მამასაც აქვს შანსი გაეცნოს პატარას დაბადებამდე. მას ესმის მამის ხმა, ის ემოციები, რომლებითაც შეფერილია დედ-მამის ურთიერთობა.
მომავალო მამებო! ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკუთარ ცოლსა და შვილზე ზრუნვის და ურთიერთობის დროს თქვენ თითქოსდა მას აძლევთ სიგნალს: “ჩვენ გელოდებით და ჩვენი მოლოდინი სიხარულითაა აღსავსე!” სამყაროს მიმართ ინტერესს უკვე ახლა შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი და მას შემდეგ რაც თქვენი პატარა მოევლინება ამ ქვეყანას, ის თვითონ მოინდომებს სამყაროს შეცნობას. შემჩნეულია, რომ ის მამები, რომლებიც საკმაოდ ხშირად ურთიერთობენ ბავშვთან დაბადებამდე, შემდგომში უკეთ ესმით საკუთარი შვილის და ადვილად ამყარებენ მასთან კონტაქტს.
ოდითგანვე აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., ძველ ჩინეთსა და კორეაში) ითვლებოდა, რომ დაბადების დღეს ბავშვს უკვე უსრულდებოდა 9 თვე, რადგან ადამიანის ასაკი აითვლებოდა არა დაბადების, არამედ მისი ჩასახვის დღიდან. იაპონიაში მომავალი დედები ცხოვრობდნენ სპეციალურ დასახლებაში, რომელიც არნახული სილამაზის ლანდშაფტით გამოირჩეოდა. საგანგებოდ შერჩეული ქალი მასწავლებლები იყვნენ დაკავებული მათი ესთეტიკური და მუსიკალური განათლებით. უძველესი დროიდან დღემდე აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ორსული ქალებისათვის სპეციალური ცეკვების და რიტმული მოძრაობების გამოყენება.

ვის სჭირდება ეს?

მაშ ასე, ბავშვთან ურთიერთობა დაბადებამდე სჭირდება როგორც მას, ისე მომავალ მშობლებს. ამ სახით ბავშვი იღებს თავისი განვითარებისათვის საჭირო ახალ სტიმულებს, და რაც მთავარია – სითბოს, მოფერებას და მომავალი დედ-მამის ზრუნვას.
ბუნება ბრძენია და ის ფაქტი, რომ ორსულობა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს, არ არის შემთხვევითი. ამ ხნის განმავლობაში ქალი ეჩვევა თავის პატარას და ცდილობს გაუგოს მას. ქალს შეუძლია ისწავლოს საკუთარი სხეულის ენა, რაც მშობიარობის დროს მას აუცილებლად დაეხმარება. და რაც მთავარია, ის სწავლობს პატარას სიყვარულს. ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და ჩვენ უკვე გვიყვარს და ვუგებთ, არ ვცდილობთ მის გადაკეთებას. ჩვენ ვსწავლობთ მის სიყვარულს ყველაფრისდა მიუხედავად, ვსწავლობთ დედობას და მამობას, ურთიერთობას!
თუ დედა ყურს უგდებს თავის პატარას, იცის როგორ მიიღოს ის და გაიგოს მისი – ეს მათი წარმატებული მომავალი ურთიერთობის საწინდარია. თქვენ ახლა ბავშვისთვის წარმოადგენთ მთელ სამყაროს, სწორედ თქვენი შეგრძნებების საშუალებით შეიცნობს ბავშვი მას. დაეხმარეთ ამაში და დაე, პატარამ იცოდეს, რომ ამ სამყაროში ის უყვართ და ელიან!

 
 
ბოლო წლებში დაბადებამდე პატარასთან ურთიერთობა ფართო განხილვის საგნად იქცა. იწერება წიგნები, იხსნება კურსები, ხდება ახალი მეთოდიკების ათვისება… მიდის საუბრები არა მარტო ნაყოფის განვითარების დიაგნოსტიკაზე, არამედ პრენატალურ ფსიქოლოგიაზე და პრენატალურ აღზრდაზეც კი – ბავშვის აღზრდაზე დაბადებამდე. მეცნიერება წინ მიდის და დღეისათვის ემბრიონის განვითარებაზე ძალიან ბევრი რამ გახდა ცნობილი. თუმცა ბავშვთან დაბადებამდე უთიერთობის საკითხი დღესაც ძალზე აქტუალურია და ბოლომდე არ არის შესწავლილი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმის გაგება, თუ ვისთან ვურთიერთობთ. საამისოდ კი უნდა წარმოვიდგინოთ თუ როგორ ხდება ბავშვის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში.დღეს უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ ახალშობილი ამ სამყაროს ევლინება შთაბეჭდილებების დიდი მარაგით. ის შეგრძნებებს გრძნობის ყველა ორგანოს საშუალებით იღებს. ახალშობილს გააჩნია გრძნობის ხუთივე ორგანო: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხების და გემოს შეგრძნების ორგანოები.
ამ ეტაპზე უკვე საკმაოდაა შესწავლილი კვირების მიხედვით მუცლადყოფნის პერიოდში პატარას განვითარება. მესამე კვირის ბოლოდან მას უკვე უცემს გული
მეხუთე კვირაზე იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის განვითარებაში: იწყება ტვინის ქერქის ხვეულების ფორმირება, რაც მომავალში მზარდ ორგანიზმს მისცემს მოძრაობის, აზროვნების, ლაპარაკის, შემოქმედების საშუალებას.
მეცხრე კვირაზე ნაყოფის ენაზე უკვე ჩნდება გემოვნების რეცეპტორები და მას შეუძლია გაარჩიოს მის ირგვლივ არსებული სანაყოფე სითხის გემო და მოახდინოს მასზე რეაგირება.
მეათე კვირაზე მგრძნობიარე ხდება კანის მთელი ზედაპირი.
მეათე-მეთერთმეტე კვირა-ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი გარკვევით გრძნობს შეხებას, სითბოს და სიცივეს, ტკივილს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მან უკვე იცის ამ იმპულსებზე რეაგირება. თუ შეგრძნებები მისთვის უსიამოვნოა, ის იცვლის მიმიკას.
მეთექვსმეტე კვირაზე ბავშვს უვითარდება სმენა. თავიდან მას დედის სხეულის ბგერები ესმის: გულისცემა, სისხლის ხმაური, პერისტალტიკის ბგერები. ის მათ დახშული სახით ღებულობს, რადგან ეს ბგერები წყლის გარემოს გავლით აღწევენ ბავშვამდე. შემდგომში ბავშვი ნელ-ნელა იწყებს გარე ბგერათა გაგონებასაც. დადგენილია ის ფაქტი, რომ მას შეუძლია ცალკეულ ბგერათა “დამახსოვრება” , ხმათა გარჩევა. ამ ეტაპზე ნაყოფს განვითარებული აქვს მგრძნობიარობის თითქმის ყველა ფორმა.
მეთვრამეტე კვირაზე კვირაზე ბავშვი თითებით ეხება ჭიპლარს, ამოძრავებს ხელებს, ეხება სახეს და ხელებით იფარავს მას უსიამოვნო ბგერების გაგონებაზე.
დაახლოებით მეოცე კვირაზე დედა გრძნობს პატარას მოძრაობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ხომ თქვენს პატარასთან პირველი შეხვედრაა-სხეულისმიერი კონტაქტი!
ორსულობის მეექვსე თვეზე ბავშვს ესმის, გრძნობს გემოს. ის რეაგირებს მაშინ, როდესაც თქვენ მუცელს ხელს შეახებთ.
მეცხრე თვეზე პატარას უვითარდება მხედველობა.

მაშ ასე, ჩვენ მოკლედ გავეცანით ნაყოფის გრძნობის ორგანოთა განვითარების საკითხს მუცლადყოფნის პერიოდში. სწორედ ამ ცოდნას ემყარება ბავშვთან დაბადებამდელი ურთიერთობის სხვადასხვა თეორია.